Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნები" გაყალბების ასობით ფაქტს ამზეურებს


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების გაყალბების, შედეგების გადაკეთების ასობით ფაქტი გამოამზეურა 18 ნოემბერს საზოგადოება "სამართლიანმა არჩევნებმა". ამ დღემდე ორგანიზაციის წევრები შეისწავლიდნენ საარჩევნო კომისიებში შედგენილ ოქმებს,

ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებს, გადაკეთებულ ციფრებსა და რიცხვებს. სამშაბათს "სამართლიანმა არჩევნებმა" გაწეული მუშაობის შედეგი საზოგადოებას წარუდგინა. ამასთან, დასკვნები და მასალები გაუგზავნა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. გაგაცნობთ ზოგიერთ მონაცემს.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს, კანონის ძალით, რჩებოდათ საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმის ერთი პირი. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები დღეს ფლობენ 2200-ზე მეტ საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმს. ორგანიზაციის წევრებმა უბნებზე დაფიქსირებული ოფიციალური შედეგები შეადარეს როგორც ამ უბნების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც შესაბამის საოლქო კომისიაში არსებობს, ისე ამ უბნების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ქვეყნდება, როგორც წინასწარი მონაცემები.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე აღწერს ჩატარებული ანალიზის შედეგებს:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "260 შემთხვევა გვაქვს, როცა შევადარეთ უბნიდან წამოღებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი და ოლქიდან აღებული იმავე უბნის შემაჯამებელი ოქმი. ამ 260-დან 95 საუბნო შემაჯამებელ ოქმში მონაცემები არის შეცვლილი. ეს ერთ მესამედზე მეტია. 597 ოქმი, წამოღებული უბნიდან, შევადარეთ ცესკოს ვებ-გვერდიდან ამობეჭდილ იმავე უბნების ოქმებს. ამ 597-დან 302-ში ცვლილებაა შეტანილი. ეს ნახევარზე მეტია. საოლქო კომისიებიდან მოპოვებული 980 საუბნო შემაჯამებელი ოქმი შევადარეთ ცესკოს ვებ-გვერდიდან ამობეჭდილ მასალებს და ცვლილება არის 254-ში. აქ განსხვავება ერთ მეოთხედზე მეტია."

რადიო "თავისუფლების" კითხვას, ვინ დაზარალდა და ვინ იხეირა ყველაზე მეტად, არჩევნების გაყალბების მათ ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ზურაბ ჭიაბერაშვილი უპასუხებს.

[ჭიაბერაშვილის ხმა] "ჯამურად თუ ავიღებთ, ამ ცვლილებებით მოგებაშია ხელისუფლების ბლოკი, აღორძინება და მრეწველები. სადაც აშკარად ჩანს, რომ დაკლებულია რამდენიმე ათასი ხმა, უწინარესად, ზარალდება ლეიბორისტული პარტია. ძალიან სერიოზულად აკლდება ხმები ნაციონალურ მოძრაობასაც."

სამართლიანი არჩევნები გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომელთა საერთო მოცულობა 1088 ფურცელს შეადგენს, გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კოიმისიას. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემების აღიარება ნიშნავს არჩევნების ტოტალური გაყალბების აღიარებას, ამტკიცებენ "სამართლიანი არჩევნების" საზოგადოებაში.
XS
SM
MD
LG