Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწავლო კრედიტებს საქართველოში ჯერ არ გასცემენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ბევრი ქვეყნის საბანკო დაწესებულებების პრაქტიკაში რამდენიმე ათეული წელია დამკვიდრებულია ე.წ. სასწავლო კრედიტის ფორმა, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს

მოახდინონ საკუთარი სწავლის დაფინანსება. საგამოცდო ციებ-ცხელების დასრულებისა და ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ საინტერესოა არსებობს თუ არა ამ ტიპის სესხი საქართველოში და როგორ შეუძლიათ იმ ქართველ სტუდენტებს მშობლებისაგან დამოუკიდებლად სწავლის საფასურის გადახდა, რომლებიც სახელმწიფო გრანტის მფლობელთა სიის მიღმა დარჩნენ.

იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ფასიან სექტორზე ჩაირიცხნენ ან სულაც უცხოეთში სურთ სწავლის გაგრძელება, სხვა პრობლემებთან ერთად სწავლის საფასურის გადახდაზეც უწევთ ფიქრი. ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელია ე.წ. სასწავლო კრედიტების მეშვეობით. ანუ სტუდენტი საბანკო დაწესებულებიდან იღებს გრძელვადიან სესხს, რომლის მეშვეობითაც ფარავს სწავლის საფასურს. სასწავლო კრედიტი, ფაქტობრივად, არის ამა თუ იმ ქვეყნის საკრედიტო დაწესებულების მიერ თავისი ქვეყნის მომავალ განვითარებაში ინვესტირება. გარდა ამისა, თავად კრედიტის ამღებს სრულფასოვანი განათლების მიღებისა და შემდგომი ზრდისთვის დამატებითი სტიმული უჩნდება.

არსებობს თუ არა კრედიტის ანალოგიური ფორმა საქართველოში? საბანკო ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩვენთან სასწავლო კრედიტის ტიპი ჯერ არ არის დამკვიდრებული და თუ დავუშვებთ, რომ ამ მიზნით შეიძლება ვინმემ გასცეს კრედიტი, ის არ იქნება დასავლეთში დამკვიდრებული სასწავლო სესხის კლასიკური ფორმა და ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი იყოს ე.წ. სამომხმარებლო კრედიტზე, რომელიც გაიცემა იმავე პრინციპით, როგორითაც სხვა ნებისმიერი კრედიტი, ანუ აუცილებელი პირობაა სესხის უზრუნველყოფა და მსესხებლის პერმანენტული შემოსავალი. სტუდენტს კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეუძლებელია საქართველოში რაიმე, მეტ-ნაკლებად ადეკვატური, შემოსავალი ჰქონდეს. შესაბამისად, სასწავლო კრედიტის გაცემის შესაძლებლობა ამის გამო მაქსიმალურად მინიმიზებულია. ამასთან, სამომხმარებლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, იმავე იპოთეკურ ან ბიზნეს სესხებისაგან განსხვავებით, გაცილებით მაღალია.

საბანკო ექსპერტი ბაადურ ყიფიანი აცხადებს, რომ სწავლის დაფინანსებისათვის ამჟამად მხოლოდ სამომხმარებლო კრედიტის ტიპი შეიძლება გამოდგეს და ეს კრედიტი მშობელმა უნდა აიღოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სესხის მიზნობრიობის გამო, შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო პრობლემა შეექმნას როგორც მას, ისე სესხის გამცემს:

[ბაადურ ყიფიანის ხმა] ”მშობელი თუ აიღებს ამ სესხს, მაშინ პირდაპირ უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს არის შვილის სწავლისათვის განკუთვნილი და მშობელი თავს იდებს ამ სესხის დაფარვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონფლიქტში მოვა საქართველოს კანონმდებლობის იმ ნაწილთან, რომელიც არამიზნობრივი კრედიტის აღებას ითვალისწინებს, რაც დასჯადია არა მარტო სისხლის სამართლის, არამედ საგადასახადო კოდექსითაც. ისჯება როგორც საბანკო დაწესებულება, ისე სესხის მიმღები მხარე. ამდენად, სასწავლო კრედიტის სფერო საქართველოს საბანკო ბაზარზე აუთვისებელი სფეროა.”(სტილი დაცულია)

თუმცა საკანონმდებლო წინააღმდეგობაზე მეტად სასწავლო კრედიტის დამკვიდრებას, ბაადურ ყიფიანის აზრით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო უშლის ხელს.

[ბაადურ ყიფიანის ხმა] ”არცთუ ისე განებივრებულია საქართველოს საზოგადოება შრომითი ადგილებით და ეს პირდაპირ უკავშირდება ამ სასწავლო კრედიტს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, თუნდაც გადაწყვიტოს რომელიმე ბანკმა, რომელიც დღეს ათ და ოცწლიან იპოთეკურ სესხებს იძლევა, სასწავლო კრედიტი გასცეს იმავე ვადით, მას გარანტია თითქმის არ რჩება, რომ სწავლამიღებული ახალგაზრდა მოახდენს ამ სწავლის გამოყენებას და მიიღებს ადეკვატურ სამუშაოს. ეს კი პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის მოახერხებს ამ სესხის დაბრუნებას. ამდენად, ეს კრედიტი დამოკიდებულია არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე.”(სტილი დაცულია)

როგორც აღმოჩნდა, სასწავლო კრედიტის აღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, სტუდენტს საკუთარი განათლების დამოუკიდებლად დაფინანსების ალტერნატიული წყარო ჯერჯერობით, ფაქტობრივად, არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG