Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბალანჩინი - 100


9 იანვარს 100 წელი გავა დიდი ამერიკელი ქორეოგრაფის

ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან. გაზაფხულზე, სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რადიო "თავისუფლებამ" გიამბოთ, რამდენი რამ აკავშირებდა მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟს რუსული კულტურის უძველეს ცენტრთან. დღეს ამერიკელი ქორეოგრაფის ყველაზე სახელგანთქმულ ბალეტს, ჩაიკოვსკის "სერენადას" გავიხსენებთ. ქორეოგრაფიის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ წარმოდგენაში ქართული ცეკვის ნიშნები შეიმჩნევა.

80-იანი წლების დასაწყისში ჯორჯ ბალანჩინის ძმამ, ქართველმა კომპოზიტორმა ანდრია ბალანჩივაძემ ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" კორესპონდენტთან საუბარში თავისი გვარის ეტიმოლოგია გაიხსენა:

[ჩართვა: ანდრია ბალანჩივაძის ინტერვიუს ფრაგმენტი] "ყველაზე სარწმუნოდ მიმაჩნია სიტყვა "ბალანჩი". ასე ეძახდნენ ძველ საქართველოში სამეფო კარის მასხარებს. ეტყობა, ჩვენს საგვარეულოში ოდესღაც არსებობდა ტაკიმასხარა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მოდგმას. მასხარები მახინჯებიც უნდა ყოფილიყვნენ - კოჭლები, ბრუციანები, კუზიანები... მასხარები ჩინებული აქტიორები იყვნენ. მათ ყველაფერი შეეძლოთ - ცეკვაც, სიმღერაც, ჯამბაზობაც"

გიორგი (იგივე ჯორჯ) ბალანჩინიმ - ცეკვა აირჩია. პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სათავეში ჩაუდგა პეტროგრადის "ახალგაზრდულ ბალეტს"... თუმცა მალე მიხვდა, რომ ბოლშევიკურმა რევოლუციამ ხალხს ტერორის მეტი არაფერი მოუტანა და, რაც მთავარია, რევოლუციამ ვერაფერი მოუხერხა კლასიკურ რუსულ ბალეტს, რომელიც, აშკარად, ჩამორჩა მსოფლიო კულტურაში მიმდინარე პროცესებს. ჯორჯ ბალანჩინი ევროპაში გადაიხვეწა, მაგრამ 20-იან წლებში ევროპულ ბალეტშიც არ მოიძებნა მისი ადგილი. პარიზსა და მონტე-კარლოში მას "ხელმოცარულ არტისტს" უწოდებდნენ. ამას დაავადებული ფილტვები და დაზიანებული ზურგიც დაემატა, მაგრამ იგი არ გატეხილა. შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და 1934 წელს "სერენადა" დადგა - "თეთრი ბალეტი", რომელმაც ჯორჯ ბალანჩინის აღიარება მოუტანა მთელ მსოფლიოში.

[მუსიკა. "სერენადა"]

ბალანჩინი წერდა, რომ ჩაიკოვსკის "სიმებიან სერენადაში" ღამით აჟღერებული მუსიკა მოესმა და მაშინვე მოინდომა შეექმნა ღამის ლირიკის ქორეოგრაფიული ანალოგი. ბალეტის პერსონაჟები ლირიკული ეფემერიდები არიან - ღამღამობით ფანტასტიკურ მეჯლისში ერთვებიან. მაყურებელი თანდათან ხვდება, რომ "სერენადა" პრინციპულად ახალი ბალეტია, რომელშიც, კლასიკური ქორეოგრაფიისგან განსხვავებით, მუსიკა და ცეკვა ერთმანეთისგან აღარაა გამიჯნული. არტისტი მთლიანად გარდასახულია მოძრაობაში - მოძრაობა, რომელიც შებოჭილია ადამიანში, უეცრად თავისუფლდება და ათავისუფლებს სხეულს და სულს. აღარ არსებობს წინა პლანი და ფონი. კორდებალეტის წევრები, ფაქტობრივად, სოლისტებად იქცევიან. ამის შესახებ საუბრობდა სწორედ ქორეოგრაფი ნიკიტა დოლგუშინი ქართველ დოკუმენტალისტ ზურაბ ინაშვილის ფილმში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის იუბილეს მიეძღვნა:

[ნიკიტა დოლგუშინის ხმა] "იგი ძალიან გრაფიკულ კომბინაციებს ქმნიდა თავისი მსახიობებისთვის... ხანმოკლე კომბინაციებს... რეპეტიციებისთვის მხოლოდ საათნახევარს ითხოვდა... ყველას ერთნაირ ყურადღებას უთმობდა, ისე, რომ არავის ანიჭებდა უპრატესობას - არც სოლისტებს, არც კორდებალეტს..."

ნიკიტა დოლგუშინი აღნიშნავს, რომ "სერენადაზე" მუშაობისას ბალანჩინის არ გაუწყვეტია კავშირი არც რუსული ბალეტის ტრადიციებთან და არც ქართულ კულტურასთან, რომელსაც ამერიკელი ქორეოგრაფი ბავშვობაში ეზიარა:

[ნიკიტა დოლგუშინის ხმა] ერთხელ მიუახლოვდა ამერიკელ ბალერინას და ქართულად უთხრა "შენი ჭირიმე!"... მე მეუღლე ქართველი მყავს და ყველაფერს მივხვდი. ამერიკელმა მოცეკვავემ, შესაძლოა, ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ, თუ მსახიობების რეაქციას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მასში ყველა შეყვარებული იყო."

"სერენადას" ქორეოგრაფიაზე ქართული ცეკვის გავლენა აღიარა ანდრია ბალანჩივაძემაც. ბალანჩინის ძმის თქმით:

[ჩართვა: ანდრია ბალანჩივაძის ინტერვიუს ფრაგმენტი] "მისთვის მიუღებელი იყო ციტირების ხერხი... ჩაიკოვსკის "სერენადაში" ვერ აღმოაჩენთ ესპანური ან რუსული ხალხური ცეკვის რომელიმე ილეთს. და მაინც, ორივე დადგმაში ეროვნული სული იგრძნობოდა. ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები... ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც... ბალანჩინი გაოგნებული დარჩა... მეორე ჩამოსვლისას ბალანჩინი უკვე ქართველობდა."

მანამდე კი ბალანჩინიმ ანდრია ბალანჩივაძის "მთების გულის" დადგმა გადაწყვიტა. გარდა ამისა, მან თავის ძმას გამოართვა მეოთხე საფორტეპიანო კონცერტის პარტიტურა და უსიუჟეტო ბალეტის დადგმის სურვილი გამოთქვა. ბალანჩინი აპირებდა თბილისის ოპერის თეატრშიც დაედგა რამე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა. თუმცა ამერიკაში დიდ ქორეოგრაფს არავინ შეუშალა ხელი გამოეყენებინა ქართული ხალხური ცეკვის ცალკეული მოტივები. არადა, ამისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი: უსიუჟეტო ბალეტი სრულიად შეუსაბამო იყო იმ ქვეყნისთვის, სადაც თავგადასავლის, სიუჟეტის კულტი დამკვიდრდა. ამერიკელებისთვის ძნელი გასაგები უნდა ყოფილიყო აგრეთვე წარმოდგენა ვარსკვლავების გარეშე, თავად მუსიკაზე რომ არაფერი ვთქვათ: მოდერნისტული ქორეოგრაფია და ჩაიკოვსკის მუსიკა თითქოს საერთოდ არ უხდებოდა ერთმანეთს... მაგრამ დიდ ქორეოგრაფს რისკი უყვარდა. 1934 წელს, როცა "სერენადას" პრემიერა გაიმართა, მსოფლიოში სახიფათო პროცესები დაიწყო; ჰიტლერის მოსვლამ ქვეყნის სათავეში, სოციალურმა მღელვარებამ ევროპაში (და არამარტო ევროპაში) დააჩქარა მონუმენტურ-დეკორატიული სტილის დამკვიდრება ხელოვნების ყველა დარგში, მათ შორის - ბალეტშიც. გმირულ-ეპიკური სტილი არა მარტო სიუჟეტს მოითხოვდა - ასეთი ესთეტიკა მოითხოვდა გმირს, რომელსაც ყველა და ყველაფერი დაემორჩილებოდა. "სერენადა" - მთელი ამ ესთეტიკის ალტერნატივად აღიქვეს. ბალეტი, რომელიც თანასწორობის იდეას ამკვიდრებს, ახალგაზრდა ქორეოგრაფის განაცხადი იყო. თუ გნებავთ, პოლიტიკური განაცხადი. ქორეოგრაფიის სპეციალისტებს კი ოდესმე მაინც მოუწევთ აღმოაჩინონ ამ ესთეტიკაში, ამ "იდეოლოგიაში" ქართული კულტურის - ქართული მრავალხმიანი სიმღერის, ეგრეთ წოდებული "უსიუჟეტო ცეკვის" - ტრადიციები... ტრადიციები, აგებული არა ვერტიკალზე, არამედ ჰორიზონტზე, "ღიაობასა" და იმპროვიზაციაზე. ნუ დაგვავიწყდება "ბალანჩივაძეების" გვარის ეტიმოლოგია: "მასხარა" ერთადერთია, რომელსაც მეფე ვერ იმორჩილებს; მასხარა მეფის კარზე "შემოქმედებას" ამკვიდრებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG