Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკეები რომის პაპის სულის მოსახსენიებლად ლოცულობენ


გასული შაბათიდან საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები რომის პაპის სულის მოსახსენიებლად ყოველდღიურად საგანგებო ლოცვას აღავლენენ. იოანე პავლე მეორის

გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამგლოვიარო ღვთისმსახურება ათ დღეს გასტანს.
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის გარდაცვალების გამო ვატიკანს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, რომლის კურთხევით, იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიას საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრება.

ამ დღეებში საქართველოში მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, ხშირად იხსენებენ, რომ რომის პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოში იმყოფებოდა. თუ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს არ ჩავთვლით, სწორედ საქართველო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც 1999 წლის ნოემბერში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ეწვია. ორი დღის განმავლობაში იოანე პავლე მეორე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტს და ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. რომის პაპის მიერ თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ლიტურგიაზე დასასწრებად საქართველოში კათოლიკეები რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ღვთისმსახურებას მხოლოდ კათოლიკეები არ დასწრებიან. იოანე პავლე მეორის ვიზიტი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კავკასიის ქრისტიანული ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა. გაცილებით თავშეკავებული პოზიცია ჰქონდა მაშინ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თითქმის ექვსი წლის შემდეგ, რომის პაპის გარდაცვალებას ,,მთელი მსოფლიოსთვის დიდი დანაკლისი” უწოდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ:

[ილია მეორის ხმა] ,,მისი მოღვაწეობა ეს არის მთელი ეპოქა არა მარტო რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, არამედ საერთოდ საკაცობრიო ისტორიაში. განსაკუთრებული ახლო ურთიერთობა მას ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და პირადად ჩემთან.” (სტილი დაცულია)

1999 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩატარებული ლიტურგიისას იოანე პავლე მეორემ მრევლს ქართულად მიმართა და შემდეგ იმაზე ისაუბრა, რომ სტუმართმოყვარეობით განთქმული საქართველო ყოველთვის იყო სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისადმი პატივისცემისა და შემწყნარებლობის მაგალითი.

[ჯუზეპე პაზოტოს ხმა] ,,მე ვიყავი მასპინძელი, როცა მოვიდა საქართველოში. მერე მივედი ვატიკანში რამდენიმეჯერ და გვქონდა საუბარი მასთან. სულიერად ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა და ეს არ არის მარტო ჩემთვის, ბევრი ხალხისთვის იყო დიდი პიროვნება.” (სტილი დაცულია)

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, რომელიც საქართველოს კათოლიკეთა სულიერი წინამძღოლია, ამბობს, რომ რომის პაპის თანადგომას მუდმივად გრძნობდა და უფალს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ მას და ეკლესიას დახმარებას წმინდანი უწევდა.
იოანე პავლე მეორის სულის მოსახსენიებლად მსოფლიოს კათოლიკეებთან ერთად საქართველოშიც ლოცულობენ. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ რომის გარდაცვლილი პაპის განსაკუთრებულ ქარიზმას და პიროვნულ თვისებებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა თანამედროვე სამყაროსთვის, რომელიც რელიგიით ნაკლებადაა დაინტერესებული და პოლიტიკასა და მატერიალურზეა ორიენტირებული

[ზაზა შათირიშვილის ხმა] ,,მე, მაგალითად, ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი თანამედროვე სამყაროს რელიგიური გრძნობებისადმი. ის,რასაც თვალს ვადევნებ, განსაკუთრებით საოცარია, რაც ხდება ახლა საფრანგეთში, ამ ყველაზე უფრო ანტიკლერიკალურ ქვეყანაში, სადაც ეკლესიაში 8% დადის მოსახლეობის. როდესაც მე ვნახე გადაჭედილი ნოტრდამი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეს არის სრულიად გამაოგნებელი ჩემთვის. აშკარად ვხედავ, რომ თანამედროვე სამყაროშიც კი არ არის ჩაკლული ბოლომდე ეს რელიგიური წყურვილი და ამ თვალსაზრისით იმას, რაც დღეს ხდება, აქვს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა.” (სტილი დაცულია)

ზაზა შათირიშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ იოანე პავლე მეორე იყო ის ადამიანი, რომელმაც ეკლესიას უამრავი ადამიანი დაუბრუნა.
რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საგანგებო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში რამდენიმე დღეს გასტანს.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან, საერო ხელისუფლება მხოლოდ სამძიმრის წერილით შემოიფარგლა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG