Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის"


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობა! "ახალგაზრდული პროგრამის"

დღევანდელ გადაცემას ცასა და მიწას შორის გავყოფთ. ჯერ გაგაცნობთ 22 წლის სოფო თვარაძეს, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ ჰიმალაის მთებში 6856 მეტრიანი მწერვალი ამა-დაბლამი დალაშქრა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სოფო არის პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, ვინც ჰიმალაიში სერიოზულ სპორტულ წარმატებას მიაღწია. სოფო თავად მოგითხრობთ იმაზე, თუ რა შეგრძნება დაეუფლა მაშინ, როცა 6856 მეტრიან მწვერვალზე დადგა - იქ, საიდანაც ასე ახლოს იყო ყველაზე მაღალი და ალპინისტებისთვის ყველაზე სანატრელი მწვერვალი ევერესტი. შემდეგ მაღალი სიმაღლეებიდან მიწაზე დავეშვებით. დავით პაიჭაძე ისაუბრებს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ სადავო თემაზე - რა ასაკში უნდა დაიწყოს მოზარდების სექსუალური განათლება. ამაზე - მოგვიანებით, ჯერ - სოფო თვარაძისა და ჰიმალაის მთებში მის მიერ მიღწეულ წარმატებაზე. მუსიკა,რომელიც ჩვენს გადაცემას ფონად გასდევს ქართველ კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილს ეკუთვნის და დაწერილია ფილმისთვის "7 დღე ტიბეტში".


ჰიმალაის მთებში ერთ-ერთ რთულ მწვერვალზე, ამა-დაბლამზე, ასასვლელად სოფო თვარაზე ნეპალში პროფესიონალ მთამსვლელებთან - ენო ქაშაკაშვილთან, გელა ოთარაშვილთან და აფი გიგანთან ერთად გაემგზავრა. გამოცდილი ალპინისტების გვერდით სოფოს მთელი თავისი შესაძლებლობები უნდა ეჩვენებინა. 5033 მეტრიანი მყინვარწვერის შემდეგ ამა-დაბლამი მისთვის პირველი სერიოზული მთა იყო; ამავდროულად, სოფო იყო პირველი ქართველი ქალი, ვისაც ჰიმალაის მთებში ერთ-ერთ მწვერვალზე უნდა დაედგა ფეხი. მიზნის მიღწევას 8 დღე და ღამე დასჭირდა. საბაზო ბანაკი მწვერვალის ძირში, ზღვის დონიდან 4600 მეტრ სიმაღლეზე, იყო გაშლილი. მოსამზადებლად ექსპედიციის წევრებმა 3 დღე და ღამე სწორედ იქ დაყვეს და ამის შემდგომ დაიწყო სიმაღლეების აღება. სოფო ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული და რთულ მწვერვალზე ასვლა არ გასჭირვებია. ამბობს, რომ პატარ-პატარა პრობლემები იყო, მაგრამ, მწვერვალზე ასულს, ეს პრობლემები აღარ გახსენებია და არც მიღწეულის გამო ეიფორია განუცდია. ამ მდგომარეობას კარგად გაიგებს ის, ვისაც ურთულესი გზა მწვერვალამდე თავად გაუვლია, მაგრამ მე მაინც ვთხოვე სოფოს, აღეწერა, რა ხდებდა იქ, 6856 მეტრ სიმაღლეზე.

(ინტერვიუ სოფო თვარაძესთან)

"ეს შეგრძნება თავად უნდა გამოცადოს ადამიანმა," - ამბობს სოფო, რომელიც 7 წელია ალპინიზმს მისდევს. ამა-დაბლამის დალაშქვრამ ის საკუთარ ძალებში დაარწმუნა. ამა-დაბლამის შემდეგ სოფო გრძნობს, რომ ისეთ რთულ მწვერვალზე ასვლასაც შეძლებს, როგორსაც უშბა წარმოადგენს. უშბის შემდგომ ევერესტის დალაშქვრა სოფოს ოცნებაა. ის ამ ოცნებებს აუცილებლად აიხდენს, რადგან მთა, ალპინიზმი, მისთვის მთელი ცხოვრებაა. 22 წლის სოფო თვარაძე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. მას ახალი მწვერვალი ხანტენგრი ელის. ამ 7010 მეტრიანი მწვერვალის დასაპყრობად სოფო ყაზახეთში ივლისში ჩავა. ხანტენგრზე მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალი, ალპინისტი ლიკა ნოზაძე ავა. უხიფათო მსვლელობას და შემდგომი სიმაღლეების აღებას ვუსურებთ მათ.


განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას". დავით პაიჭაძე ისაუბრებს იმაზე, თუ როდიდან, რა ასაკიდან უნდა იწყებოდეს მოზარდთა სექსუალური განათლება.





დავით პაიჭაძე:

მოზარდების აღზრდისას მათთვის სექსისა და სექსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არის პრობლემა, რომელიც გამუდმებით შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი. ასეთი დისკუსია სულ ახლახან განახლდა, როცა წიგნის ბაზარზე გამოჩნდა გამომცემლობა "დიოგენეს" დასტამბული წიგნი, ამერიკელი ავტორის, რუთ ბელის, "ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში". "დიოგენეს" ხუთიოდე წლის წინ გამოცემული ჰქონდა და წელს მეორედ გამოსცა "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ". ხუთი წლის წინ საქართველოში უფრო შემწყნარებელი გარემო იყო, კლერიკალებს დღევანდელ გავლენამდე ბევრი უკლდათ, ამიტომაც "დიოგენეს" წიგნს მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება ახლდა. წელს კი წიგნის მე-5 ფესტივალზე აგრესიულად განწყობილი პირები თავზე დაადგნენ გამომცემლებს და კატეგორიულად მოითხოვდნენ ორივე წიგნის გაყიდვიდან ამოღებას. მე შევეცადე გამერკვია, რას ამბობს კანონი იმ დროს, როცა მოზარდებს სექსზე ელაპარაკებიან.

2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი "მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომლის მე-11 მუხლი აწესებს აკრძალვებს, დაკავშირებულს მავნე ზეგავლენის მომხდენ ნაბეჭდ პროდუქციასთან. კანონს ერთვის კრიტერიუმთა ჩამონათვალი, რომელთა მომარჯვებითაც საზღვრავენ, რა ახდენს მავნე ზეგავლენას მოზარდებზე: "არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად ჩაითვლება ნაბეჭდი პროდუქცია, თუ მასში აღწერილია სქესობრივი აქტი და ან სექსუალური ურთიერთობა გაუკუღმართებული ფორმით". ეს კრიტერიუმი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ" მოზარდთათვის აკრძალულ წიგნად გამოცხადებულიყო, უფრო ზუსტად, კანონს აეკრძალა ამ წიგნის მოზარდებისთვის მიყიდვა. აღარაფერს ვამბობთ რუთ ბელის წიგნზე, რომელიც უფრო მძაფრ პასაჟებს შეიცავს, ვიდრე სქესობრივი აქტის ერთჯერადი, სრულიად ნეიტრალური განმარტებაა. საქართველოს ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდულ პრობლემათა კვლევის ცენტრში, სადაც ადგენენ კიდეც მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის რეესტრს, პედაგოგმა მანანა გნოლიძემ რუთ ბელის წიგნის შესახებ მითხრა [გნოლიძის ხმა]: "აქ არის მაგალითები, მოტანილი უცხო ადამიანების ცხოვრებიდან. აღზრდის პროცესში მათ შეიძლება ბავშვზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინონ, მიანიშნონ კიდეც, ამ კუთხით როგორ განავითაროს თავისი მოქმედება. როგორც წესი, ეს ასაკი ძალიან საფრთხილოა - გარდატეხის ასაკია. მთელი მოტივაცია მიმართულია სქესობრივ განვითარებაზე".

ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრში წიგნს კატეგორიულად არ ეწინაამდეგებიან. ფსიქოლოგი შორენა შიუკაშვილი ამბობს, რომ მოზარდებს პრაქტიკულად არ მიეწოდებათ ინფორმაცია იმაზე, რის მიმართაც ინტერესი სწორედ მოზარდობაში ღვივდება, მაგრამ რუთ ბელის წიგნში მიუღებელი მაგალითებია მოხმობილი. ერთი ასეთი მაგალითის ნიმუშს თავადვე კითხულობს კომენტარით [შიუკაშვილის ხმა]: "ახლა თითი საშოში ჩაიდე. ახლა თითი აამოძრავე. აიღე სარკე და ფარანი (გვ.37) და დაითვალიერე სასქესო ორგანოები. თუ ღრმად შეიყოფ თითს საშოში, შეიძლება, რომ საშვილოსნოს ყელს შეეხო. ერთი პრობლემაც: ერთია, იცნობდე შენს სასქესო ორგანოებს (სხვათა შორის, ამას ბავშვები გაცილებით ადრე იცნობიერებენ, როცა დაინახავენ, რომ ბიჭებს განსხვავებული ისა აქვთ და გოგონებს განსხვავებული რაღაცა), მაგრამ ახლა საშვილოსნოს ყელს შეეხო და არკვიო, მენსტრუალური ციკლის შემდეგ შენი საშვილოსნო მარჯვნივ იქნება განლაგებული თუ მარცხნივ - მაპატიეთ, მაგრამ მე, როგორც ფსიქოლოგი, არ ვთვლი საჭიროდ, რომ 11 წლის მოზარდმა იცოდეს თავისი საშვილოსნოს მდგომარეობა თავისივე ხელის შეხებით".

მართალია, მოყვანილი და სხვა ბევრი მაგალითი, შეიძლება, მართლაც, საჩოთირო, ზოგი მოზარდისათვის კი ელდისმომგვრელი იყოს ან სულაც მიბაძვის სურვილს აჩენდეს, მაგრამ არ შეიძლება მათი თერაპიული ეფექტის გამორიცხვაც. ახალგაზრდა მკითხველს შეუძლია თავისი ლტოლვები, პრობლემები და წუხილები ამოიცნოს წიგნში და თუნდაც ამით შეიმსუბუქოს ემოციური დაძაბულობა და შფოთი, რაც საკუთარ არსებაში გაურკვევლობას ახლავს. შორენა შიუკაშვილი და მანანა გნოლიძე დამეთანხმნენ, თუმცა არ შეუცვლიათ აზრი, რომ მსგავსი ინფორმაციის მიწოდება უფრო დელიკატურად არის საჭირო.

მე ვესაუბრე წიგნების გამომცემელს, "დიოგენეს" ხელმძღვანელ თამარ ლებანიძეს, რომელიც განათლებით ასევე ფსიქოლოგია. თამარი ამბობს, რომ წიგნების გამოსაცემად პირადი მოტივიც ჰქონდა: ასე შეეცადა ეპასუხა საკუთარი შვილების შეკითხვებისათვის. ზეპირი საუბარი ამ თემაზე შვილებთან საკმაოდ რთული იყო, თქვა თამარ ლებანიძემ, არჩეულმა გზამ კი გაამართლა.
[ლებანიძის ხმა]: "მე ვფიქრობ, რომ გარდატეხის ასაკი არის უმნიშვნელოვანესი ასაკი პიროვნების განვითარებაში. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ჩემი პირადი გამოცდილება, ჩემი ბიოგრაფია ადასტურებს ამას: 13 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა და 19 წლის ასაკში უკვე დედა ვიყავი. და ეს იყო ძალიან რთული წლები. რაც შეეხება იმას, როდის უნდა დაიწყოს სქესობრივ აღზრდაზე ლაპარაკი, ყველაზე აქტიური პერიოდი, ვფიქრობ, მაინც სქესობრივი მომწიფების პერიოდია, ანუ დაწყებული 13 წლიდან... თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ზოგი 13 წლის ასაკში საკმაოდ მომწიფებულია ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად და მზად არის, მიიღოს ინფორმაცია, რომელიც, ვიღაცის აზრით, სარისკოა. რისკს შეიცავს ნებისმიერი წიგნი, რომელიც გულწრფელია და თამამი. ამას ვამბობ ტომ სოიერის მაგალითზე: იქ არის ეროტიული სცენა, რომელიც არის პირველი ეროტიული ლიტერატურული ეპიზოდი ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილებაში".

საუბრის დასასრულს თამარ ლებანიძემ რუთ ბელის წიგნის კიდევ ერთ ასპექტი გამოყო: მისი აზრით, ყველგან და, ცხადია, საქართველოშიც არის ძალადობის გარემო, ადამიანს, მოზარდს უწევს შეჯახება ძალადობასთან, მათ შორის, სექსუალურ ძალადობასთანაც. [ლებანიძის ხმა]: "ჩემი აზრით, საჭიროა, ადამიანებმა იცოდნენ (და რაც ადრე ეცოდინებათ, მით უკეთესი), რომ აქვთ "არა"-ს თქმის უფლება, ანუ რაღაცის ან ვიღაცის უარყოფის უფლება. რაგინდ ძვირფასი იყოს კონკრეტული ადამიანი, ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ მასთან ინტიმურ ურთიერთობაზე. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ამ წიგნში არის წარმოჩენილი".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG