Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საიდუმლოების კანონის ცვლილებათა პროექტი უთანხმოების საგნად რჩება


რამდენიმე კვირაა საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს პლენარულ სხდომაზე განიხილოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სახელმწიფო

საიდუმლოების მოქმედი კანონის შეცვლას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე მინისტრს საიდუმლო ბრძანების გაცემის უფლება უნდა მიენიჭოს. ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტები და ოპოზიცია, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც.


სახელმწიფო საიდუმლოების მოქმედი კანონის შეცვლისა და ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებისთვის საიდუმლო განკარგულებების გაცემის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული იდეის ერთი კონკრეტული ავტორი უცნობია. ის, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტი არსებობდა, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გაირკვა და მაშინვე თვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ, ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრმა, შესაძლოა, ტანკებიც კი შეიძინოს და არც დაბეგვრის დეპარტამენტის შექმნას მოერიდოს. გასულ შემოდგომაზე დაწყებული ეს აჟიოტაჟი ამ გაზაფხულზე გაგრძელდა. ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებისთვის უფლებამოსილების გაფართოების იდეას პარლამენტის თავმჯდომარე უცნაურ ტენდენციას უწოდებს და დაუშვებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გაუკონტროლებელი სამინისტროების არსებობას. ნინო ბურჯანაძემ მთავრობას კანონპროექტის გაწვევის, დეპუტატებს კი - პოზიციის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდა. საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ მოწოდებას ყველაზე აქტიურად გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, თავად კომიტეტმა კი კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა დაურთო. თავდაპირველი დასკვნა რომ იურიდიულ კომიტეტსაც უარყოფითი ჰქონდა, ამის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა:

[ნინო კალანდაძის ხმა] ,,ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ პოზიციები შევაჯეროთ. პარლამენტის თავმჯდომარეც, ნუ, იმდენად წინააღმდეგია, რამდენადაც კომიტეტებში არსებობს, უბრალოდ, უარყოფითი დასკვნები. სასურველია, მთავრობასთან შეგვეჯერებინა პოზიციები. ჩვენი წინადადებები გავგზავნეთ და ვნახოთ, როგორი შემხვედრი წინადადებები იქნება მთავრობის მხრიდან.” (სტილი დაცულია)

განმარტებით ბარათში, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების კანონის ცვლილებათა პროექტს ახლავს, მისი დამტკიცების აუცილებლობას მთავრობა იმით ხსნის, რომ ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეწევიან, ამიტომ ამ უწყებების ხელმძღვანელებს საიდუმლო ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება უნდა ჰქონდეთ.
,,მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი კოკა გუნცაძე ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვისას მთავრობის წევრთაგან ცვლილების სასარგებლო დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოისმინა. პროექტისადმი უარყოფით პოზიციას ,,მემარჯვენეები” ამგვარად ასაბუთებენ:

[კოკა გუნცაძის ხმა] ,,მთავარი პრინციპი ჩვენი მიდგომისა მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო უნდა წავიდეს მეტი გამჭვირვალობის გზით და არა ჩაკეტილობის გზით. კი არ უნდა გააფართოოს საიდუმლო აქტების კატეგორიები, პირიქით, რაც შეიძლება გამჭვირვალე გახადოს სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტები. ჩვენ გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა და მეტი სამოქალაქო მონიტორინგი და მეთვალყურეობა სახელისუფლებო გადაწყვეტილებებზე და, საერთოდ, ხელისუფლების განხორციელებაზე.” (სტილი დაცულია)

რატომ უნდა ჰქონდეთ ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს საიდუმლო ბრძანებების გაცემის უფლება? - ამ შეკითხვის საპასუხოდ კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ საუბარია ოპერატიულ აუცილებლობაზე, რადგან ფინანსთა მინისტრს ფინანსური პოლიცია, იუსტიციის მინისტრს კი - პენიტენციალური სისტემა ექვემდებარება.

[ანა დოლიძის ხმა] ,,ეს არის ორი ისეთი სფერო, სადაც, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არის ყველაზე მეტად გავრცელებული - განსაკუთრებით სასჯელთაღსრულების დეპარტამენტზე თუ ვისაუბრებთ. ისედაც ამ ორი მიმართულებით ძალიან რთულია საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა გარკვეულ პროცესებში და საჯაროობის თვალსაზრისითაც ამ ორივე დაწესებულებას სერიოზული პრობლემები აქვს. გარკვეული თანამდებობის პირებისათვის იმ უფლების მინიჭება, რომ საერთოდ ზოგიერთი სფერო მოსახლეობის ინტერესს ჩამოაცილონ და მხოლოდ მათ გამგებლობას განეკუთვნებოდეს, ჩემი აზრით, დაუშვებელია.” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა დოლიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო საიდუმლოების მოქმედი კანონით უკვე დადგენილია ის საკითხები, რომელთა გასაიდუმლოება დასაშვებია და განსაზღვრულია განსაიდუმლოების პროცედურაც. საზოგადოების კონტროლს მიღმა გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმების ამოქმედებას ანა დოლიძე ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დემოკრატიულ კურსთან სრულიად შეუსაბამოს უწოდებს. რაც შეეხება პარლამენტის საბოლოო პოზიციას, არგუმენტებს იმის თაობაზე, სჭირდებათ, თუ არა ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს საიდუმლო განკარგულებების გაცემის უფლება, დეპუტატთა სპეციალური ჯგუფი მოამზადებს. პარლამენტის მიერ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, მინისტრების ფარული ბრძანებების ობიექტურობისა და კანონიერების გარანტიას ვერავინ იძლევა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG