Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი "ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები" -

ყოველკვირეული სპორტული პროგრამის ამ ახალ ციკლში ჩვენი თბილისელი კოლეგა ელგუჯა ბერიშვილი წარმოგიდგენთ სახელოვან ქართველ ფალავანს არსენ მეკოკიშვილს.

არსენ მეკოკიშვილი: დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში 1912 წლის 12 აპრილს. თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძიმე წონის ფალავანი. ჰელსინკის მე-15 ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის 9-გზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 7-გზის ჩემპიონი სამბოში. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა გიორგიწმინდაში 1972 წლის 7 მარტს.

ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი ფალავანი, დიდ სპორტში არსენ მეკოკიშვილიც ქართული ჭიდაობიდან მოვიდა. გიორგიწმინდის ნახერხმოყრილ სარბიელზე ნასწავლი ფანდებით, ჯერ ქართულ ჭიდაობაში მოიპოვა არაერთი ჯილდო და ტიტული, მათ შორის - საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონისა. მერე ცირკის საჭიდაო არენაზე ხვდებოდა უძლიერეს ათლეტებს და, როგორც წესი, ამ ბრძოლებში გამარჯვებული გამოდიოდა. ბოლოს, როცა უკვე ორმოცს გადასცილდა და თითქოს სპორტული კარიერა უნდა დაესრულებინა, სწორედ მაშინ მიაღწია მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს. ამ წარმატებათა საფუძვლად, თავად ბატონი არსენაც, უპირველესად, სწორედ ქართულ ჭიდაობას აღიარებდა და შემთხვევას არ გაუშვებდა, პატივისცემით არ მოეგონებინა აქაური მწვრთნელები და წინა თაობის სახელოვანი ფალავნები. არსენ მეკოკიშვილზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია სანდრო კანდელაკს, რომელიც ცნობილი მოჭიდავის მიხეილ ქურხულის მოწვევით, გასული საუკუნის 20-იან წლებში საგარეჯოში ჭიდაობის საყურებლად ჩასულა. მეკოკიშვილი ასე იხსენებს კანდელაკთან შეხვედრას (ციტატა): "დარბაზში შესვლისთანავე თვალში მეცა კანდელაკის ვეება ფიგურა. იგი კედელთან იჯდა, განიერი ბეჭებით მთელი ფანჯარა დაეფარა, მსხვილი ტორები მუხლებზე დაეწყო. დევკაცს შვენოდა მრგვალი, კეთილი სახე და დიდი, წაბლისფერი ულვაში. შინნაქსოვი პერანგის საყელო გაეღეღა და იქიდან ბრინჯაოსფერი სქელი კისერი მოუჩანდა. მეც დაახლოებით ასეთი წარმომედგინა ჩემპიონის გარეგნობა: ძლიერი, კეთილი, გულგაშლილი." (ციტატის დასასრული).
თავად არსენასაც მიუქცევია კანდელაკისა და იქვე მყოფი კულა გლდანელის ყურადღება, როცა ბეჭებზე დაუგდია რამდენიმე მეტოქე და ლამაზი ჭიდაობით საყოველთაო მოწონება დაუმსახურებია. მერე, როცა წლები გავიდა, უკვე არსენ მეკოკიშვილი იქცა ქართველ ფალავანთა ახალი თაობის კერპად. ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიო თასის მფლობელს ნოდარ მოდებაძეს ასე დაამახსოვრდა დიდი წინამორბედი.

(ნოდარ მოდებაძის ხმა): "მე არ მინახავს არსენას ჭიდაობა, მაგრამ არაერთხელ
შევხვედრილვარ. ლომის სახე ჰქონდა, ნამდვილი ლომი იყო. მახსოვს, პირველად რომ ხელი ჩამოვართვი, ჩემი ხელი მისაში ჩაიკარგა. დიდი პიროვნება იყო, ნამდვილი ვაჟკაცი."

1940-იან წლებში, ლავრენტი ბერიას ინიციატივით, არაერთი ქართველი სპორტსმენი სამუშაოდ და სავარჯიშოდ მოსკოვში გადაიყვანეს. მათ შორის იყო არსენ მეკოკიშვილიც, რომელსაც მთელი საბჭოეთის მძიმეწონოსნებში ბადალი არ ჰყავდა და როცა საერთაშორისო შეჯიბრებათა ჯერი დადგა, სოლიდური ასაკის მიუხედავად, საკავშირო ნაკრებში ჩარიცხეს. მწვრთნელთა არგუმენტი ასეთი იყო: კლასით, გამოცდილებითა და ხასიათის სიმტკიცით მეკოკიშვილთან ვერავინ მოდიოდა. ჰელსინკის 1952 წლის თამაშები არსენასთვის არა მხოლოდ ოლიმპიური დებიუტი გამოდგა. ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე უცხოელ მეტოქეს მანამდე არც შეხვედრია. ფინალამდე შედარებით იოლად მოუგო უნგრელ კოვაჩს, გერმანელ ვალტნერს, ბრიტანელ რიჩმონდსა და იტალიელ ვეკის. ფინალში ეჭიდავა "ჩრდილოელ გიგანტად" მონათლულ შვედ ბერტილ ანტონსონს - ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რომელსაც აქამდე გამართულ ყველა ბრძოლაში გაემარჯვა. 12-წუთიანი გადამწყვეტი შერკინება მეკოკიშვილმა ქულებით მოიგო და დავით ციმაკურიძესთან ერთად, თავისუფალ ჭიდაობაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონთა რიგებში ჩაეწერა. თავის მოგონებათა წიგნში ვახტანგ ბალავაძე იხსენებს (ციტატა): "ციმაკურიძის მსგავსად, საჭიდაო არენიდან მეკოკიშვილიც მხარზე შესმული გამოვიყვანეთ - კარტოზიამ, ილურიძემ, დაუშვილმა და მე. ისედაც მძიმე არსენას "ოქროს" მედლის სიმძიმეც დაემატა და გასახდელამდე მისი მიყვანა მეტად გაგვიჭირდა. კიდევ კარგი, რომ ფოტოკორესპონდენტების თხოვნით რამდენჯერმე ჩამოვსვით სურათების გადასაღებად." (ციტატის დასასრული).

ორი წლის შემდეგ მეკოკიშვილმა კიდევ ერთხელ აჯობა ანტონსონს, ამჯერად, ტოკიოში - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ჩვენი ფალავანი 43 წლისა იყო, შვედი - 31-სა. 1956 წლის საკავშირო სპარტაკიადაში გამარჯვების შემდეგ, მეკოკიშვილი საჭიდაოდ აღარ გამოსულა. "იმედი მაქვს, ჩემს გზას ჩემი შვილი გიორგი გააგრძელებს - ისიც ჩემსავით ძვალმსხვილი და მაჯაგანიერიაო," - ამბობდა ბატონი არსენა. გიორგიც კარგი მოჭოდავე დადგა, თუმცა უფრო მეტ წარმატებას მეცნიერებაში მიაღწია. მისი მეცადინეობით, არსენ მეკოკიშვილის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით, შარშან გამოიცა წიგნი, რომელიც დიდი ფალავანის სპორტულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ხანშიშესულობის ჟამს არსენ მეკოკიშვილი მოჭიდავეთა ტურნირების ხშირი სტუმარი იყო. ეს ჩანაწერი გაკეთებულია თბილისის სპორტის სასახლეში, დაახლოებით 30 წლის წინ, არსენ მეკოკიშვილი ქართული ჭიდაობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

(არსენ მეკოკიშვილის ხმა): "მე მიხარია, რომ საჭიდაო ხალიჩაზე ნამდვილი ფალავნები იბრძოდნენ, სახელოვანი მოჭიდავის, კარგი ადამიანის სანდრო კანდელაკის თასზე. ეს შეჯიბრებები სწორედ აქ, ამ სასახლეში უნდა ჩატარდეს, რომ ხალხიც ბევრი დაესწროს, ბევრმა ნახოს ქართული ჭიდაობის ლამაზი ილეთები. მაშინ ერს უფრო შეუყვარდება ქართული ჭიდაობა."
XS
SM
MD
LG