Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენდუქიძე ეკონომიკური სტაგნაციით ”გვემუქრება”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თავისი სკანდალური გამონათქვამებით ცნობილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გასულ კვირას კიდევ რამდენჯერმე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

”თბილავიამშენის” პირდაპირი შესყიდვის წესით პრივატიზების ირგვლივ ატეხილი ხმაურის გარდა, კახა ბენდუქიძემ მთავრობის ხდომაზე საქართველოში ეკონომიკური სტაგნაციის პერსპექტივაზე არანაკლებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია; რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა და ხეების ჭრის განახლება, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია მოხდებოდა, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ამგვარი განცხადების საფუძვლად ბენდუქიძემ ივლისის თვეში ეკონომიკის სამინისტროსა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიიჩნია.
მინისტრმა მთავრობის წევრებს წარმოუდგინა გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიზეზითაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად შეჩერებულია.

გამოკითხვაზე დაყრდნობით, ბენდუქიძე მრავალ სხვადასხვა მიზეზთა შორის ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებასა და ფულის მასის სიმცირეს ასახელებს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”მოხდა ფულის მასის სტერილიზაცია, ლიკვიდურობა დაკარგა ეკონომიკამ, იმიტომ რომ გადასახადები მეტი შეიკრიბა, მაგრამ ეს ფული უკან, ეკონომიკაში, ხარჯვის სახით არ დაბრუნებულა. ამიტომ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა გამყიდველს უნდა, რასაც ყიდის, უფრო მაღალ ფასში გაყიდოს, მომხმარებელს ფული არა აქვს და, უფრო ძვირი რაღაცის ნაცვლად, იაფს ყიდულობს. სტატისტიკურად ეს აღიქმება, როგორც ფასების შემცირება, მაგრამ, რეალურად, ვისაც უნდა კარგი საზამთროს ყიდვა, არ ყიდულობს და ყიდულობს, დავუშვათ, ვაშლს.”

სწორედ ”საზამთროსა და ვაშლის” თეორიით ცდილობს ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარების პირობებში სამომხმარებლო ბაზარზე ზოგიერთ პროდუქტზე ფასების ზრდის ახსნას. რეალურად, ფასები გამკაცრებულმა საგადასახადო ადმინისტრირებამ და რამდენიმე სტრატეგიულ ნედლეულსა და პროდუქტზე მსოფლიო კონიუნქტურის ზრდამ ასწია. ოფიციალურად კი, ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარი მნიშვნელოვნად არ გაძვირებულა და თუ ფასების გადამეტებული ზრდა არ აღინიშნა, ამის მიზეზად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პირველ რიგში, სწორედ ეროვნული ვალუტის გამყარებას ასახელებს.

ბენდუქიძის განმარტებით, გადასახადების ზრდა ადმინისტრირების ხარჯზე განხორციელდა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი კანონის ლიბერალიზაციამდე 9 თვით ადრე კანონის გამკაცრებას შეცდომად მიიჩნევს.
”ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფას მაგიური სიტყვები სჭირდება“, - აღნიშნავს ბენდუქიძე, რომლის თქმით, ეკონომიკურ სფეროში ჩვენთან არანორმალური ვითარებაა. ანუ ეკონომიკის მინისტრს ნაკლებად ახარებს ის, რომ საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ოდნავი წესრიგი დამყარდა და კონტრაბანდის მასშტაბები შემცირდა. როგორც ჩანს, ბენდუქიძეს მაინცდამაინც არც ეროვნული ვალუტის გამყარება ხიბლავს და მონეტარულ ხელისუფლებას ემისიისაკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ ათიოდე წლის წინ ამგვარი პოლიტიკა უკვე ტარდებოდა, თუმცა ფინანსური ბაზრის ფულით გაჯერებას ეკონომიკის განვითარება არ გამოუწვევია. უფრო პირიქით: საყოველთაო აღიარებით, სწორედ ეს პოლიტიკა გახდა საქართველოს ეკონომიკური სხეულის საბოლოოდ დამანგრეველი.
იმაში, რომ საგადასახადო სისტემა დრაკონულია და გამკაცრებული ადმინისტრირების პირობებში ბიზნესისათვის ამ თამაშის წესების დაცვა, ფაქტობრივად, გაკოტრების ტოლფასია, დამნაშავეა ისევ და ისევ ხელისუფლება, რომელიც კარგა ხანია საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციაზე საუბრობს, თუმცა ნოემბრის შემდეგ ეს საუბრები ვერა და ვერ იქცა რეალურ საქმედ. ამდენად, ეკონომიკური სტაგნაცია, რასაც ბენდუქიძე წინასწარმეტყველებს და რის საწინააღმდეგოდაცაა განწყობილი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც, სხვათა შორის, კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანოდ ითვლება, მთლად იმ მიზეზებით არ უნდა იყოს გამოწვეული, რასაც ეკონომიკის სამინისტრო უკეთებს აფიშირებას და რაც ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაში მდგომარეობს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, მიმოქცევაში გაშვებული ფულის მასის შემცირების ტენდენცია არ დასტურდება. უფრო პირიქით: მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში მიმოქცევაში არსებულმა ნაღდმა ფულმა 514 მლნ ლარი შეადგინა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87 მლნ ლარითაა გაზრდილი. ეს მოცულობა კი ქართული ბაზრისათვის, რომელიც ერთგვარი მოლოდინის მდგომარეობაშია, მცირე თანხა არ გახლავთ. რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან თავშეკავებას და სამეურნეო აქტივობის შემცირებას, ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ბიზნესი არსებულ საგადასახადო გარემოში ვერ შეძლებს მოგების მიღებას, მოგება კი სამეწარმეო საქმიანობის პირველი და მთავარი მოტივაციაა.

საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, თავისი უფროსისაგან განსხვავებით, პოზიტიურ მოვლენად აფასებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმა მას აუცილებლად მიაჩნია:

[ნათია თურნავას ხმა] ”ახლა რეალურად ჩვენ დავდექით იმ პრობლემის წინაშე, როცა სიმკაცრე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა თუ არ იქნება დამატებითი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგმული, მეწარმეებთან პარტნიორობის თვალსაზრისით, შეიძლება ეს მდგომარეობა, როცა გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ ადამიანები და თანხები არ იდება ეკონომიკაში და გაცილებით დიდი ინვესტიციები სჭირდება ჩვენს ეკონომიკას დღეს, რომ მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდეს.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ამ მდგომარეობის პროგნოზირება რთული არ გახლდათ, რადგან ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო მომხიბვლელობისათვის მხოლოდ ცარიელი დეკლარაციები და პომპეზური ბიზნესკონფერენციები არ კმარა. საერთოდ, კაპიტალი მიისწრაფვის იქით, სადაც უფრო მეტად დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს. ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაცილებით ადრე წინასწარმეტყველებდა:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”ამის შესახებ ჩვენ დავიწყეთ ზარის რეკვა 2001 წელს. ჩვენ ვთქვით, რომ 1999 წლიდან საქართველოში საერთოდ შეჩერებულია ეკონომიკური ზრდა. ორი ფაქტორი განაპირობებდა ეკონომიკურ ზრდას – პირველი ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელმაც 6 პროცენტი შემატა მთლიან შიდა პროდუქტს, და ჩრდილოვანი სექტორი. ჩრდილოვანი ეკონომიკა ვინაიდან ახლა დიდ სიძნელეებს განიცდის – პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ეკონომიკური რეალობა და არც შეიცვლება, სანამ ძალაში არ შევა ახალი საგადასახადო კოდექსი. ”(სტილი დაცულია)

ანუ ძირითადი პრობლემა, რის გამოც ეკონომიკური ზრდა ფერხდება და სამომხმარებლო ბაზრის კონიუნქტურაც იცვლება, ისევ და ისევ საგადასახადო პოლიტიკა, ანუ არსებული ბიზნესგარემოა, რომელიც საქართველოში, დაპირებების მიუხედავად, არ შეცვლილა.
XS
SM
MD
LG