Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და ბათუმს შორის დაპირისპირების ახალი ტალღაა მოსალოდნელი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 6 აპრილს ბათუმს ცენტრალური ხელისუფლების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური პოლიციის,

საბაჟოს ხელმძღვანელი პირები ბათუმში ყოფნისას ადგილობრივი სტრუქტურების ეფექტურობას ეცნობოდნენ და შესაძლო ცვლილებების შესახებ საუბრობდნენ. როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი მაქსიმალურად ცდილობს, აჭარის ავტონომიის სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის ცენტრალურ სტრუქტურებთან სინქრონიზაცია მოახდინოს.

ერთი შეხედვით, დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის თითქოს ჩაცხრა - მეორე დღეა, ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენლები პრობლემების გარეშე მუშაობენ. 6 აპრილს ბათუმში ჩასული თბილისელი სტუმრები იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ მოგვარდეს საბიუჯეტო და ფინანსური პრობლემები ბათუმსა და თბილისს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დაზავება დროებითია და უახლოეს ხანში დაპირისპირება თბილისსა და ბათუმს შორის ახალი ძალით იფეთქებს. ამ წუთისთვის კონფლიქტის დაწყებისთვის მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს.
მიზეზი პირველი - 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გენერალი რომან დუმბაძე, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს - გავრცელებული ცნობებით, სწორედ 25-ე ბრიგადის კუთვნილი ტექნიკა იყო განლაგებული ჩოლოქზე, როცა პრეზიდენტ სააკაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მიეცა. თავად გენერლის განმარტებით, ტექნიკა მისდამი დაქვემდებარებული ბრიგადიდან გამთენიისას დაუდგენელმა ნიღბიანმა პირებმა მისი ნებართვის გარეშე გაიტაცეს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აპირებს დაემორჩილოს ოფიციალურ ბრძანებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
სამხედრო იურისტის, თბილისის ყოფილი სამხედრო პროკურორის კობა კობიაშვილის განმარტებით, გენერალ დუმბაძის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა კიდევ უფრო დაამძიმებს მის ბრალს:
[კობა კობიაშვილის ხმა] "რამდენიმე მუხლი არსებობს, რომლითაც შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს: უფლებამოსილების გადამეტება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თუ იარაღი აიღო და ტექნიკა გამოიყვანა - არამართლზომიერი დაუფლება ტექნიკის და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული იმ მუხლების რაოდენობა, რა რაოდენობასაც მას წაუყენებენ."(სტილი დაცულია)
თითქოსდა, ყველაფერი ნათელია: იმ შემთხვევაშიც კი, თუ გენერალ დუმბაძის ვერსია მძიმე ტექნიკის ჩოლოქზე მოხვედრის თაობაზე მართალია, მას მაინც დაეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან სამხედრო ტექნიკა მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადიდან გაიტაცეს. თუმცა საეჭვოა, აჭარის მეთაურმა ამბოხებული გენერალი ცენტრს გადასცეს.
ურთიერთობის დაძაბვის მეორე მიზეზად, შესაძლოა, იქცეს თენგიზ ასანიძე - აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორში წლების მანძილზე მყოფი პატიმარი, რომლის საქმის ირგვლის მიმდინარე პროცესი 8 აპრილს სტრასბურგის სასამართლოში დასრულდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჩხაიძის განმარტებით, თუ სტრასბურგის სასამართლო ასანიძეს გაამართლებს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება უნდა უზრუნველყოს:
[გიორგი ჩხაიძის ხმა] "თუ საუბარი იქნება, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული, აქ ჩვენ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა მოველოდეთ, ვიდრე სამართლებრივს. ანუ რეალურად ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს, რაც რა გზით მოხდება - ამას ვერ გეტყვით. ძალიან რთულია ამ ეტაპზე....რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული."(სტილი დაცულია)
ეს თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების შესაძლო დაძაბვის მხოლოდ ორი მიზეზია, რომლებიც ზედაპირზე დევს. არადა, ასეთი მიზეზი, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტია.
XS
SM
MD
LG