Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გთავაზობთ დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე კომენტარს საქართველოში 4 იანვრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც გაზეთი "ინტერნეიშნალ ჰერალდ ტრიბიუნი" აღნიშნავს, რევოლუციები თითქმის ყოველთვის კარგად იწყება, მაგრამ შემდგომ, მოგვიანებით ჩნდება პრობლემები. ლენინის ნათქვამი, რომ ნებისმიერმა რევოლუციამ უნდა შესძლოს საკუთარი მონაპოვარის დაცვა, სავსებით მიესადაგება საქართველოში მომხდარ "ვარდების რევოლუციას", როცა ოპოზიციამ ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე გადააყენა 23 ნოემბერს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. გაზეთი წერს:

"შევარდნაძის გადაყენებამ ქართველებს უკეთესი მომავალის იმედი აღუძრა. კვირას, რესპუბლიკის მოსახლეობა საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. შედეგი ეჭვს არ იწვევს. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვა ოპოზიციის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს აშკარა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ახლა მთავარი ისაა, რამდენად შესძლებს სააკაშვილი - აღკვეთოს ქვეყანაში კორუფცია და კლანური პოლიტიკა, რამაც აურაცხელი ზარალი მიაყენა საქართველოს განვლილი ათწლეულის მანძილზე. "ვარდების რევოლუციამ" საფთხე შეუქმნა პრივილეგირებულ ჯგუფებს, რომლებიც ნებისმიერ ძალადობაზე წავლენ, რათა ძირი გამოუთხარონ რეფორმისტულ მთავრობას. შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის პერიოდში უკვალოდ გაქრა ის მილიარდ 200 მილიონი დოლარის დახმარება, შეერთებულმა შტატებმა რომ გამოუყო საქართველოს, ამასობაში რესპუბლიკის ეკონომიკამ სრული კრახი განიცადა, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული კორუმპირებული ფუნქციონერები გამდიდრდნენ. "ვარდების რევოლუციის" წარმატებაში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც დასავლეთი უჭერდა მხარს."

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი დარწმუნებულია იმაში, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"მართალია შევარდნაძე ვაშინგტონის გამორჩეული მოკავშირე იყო მოყოლებული იმ დღიდან, როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, თუმცა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას იმედი გაუცრუა შევარდნაძის კორუმპირებული გუნდის არაკომპეტენტურობამ.
შეერთებულმა შტატებმა არაერთგზის გააფრთხილა შევარდნაძე - 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სამართლიანად და დემოკრატიული ნორმების განუხრელი დაცვით ჩატარებულიყო; პრეზიდენტ ბუშის საიდუმლო წერილი, ამის თაობაზე, არჩევნებამდე გადასცეს ბატონ შევარდნაძეს. მრავალი მიმომხილველი ამასთან დაკავშირებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვაშინგტონი უკვე არა შევარდნაძეს, არამედ დასავლეთში განათლებამიღებულსა და ამერიკაში ნამუშევარ იურისტს, მიხეილ სააკაშვილს ემხრობა. ამდენად, როცა შევიტყობთ, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა 4 იანვრის არჩევნებში და საქართველოს ახალი პრეზიდენტი გახდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წელი შესანიშნავად დაიწყო, და უკეთესი მომავლის იმედი ვიქონიოთ.".

გაზეთ "ვაინენშლ ტაიმსის" საკუთარი კორესპონდენტი ტომ უორნერი დარწმუნებულია, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გამოვა გამარჯვებული, და მოჰყავს საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის შედეგი, რომლის თანახმადაც სააკაშვილი ხმების 80 პროცენტზე მეტ მიიღებს, ხოლო თემურ შაშიაშვილს, რომელიც დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით ყველაზე პოპულარულია, ამომრჩეველთა დაახლოებით ხუთი პროცენტი დაუჭერს მხარს. ბრიტანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"სტრატეგი პოლიტიკოსის ნიჭი სააკაშვილმა 2001 წელს გამოავლინა პირველად, როცა იუსტიციის მინისტრად დანიშნული საჯაროდ დაუპირისპირდა მთავრობაში მოკალათებულ კორუმპირებულ პირებს და მიხვდა, რომ მისი დღეები ბატონ შევარდნაძის კაბინეტში დათვლილი იყო. ღირსეულად დატოვა ბატონმა სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ, რაც მთავრობის სხდომაზე მიიტანა სხვა მინისტრების ფეშენებელური სახლების ფოტოსურათები და განაცხადა, რომ ამ ადამიანებს უკანონო გზით ჰქონდათ დაგროვილი სიმდიდრე. სულ მალე, სააკაშვილი უძღვებოდა საპროტესტო დემონსტრაციებს იმ სატელევიზიო არხის დასაცავად, რომელმაც პირდაპირ გადასცა მთავრობის კაბინეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის სენსაციური გამოსვლა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დააარსა ახალი პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალად იქცა საქართველოში."
XS
SM
MD
LG