Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი კაპლანი ქალი ერაყში მიემგზავრება


საქართველოსა და ტრადიციულად მართლმადიდებელ დანარჩენ ქვეყნებში,

ისევე როგორც კათოლიკეთა შორის მღვდელი მუდამ მამაკაცია. მაშინ როცა პროტესტანტები უკვე კარგა ხანია გამოეთხოვენ ამ საუკუნოვან ტრადიციას და მიეჩვიენ მღვდლებად როგორც მამაკაცების, ისე ქალების კურთხევას. დღეს გვინდა ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" ერთი ასეთი ქალი წარმოგიდგინოთ: ჯულიეტ ჰიუმი ორიოდე კვირაში ერაყში ჩავა და კონფლიქტის ზონაში მომსახურე პირველი ბრიტანელი კაპლანი ქალი გახდება.

ანგლიკანურ ეკლესიაში კაპლანებს, ანუ ჯარში მომსახურე სასულიერო პირებს შორის საკმაოდ ცოტა ქალია. მათ შორის პირველი კი სწორედ ჯულიეტ ჰიუმი იყო. ის კაპლანი შარშან გახდა. წლეულს კი ჰიუმმა, რომელსაც კაპიტნის წოდება აქვს, რვა წლის მანძილზე მღვდლობის შემდეგ უფრო სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავება მოისურვა. ერაყში იგი ექვს თვეს დაჰყოფს და ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ბასრის მახლობლად მდებარე საველე ჰოსპიტალში იმსახურებს.

მანამდე ჰიუმმა საგანგებო სამედიცინო და არა მარტო სამედიცინო მომზადება გაიარა. [ჰიუმის ხმა] "გავიარეთ სამხედრო წვრთნა. როცა არმიაში მსახურობ, სადაც უნდა იმყოფებოდე, 6 თვეში ერთხელ წვრთნას გიტარებენ. ამჯერად მოგვაწოდეს ინფორმაცია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის შესახებ. ვივარჯიშეთ იარაღის ხმარებაში - პირადად მე იარაღს არ ვატარებ, მაგრამ მაინც უნდა ვიცოდე მისი ხმარება. გვითხრეს, როგორია მდგომარეობა ჰიგიენის თვალსაზრისით, ერაყში რა დაავადებებით ინფიცირების საფრთხე არსებობს. გავეცანით კულტურასაც, ჩაგვიტარეს ლექციები ტერორიზმის, აგრეთვე სახმელეთო ნაღმების თემებზე".

43 წლის ჯულიეტ ჰიუმი აქამდე არასოდეს ყოფილა საბრძოლო მოქმედებების ზონაში. [ჰიუმის ხმა] "მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ უცხო გარემოში მუშაობას. მაგრამ, ცხადია - არ დავმალავ - საკმაოდ ვღელავ, რადგანაც ამჟამად ერაყში ტერორიზმის დიდი საფრთხე არსებობს. უფრო ჩრდილოეთ ერაყში. ვღელავ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებაზე."

ჯულიეტ ჰიუმმა წეღან სამხედრო მზადებაზე ისაუბრა, მაგრამ მას სხვა სახის მომზადებაცა აქვს გავლილი: [ჰიუმის ხმა] "შვებულება მქონდა, რომლის ნაწილი ლონდონის მახლობლად მონასტერში გავატარე. იქ ყოველ წელს რამდენიმე დღით ჩავდივარ. მყავდა მოძღვარი, მქონდა დრო მელოცა, მეფიქრა იმაზე, რაც შეიძლება ერაყში მომელოდეს, რათა, ღვთის შემწეობით, სულიერად გავძლიერდე...".

საველე ჰოსპიტალში და სხვა სამხედრო ბანაკებში რეგულარული წირვების ჩატარების გარდა კაპლანი ჰიუმის მოვალეობაა ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმაროს სამხედრო სამსახურის დროს გაჩენილი კერძო ხასიათის პრობლემებისთვის თავის გართმევაში. ბევრს, მაგალითად, ძალიან უჭირს ოჯახთან დიდი ხნით მოწყვეტის ატანა. კიდევ უფრო მძიმეა მეგობრის დაკარგვა... [ჰიუმის ხმა]
"თუ ყველაზე უარესი რამ მოხდა - ჯარისკაცი დაიღუპა - ძალიან მნიშვნლოვანია ადგილზე კაპლანის ყოფნა, მისი ყოფნა ადამიანთან მის გარდაცვალებამდე და მერეც. მისი ყოფნა გარდაცვლილის ამხანაგებთან, რომლებიც ხშირად ძალიან განიცდიან მეგობრის დაღუპვას".

ერაყის კამპანიის დაწყებიდან დღემდე 51 ბრიტანელი სამხედროა დაღუპული - სხვათა შორის ამერიკელებზე, 356 კაცზე გაცილებით უფრო ნაკლები. ჰიუმის აზრით, მისი, როგორც მშვიდობის მქადაგებელის, მღვდლის როლი, არ ეწინააღმდეგება მის სამხედრო მოვალეობებს, რაც ზოგჯერ ადამიანის მოკვლას გულისხმობს. [ჰიუმის ხმა] "როგორც ნებისმიერ ქრისტიანს, ერაყის კონფლიქტის დასაწყისში მეც ძალზე მწყდებოდა გული, რომ ამდენი ადამიანი იღუპებოდა ორივე მხარეს. და არა მგონია, რომელიმე ქრისტიანი ოდესმე უჭერდეს მხარს ომს. მარამ არსებობს გარკვეული ვითარება, როცა მიიღება ომის დაწყების გადაწყვეტილება და ბრიტანეთის არმია ვალდებულია, შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილება. ვიცი, ბრიტანეთის არმია ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ არ დახოცოს სამოქალაქო პირები, ცეცხლი დაუშინოს მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და ვფიქრობ, მათ გაკეთებული აქვთ ის, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ ძალიან რთულ ვითარებაში."

მღვდლად კურთხევამდე ჯულიეტ ჰიუმი წლების მანძილზე მუშაობდა მასწავლებლად მუსლიმანურ ქვეყნებში - ქუვეითში, საუდის არაბეთში და, შესაბამისად, კარგად ერკვევა იქაურ კულტურაში, რელიგიაში. მას კარგად მოეხსენება, რომ მუსლიმანური მოძღვრების მიმდევართათვის ქალი სასულიერო პირის როლში სრულიად წარმოუდგენელი რამ არის და რომ მას, ქრისტიან კაპლან ქალს, ძალიან გაუჭირდება მუსულმან სასულიერო პირებთან კონტაქტის დამყარება. მაგრამ ჯულიეტ ჰიუმი იმედს არ კარგავს: [ჰიუმის ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ვარ, სხვა რელიგიებიც მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის შეიძლება სხვა რელიგიებიდან რაღაცის სწავლა, ამიტომ სიახლეს დავეძებ".

ჰიუმის თქმით, ქალისთვის ზოგჯერ საკმაოდ ძნელია, იმსახუროს არმიაში, სადაც ძირითადად მამაკაცები დომინირებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ქალი ოფიცრები უცხო ხილი აღარ არის ბრიტანეთის არმიაში და ჯარისკაცების უმეტესობას არ უჭირს, იმსახუროს მათ გვერდზე ან მიიღოს მათი ბრძანებები. თავად ჯულიეტ ჰიუმის სამხედრო ნაწილში ოფიცრების დაახლოებით ნახევარს და ჯარისკაცების დაახლოებით ათ პროცენტს ქალები შეადგენენ.

საერთოდ, ჰიუმის აზრით, სქესს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია პიროვნება ავტორიტეტით სარგებლობდეს და... ბრძანების მიცემას შეეჩვიოს: [ჰიუმის ხმა] " ბრძანების მიცემა არც ისე ადვილი იყო. ხალხს ძველებურად მივმართავდი - "თუ შეიძლება", "გმადლობთ". და ამისთვის მაკრიტიკებდნენ - "ბრძანებებს ასე არ იძლევიანო!"

ჩვენ არმიაში კი არა რადიოში ვართ, ამიტომ დასასრულს მადლობას ვუხდი ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ასკოლდ კრუშელნიცკის, რომელმაც ბრიტანელ კაპლან ქალთან ეს საუბარი ჩაწერა.
XS
SM
MD
LG