Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ადგილს უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ადგილს უთმობს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკადრო ცვლილებებს საქართველოს ძალოვან

სტრუქტურებში და ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვნას.

7 ივნისის გაზეთი "ნოვიე იზვესტია" წერს, რომ "ოფიციალურ დონეზე არ საუბრობენ საკადრო ცვლილებების მიზეზზე, ამიტომ ანალიტიკოსები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ"..
მაგალითად, პოლიტოლოგი მალხაზ მაცაბერიძე ფიქრობს, რომ ძალოვანი მინისტრების გადაადგილება - კულუარული თამაშის შედეგია.

გაზეთის ცნობით, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ "ეს ცვლილებები ასახავს ძალთა ერთგვარ გადანაწილებას გარკვეულ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის". მაცაბერიძის თქმით, "დასაშვებია ისიც, რომ ზოგიერთმა ხელმძღვანელმა ნდობა არ გაამართლა, სხვებმა თავისი რესურსი ამოწურეს მოცემულ ადგილზე და სხვა პოსტებზე შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ."

პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი კი მიიჩნევს, რომ "მინისტრების შეცვლის შედეგად, გარკვეულ ძალოვან სამინისტროებს უფრო მკაცრი და მტკიცე ადამიანები გაუძღვებიან."

" ნოვიე იზვესტია" წერს, რომ "ოფიციალური განმარტებებით, მინისტრთა გადაადგილება არანაირად არ უკავშირდება სამხრეთ ოსეთის მოვლენებს", თუმცა, გაზეთის თქმით, "თბილისის ფსიქოლოგიური ზეწოლა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაზე აშკარაა."

8 ივნისის გაზეთ "ტრუდში" კი მოყვანილია ექსპერტთა მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვნის თაობაზე. რუსეთის ეკონომიკის
ექს-მინისტრმა ანდრეი ნეჩაევმა გაზეთს განუცხადა: "ეს არის მეტად საინტერესო ექსპერიმენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბენდუქიძისთვის მინისტრობა არ იქნება იოლი საქმე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა მეტად სპეციფიკურია და რთულ მდგომარეობაშია. ხოლო დიდი საწარმოს მართვის გამოცდილება და, თუნდაც, პატარა ქვეყნის ეკონომიკის მართვა, განსხვავებული გამოცდილებაა. მოსკოვში ცხოვრების დიდი ხნის განმავლობაში იგი გადაეჩვია იმ წესებსა და ურთიერთობათა სისტემას, რომელიც საქართველოში არსებობს. ასე რომ, მას თამაშის იქაური წესების ათვისება მოუწევს."

7 ივნისის "გაზეტა" არ გამორიცხავს, რომ "რუსეთში ბენდუქიძე, უბრალოდ, დაიღალა უშედეგო ცდებით, სახელმწიფო დონეზე გაეტარებინა თავისი იდეები ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში და ამიტომ გადაწყვიტა, ძალები ახალ სარბიელზე მოესინჯა."

გაზეთის თქმით, არსებობს კიდევ ერთი არანაკლებად პოპულარული აზრი: "ბენდუქიძის დანიშვნა - ესაა რუსეთის მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც გათვლილია ახალი ხერხების გამოყენებაზე უახლოეს მეზობელსა და ტრადიციულად რთულ პარტნიორთან ურთიერთობის ნორმალიზებისათვის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლისა და, რა დასამალია, ზოგჯერ ძალის გამოყენების მუქარის საპირისპიროდ, რუსეთი ეკონომიკური ბერკეტების საშუალებით აპირებს საკამათო პრობლემების გადასაწყვეტად კარგი პირობების შექმნას და ამით, საბოლოო ჯამში, რუსეთის გავლენის სფეროში საქართველოს დატოვებას."

7 ივნისის გაზეთი "ვედომოსტი" კი აკეთებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ვითარებაში, კახა ბენდუქიძე, შეიძლება, საქართველოს პრემიერი გახდეს.

გაზეთი წერს: "უნდობლობა და წინააღმდეგობები სააკაშვილსა და ამჟამინდელ პრემიერ ზურაბ ჟვანიას შორის უცილობელი კონფლიქტით დასრულდება. და ჟვანიას არ ექნება სხვა გამოსავალი, თუ არა ის, რომ ოპოზიციაში გადავიდეს (მისი ინვესტორი, როგორც ჩანს, პატარკაციშვილი იქნება). ასეთ პირობებში ბენდუქიძის დანიშვნა პრემიერად სავსებით ლოგიკური იქნება, როგორც პიარის თვალსაზრისით, ისე სხვადასხვა სახის ზეწოლის თავიდან აცილების კუთხით."
XS
SM
MD
LG