Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი "კავკასიური სახლი"


30 წლის წინათ ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა პირველი "კავკასიური სახლი" ააშენეს: ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი "სამკაული სატრფოსათვის".

ყველასთვის მოულოდნელად, ქართველმა კინორეჟისორმა, რომელმაც მანამდე "სხვისი შვილებითა" და "ვედრებით" გაითქვა სახელი, დაღესტნელი მწერლის, ახმედხან აბუ-ბაქარის, მოთხრობის ეკრანიზაცია გადაწყვიტა. თენგიზ აბულაძის სახელგანთქმული ტრილოგიის ფილმების - განსაკუთრებით "მონანიების" - დასრულების შემდეგ "სამკაული სატრფოსათვის" აბულაძის შემოქმედების ყველაზე ერთგულმა თაყვანისმცემლებმაც კი დაივიწყეს. თუმცა, ჩემი აზრით, თავის "დაღესტნურ ფილმში" აბულაძემ იწინასწარმეტყველა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ დღეს ხდება აქტუალური.


გასულ წელს თბილისში შედგა პრემიერა დაღესტნელი რეჟისორის ალი ისაევ-ავარსკის დოკუმენტური ტრილოგიის მეორე ფილმისა "დაღესტანი-საქართველო", რომლის გადაღება კინოსტუდია "ქართული ფილმის" ბაზაზე გახდა შესაძლებელი. სურათის კონსულტანტი - რასულ გამზათოვია, თავად ალი ისაევ-ავარსკი კი საქართველოში სტუდენტობის წლებიდან ცხოვრობს და ქართულ-დაღესტნურ კულტურულ ურთიერთობებს იკვლევს. ახალ დოკუმენტურ სურათს მაშინვე გამოეხმაურა ჩვენი პრესა, თუმცა ფილმის აქტუალურობაზე საუბრისას არავის გახსენებია 30 წლის წინ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაღებული "სამკაული სატრფოსათვის" - თენგიზ აბულაძის ყველაზე უცნაური და დაუფასებელი ნამუშევარი, რომელსაც დღეს არსად უჩვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ შენგელაიას "ელისოს" შემდეგ ქართულ კინოში "ეთნოცენტრიზმის" დაძლევა სწორედ ამ "დაღესტნურ სამკაულში" მოხერხდა პირველად.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან კინორეჟისორის შეხებამ თენგიზ აბულაძის ფილმებში ერთი ძირითადი თემა გამოკვეთა - ქსენოფობია, რომელსაც ქართველი კინორეჟისორი ჯერ "ვედრებაში" დაუპირისპირდა, შემდეგ კი - "ნატვრის ხესა" და "მონანიებაში". "სამკაული სატრფოსათვის" - ფილმი, რომელიც 1972 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მხიარული ზღაპარი ძნელად მისასვლელ ფერდობზე გაშენებული დაღესტნური აულის მცხოვრებლებზე - აბულაძის ტრილოგიის მიღმა დარჩა. როგორც ჩანს, ადამიანთა შეუწყნარებლობის, ძალაუფლებისა და პიროვნული თავისუფლების თემებზე გადაღებული თენგიზ აბულაძის სახელგანთქმული სურათების ფონზე, ახმედხან აბუ-ბაქარის მოთხრობის ეკრანიზაცია აბულაძის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მეტისმეტად მსუბუქად, არასერიოზულად მიიჩნიეს. "მონანიების" საერთაშორისო წარმატების შემდეგ, როცა აბულაძის ტრილოგიის დასკვნითი ფილმი ლამის გორბაჩოვის "პერესტროიკის" სიმბოლოდ აღიარეს, "ვედრებაც" გაიხსენეს, "ნატვრის ხეც", მაგრამ არა "სამკაული სატრფოსათვის"... დაღესტანში გადაღებული აბულაძის სურათი არავის გაახსენდა მაშინაც კი, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება "კავკასიური სახლის" მშენებლობის იდეამ გაიტაცა. არადა, თენგიზ აბულაძემ სწორედ ამ, მხატვრული თვალსაზრისით, ცოტა არ იყოს, ეკლექტიკურ სურათში თქვა ის, რაც თავისი ტრილოგიის არც ერთ ფილმში არ უთქვამს: ადამიანებს აგრესიული ინსტინქტები უმძაფრდებათ იმის მიმართ, რასაც არ იცნობენ. ქსენოფობიის დაძლევა მხოლოდ განსხვავებული კულტურის შეცნობით გახდება შესაძლებელი. უცხოს მიმართ აგრესიული ინსტინქტი დაითრგუნება მაშინ, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ კულტურათა მრავალფეროვნება მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმა იმალება უამრავი საერთო, რაც ადამიანებს აკავშირებთ. კავკასია კი სწორედ ის რეგიონია, სადაც კულტურული სიჭრელე თვალშისაცემია და, ამავდროულად, ყველა კულტურას საერთო ძირი აქვს - თავისებური "საძირკველი" სახლისა, რომელსაც "კავკასიური" ჰქვია.

დაღესტნურ აულში სამი ყმაწვილი ცხოვრობს. სამივე ცისფერთვალება სერმინაზშია შეყვარებული. აქაური ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდა კაცმა, თუკი მართლა სურს სატრფოს გულის მოგება, ქალს განსაკუთრებული საჩუქარი უნდა უძღვნას. გაიმარჯვებს, ე. ი. სერმინაზს ცოლად შეირთავს, ის, ვინც გოგონას საუკეთესო ძღვენს მიართმევს. ამ საჩუქრის ძიებაში ბიჭები მთელ დაღესტანს ფეხით შემოივლიან. ფილმის ფინალში მუხთარი, აზიზი და ბაჰადური სატრფოს ჯადოსნური საჩუქრებით ეახლებიან - დაღესტნელი ოსტატების მშვენიერი ნაკეთობებით, სამკაულებით. სერმინაზი ყველაზე ორიგინალურ ძღვენს ირჩევს - კინოსცენარს დაღესტანზე, რომელიც ბაჰადურმა მშობლიურ მხარეში მოგზაურობის დროს დაწერა. ფინალში ახლებურად გაიაზრება აბუ-ბაქარის მოთხრობის ეპიგრაფიც. "ტოროლას ჰკითხეს: "ასეთი მოკლე სიმღერები რატომ გაქვს - ამოსუნთქვა გიჭირს?.. "არა, უბრალოდ, იმდენად ბევრი სიმღერა ვიცი, მეშინია, რომ ყველას შესრულებას ვერ მოვასწრებო". ბაჰადურის ძღვენი ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა იმიტომ, რომ მან საცოლეს მთელი ქვეყნის კულტურა მოუტანა - შეიძლება ითქვას მოუტანა "უთვალავი სახე", რომელიც ერთმა კინოსცენარმა გააერთიანა. კინოხელოვნებას აქ შემთხვევით არ უწოდეს "ყველაზე ძვირფასი სამკაული". ფილმის ავტორების აზრით, სწორედ კინოხელოვნების "კოსმოპოლიტურ ენას" შესწევს უნარი გააუქმოს ამ სამყაროში დადგენილი პირობითი საზღვრები და, რაც მთავარია, სწორედ კინოს შესწევს ძალა ადამიანებს შორეული სამყარო დაანახვოს. ბაჰადურის მოგზაურობა ხომ აქ, ფაქტობრივად, "კინოკამერიანი კაცის" ხეტიალია. ამ მოგზაურობის დროს იგი შეხვდა განსხვავებულ ადამიანებს, მათ შორის, ვინმე მაჰომედს, რომელიც ორმოცი წლის ორმოც მაჰომედს ეძებს, რათა თავის დაბადების დღეზე, ორმოცი წლის იუბილეზე დაპატიჟოს. იგი სამჯერ გადაეყრება ბაჰადურს, რომელსაც ეს შეხვედრები დროსა და სივრცეში დაკარგვის ილუზიას უქმნის. დაღესტნის მთებში ფილმის გმირის ეს თავისებური, მეტაფიზიკური მოგზაურობა გაყინული დროის სახეს ქმნის. იქ, სადაც არის ჭეშმარიტი კულტურა, დროსა და სივრცისთვის ადგილი არ რჩება. სწორედ დროსა და სივრცეში შემოსაზღვრული კულტურა - მაშინაც კი, როცა ეს კულტურა ულამაზეს სამკაულებს ქმნის - აშორებს, განაცალკევებს ადამიანებს, შლის სამყაროს, რომელსაც ფუნდამენტი ერთი აქვს.

70-იანი წლების დასაწყისში მოსკოვმა სიამოვნებით დაუმტკიცა "სამკაულის" სცენარი თენგიზ აბულაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გადასაღებად პრაქტიკულად მხოლოდ ქართველი მსახიობები მოიწვიეს, ე. ი. დაღესტნელი გმირების განსახიერება მხოლოდ ქართველებს - ბაჰადურის როლის შემსრულებელ რამაზ გიორგობიანს, აგრეთვე ნანი ბრეგვაძეს, ეროსი მანჯგალაძეს, გიორგი გეგეჭკორს, რამაზ ჩხიკვაძეს, ოთარ მეღვინეთუხუცესს - მოუხდათ, ოპერატორად ლომერ ახვლედიანმა იმუშავა, მუსიკა კი ნოდარ გაბუნიამ დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გმირები ქართულად ლაპარაკობდნენ, "სამკაულს" "დაღესტნური კინოს" რეალური არსებობის ილუზია უნდა შეექმნა. თუმცა საბჭოთა იდეოლოგებისთვის, რომლებმაც თენგიზ აბულაძეს ამ თანამედროვე ზღაპრის გადაღების საშუალება მისცეს, დაღესტნურ კულტურაზე ზრუნვა მაინც არ იყო მთავარი. აბულაძის ფილმს იმ პუბლიკის მოთხოვნილება უნდა დაეკმაყოფილებინა, რომელიც ჭკუას კარგავდა ეგრეთ წოდებულ "კავკასიურ სიუჟეტებზე". თენგიზ აბულაძის ფილმის პრემიერამდე რამდენიმე ხნით ადრე საბჭოთა კავშირში არნახული წარმატება ხვდა ლეონიდ გაიდაის კომედიას "კავკასიელი ტყვე ქალი", სურათს, რომელიც სავსე იყო "კავკასიური კლიშეებით", კავკასიური ორნამენტებით, აი, ასეთი მუსიკით:
[ხმა."კავკასიელი ტყვე ქალი"]

სურათს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებდა ცრურწმენას კავკასიური კულტურების მიმართ დამოკიდებულებაში, ამკვიდრებდა აკვიატებულ აზრებს, ანუ ყველაფერს იმას, რასაც თენგიზ აბულაძე მთელი ცხოვრება ებრძოდა.

საბჭოთა კინოს იდეოლოგებს მოლოდინი არ გაუმართლდათ: ფილმში "სამკაული სატრფოსათვის" "კავკასიური ეთნოგრაფიზმისგან" არაფერი დარჩა. უფრო მეტიც, აბულაძემ დასცინა ყველანაირ ეთნოგრაფიზმს, ბრჭყვიალა სამკაულებს, რომელსაც, ავტორის აზრით, ჭეშმარიტ კულტურასთან არაფერი აქვს საერთო. შესაძლებელია, ამიტომაც დაიწუნა ფილმი საბჭოთა და, მათ შორის, ქართულმა კრიტიკამ - "მეტისმეტად ეკლექტიკური, პირობითი" უწოდა აბულაძის კინოფანტაზიას. უცნაურია, მაგრამ აბულაძის ფილმს ‘შემოქმედებით მარცხად" მიიჩნევენ დღესაც, როცა "კავკასიური სახლის" იდეა დღითიდღე აქტუალური ხდება. არ არის გამორიცხული, რომ "კავკასიელ ჯიგიტებს" აღიზიანებდეთ აბულაძის პაციფისტური პოზიცია, რომელსაც თავად "კავკასიური სახლის" იდეის ავტორები სავსებით იზიარებენ. კავკასიური კულტურის ცენტრის დირექტორი, მწერალი ნაირა გელაშვილი აღნიშნავს:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "პაციფიზმის სასარგებლოდ უნდა ითქვას ის, რომ როდესაც ადამიანს გამორიცხული გაქვს ომის გზა, გამორიცხავ ომის გზას, მაშინ შენი გონება და ტვინი სხვა მიმართულებით მუშაობს და სხვა გზას აუცილებლად იპოვი."

ფილმში "სამკაული სატრფოსათვის" ბაჰადური თავისებურ დუელში იწვევს მეტოქეებს. მაგრამ ამ დუელში სისხლისღვრა გამორიცხულია. ბაჰადურის გონება, მართლაც, "სხვა მიმართულებით მუშაობს" - იგი უმტკიცებს სატრფოს, რომ კულტურათა გაერთიანება შესაძლებელია და რომ გაერთიანების შედეგად აშენებული სახლი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ომმა და სისხლისღვრამ გადაღალა. მაგრამ ზღაპარი - ისევ ზღაპრად რჩება. ჯერჯერობით ამ საერთო სახლის მშენებლობა არათუ პლანეტაზე, არამედ პატარა კავკასიაშიც შეუძლებელია. არც "სამკაული სატრფოსათვის" ახსოვს ვინმეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG