Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩონჩხების შიში


“ოქროს საუკუნეში” დროდადრო ყურადღებას ვუთმობთ

კომუნისტურ ეპოქაში შექმნილ დოკუმენტებს, რომელშიც კარგად ჩანს ტოტალიტარული ხელისუფლების კულტურული პოლიტიკა და თავისუფალი შემოქმედების დათრგუნვის მცდელობა. დოკუმენტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, შეიძლება ითქვას, კრემლის ფსიქოლოგიური პორტრეტია. ზუსტად 70 წლის წინ შექმნილი და სტალინის მისამართით გაგზავნილი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მხატვრები თავიანთი კოლეგის, ვინმე მიხაილოვის, დაპატიმრებას მოითხოვენ, ეგრეთ წოდებული “დანოსის” ტიპიური ნიმუშია. თუმცა ეს დოკუმენტი იმასაც წარმოაჩენს, თუ რა ხდებოდა ამ დროს კრემლის ჩინოვნიკთა არაცნობიერ სამყაროში, რისი და რატომ ეშინოდათ მათ.


როგორც კი ნიკიტა ხრუშჩოვმა კიროვის მკვლელობა სტალინს დააბრალა, რუსეთის ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა დაიწყო კიროვისგან რომანტიკოსის, წამებულის, “ადამიანური სოციალიზმისთვის” მებრძოლის ხატის შექმნა. თუმცა კიროვის მკვლელობას ისტორიკოსები, როგორც ამბობენ ხოლმე, “ყოფითი მოტივითაც” ხსნიან. ლევ ბარსკი, მაგალითად, კიროვის მრავალრიცხოვან საყვარლებს შეგვახსენებს, მათ შორის, პარტიის ლენინგრადის სამხარეო კომიტეტის სასადილოს ოფიციანტს მილდა დრაულეს. გავრცელებული ვერსიით, კიროვი სწორედ დრაულეს ქმარმა, ლეონიდ ნიკოლაევმა, მოკლა. 1934 წლის 1 დეკემბერს კიროვს, რომელიც დაცვის გარეშე გამოვიდა სმოლნის სათათბირო დარბაზიდან, ნიკოლაევმა ზურგში ესროლა, მერე კი თავის მოკვლა სცადა, თუმცა წარუმატებლად. სტალინი მაშინვე გაემგზავრა ლენინგრადში და გზაშივე უარყო მკვლელობის მოტივი – “ეჭვიანობა”. ნიკოლაევი მკვლეობის შემსრულებლად დასახელდა, შემკვეთად კი - ლევ ტროცკი. მიუხედავად ამის, ნიკოლაევი მაინც დახვრიტეს. დახვრიტეს მილდა დრაულეც. ქალის ნათესავები კი ციმბირში გადაასახლეს.

თუმცა სტალინისთვის კიროვის მკვლელობა გრანდიოზული შოუს მოწყობის საბაბი გახდა. შოუს “კიროვის დაკრძალვა” უწოდეს. დასაფლავებაზე სტალინი სიტყვით გამოვიდა და ასი ათასამდე ადამიანის თვალწინ დაიფიცა, რომ უახლოეს ხანში გაუსწორდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მტრებს, იმათ, ვინც კიროვის მკვლელობა დაგეგმა. ამავე დღეს საბჭოთა მხატვრებს, მწერლებს, მუსიკოსებს მოუწოდეს შეექმნათ ნაწარმოებები, რომელშიც დაგმობდნენ ტროცკისტ მკვლელებს და კიროვის გმირობებს ასახავდნენ.

[მუსიკა]

როგორც ჩანს, საბჭოთა შემოქმედებითი ინტელიგენცია კიროვის ფიგურამ მაინცდამაინც არ მოხიბლა. კიროვს ხომ აქამდე სტალინის ერთგვარ ანტიპოდად მიიჩნევდნენ (ამიტომაც სჯერა ზოგიერთ ისტორიკოსს, რომ ნიკოლაევი სმოლნში სწორედ სტალინმა მიაგზავნა). კრემლში ისიც კარგად ახსოვდათ, რომ პარტიის მე-17 ყრილობაზე კიროვის წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ სამმა დეპუტატმა, სტალინის წინააღმდეგ კი - 270-მა... ყველამ იცოდა, რომ ბიულეტენები სტალინის წინააღმდეგ კაგანოვიჩმა სასწრაფოდ მოსპო, ისინი კი, ვინც კიროვს მიანიჭა უპირატესობა, 1937-38 წლებში დახვრიტეს.

ამ ინფორმაციას არამარტო კრემლში ფლობდნენ. შემოქმედებით ინტელიგენციას ეტყობა გაუჩნდა ეჭვი, რომ თუკი ისინი კიროვის სახელს უკვდავყოფდნენ, პარტია მათ აუცილებლად გაუსწორდებოდა. ამიტომ კინემატოგრაფისტები და მწერლები არა იმდენად კიროვის სახით, რამდენადაც კომუნიზმის მტრების მხილებით დაინტერესდნენ. მხატვრები უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ტროცკის პორტრეტების ხატვას ხომ არ დაიწყებდნენ? ბოლოს და ბოლოს, გამოსავალს მიაგნეს – დაიწყეს იმ შოუს ასახვა, რომელიც სტალინმა კიროვის დაკრძალვაზე დადგა: ცენტრში ბელადი, რომელიც ფიცს დებს და იმუქრება და გარშემო - სტალინის სიტყვით შთაგონებული კომპარტიის გამოჩენილი მოღვაწეები. ერთ მხატვარს შეეშალა მხოლოდ – ვინმე ნიკოლაი მიხაილოვს. გულუბრყვილომ სხვებთან ერთად სურათზე კიროვის ცხედარი გამოხატა და დაისაჯა კიდეც.

1935 წლის 23 იანვარს ცეკას კულტურისა და ლენინიზმის პროპაგანდის განყოფილების უფროსმა სტეცკიმ პოლიტბიუროში წერილი აფრინა:

[ტექსტი] “დღეს დილით გამოიძახეს მოსკოვის მხატვართა კავშირის პარტჯგუფის წევრები მიხაილოვის კონტრვოლუციური სურათის, “კიროვის დაკრძალვის”, შესაფასებლად. ფერწერის სპეციალისტმა იუონმა ყურადღება მიაქცია ჩონჩხის სიმბოლოს სურათზე და აღნიშნა, რომ ჩონჩხის გამოსახულება აქ შემთხვევითი არ უნდა იყოს.”

ჩონჩხმა კომუნისტი მხატვრები, ეტყობა, ძალიან შეაშინა. ნიკოლაი მიხაილოვმა, როგორც ჩანს, კარგად ვერ გააცნობიერა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში – როგორც ჩანს, იგი “გაიჭედა” 20-იანი წლების ეპოქაში, როცა საბჭოთა - მათ შორის, ქართველი -მხატვრები ექსპრესიონიზმის გავლენას არ უარყოფდნენ. შალვა ქიქოძემ, მაგალითად, 1920 წელს დაასრულა მუშაობა სურათზე “დაკარგული მეგობრის გახსენება”, რომელშიც სიკვდილის ალეგორიული სახე წამყვან როლს თამაშობს. თუმცა ქიქოძემ გასაბჭოებული საქართველოდან გაქცევა მოასწრო და 1921 წელს გერმანიაში გარდაიცვალა.... აი, მიხაილოვმა კი ვერ მოასწრო... რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ კოლეგები მისი წარსულით დაინტერესებულიყვნენ. დადგენილების ტექსტში აღნიშნულია, რომ მიხაილოვს მამა ჰყავდა თეთრგვარდიელი:

[ტექსტი] “შემდეგ მოეწყო მხატვართა კავშირის სამდივნო. გამოიძახეს მიხაილოვიც. მხატვრებმა გამოჰკითხეს იგი. მათ აინტერესებდათ ავტორის აზრი სურათის დეტალებზე და მიხაილოვის ბიოგრაფიაც. თავდაპირველად მიხაილოვი გამომწვევად იქცეოდა, ამტკიცებდა, რომ სურათში არაფერია ცუდი, თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო კოლეგების დაკითხვას და აღიარა, რომ მისტიკით იყო გატაცებული.”

სხვათა შორის, მისტიკით – სიკვდილის სიმბოლოებით, ჩონჩხებითა და ფიტულებით - მოგვიანებთ კიდევ ერთი ქართველი მხატვარი დაინტერესდება - ლადო გუდიაშვილი... მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ გუდიაშვილის გრაფიკულ სერიაში ეს სიმბოლოები ან გერმანელ ფაშისტებს, ან კი საბჭოთა კავშირის აგენტებს გამოხატავენ... აქ კი, მიხაილოვთან, ჩონჩხები და ფიტულები კომპარტიის ბელადებთან ერთად იყო განლაგებული. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა მხატვრები აღაშფოთა ამ საზიზღრობის ხილვამ. აღშფოთებას კი, მოგეხსენებათ, ეჭვიანობა მოჰყვება ხოლმე – კიროვის დაკრძალვის შოუს გადაქცევა ნეკროფილურ სანახაობად იქნებ იმას ნიშნავს, რომ 1935 წლის საბჭოეთი თავად იქცა ნეკროფილიის ბუდედ? შეშინებულმა სტეცკიმ სასწრაფოდ მოითხოვა ნიკოლაი მიხაილოვის დასჯა:

[ტექსტი] “მიმაჩნია, რომ მიხაილოვი სასწრაფოდ უნდა დავაპატიმროთ.”

დადგენილებას თან ახლავს სტალინის რეზოლუცია: “გავეცანი. სასწრაფოდ დააპატიმრეთ ეს მიხაილოვი”. სტალინის გარდა, დოკუმენტს ხელს აწერენ: მოლოტოვი, ვოროშილოვი, კაგანოვიჩი. მიხაილოვს დააპატიმრებენ და ცოტა ხანში დახვრეტენ კიდეც. პარალელურად კი დაიწერება მეცნიერული კომუნიზმის თეორეტიკოსთა ნაშრომები – ხალხი დაიჯერებს, რომ კომუნიზმის ეპოქაში მეცნიერება ისე განვითარდება, რომ ადამიანი სამუდამოდ დაამარცხებს სიკვდილს... დანაშაულსაც არავინ ჩაიდენს, მით უმეტეს, ეჭვიანობის გამო... “კომუნისტურ სამოთხეში” ყველას ეყვარება ერთმანეთი და არავინ მოკვდება.

[მუსიკა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG