Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მთავრობის მუშაობის ეფექტურობის ახალი კრიტერიუმი მკვიდრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტმა, გუბერნატორების შეფუცხუნების შემდეგ, გასულ კვირას საკუთარი მინისტრებისთვისაც მოიცალა და მათ, გუბერნატორების მსგავსად, ხალხში გასვლა,

მათთან აქტიური კონტაქტი და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების მოშლა დაავალა. ჯერ გუბერნატორებმა, შემდეგ კი მინისტრებმა სააკაშვილის დავალების შესრულება დაიწყეს, ხალხში გასვლის გრაფიკები შეადგინეს, საკუთარი მობილური ტელეფონების ნომრები საჯაროდ გამოამზეურეს და მოსახლეობასთან შეხვედრებსაც მოუხშირეს. ყოველივე ეს კი, რა თქმა უნდა, სატელევიზიო კამერების თანხლებით ხდება.

პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე გამოთქმულმა მოსაზრებებმა და დავალებებმა საბაბი მისცა ექსპერტებს სახელმწიფო მართვის ახლებურ - ”ქართულ” - სისტემაზე დაეწყოთ მსჯელობა. ნიკო ორველაშვილი ამ სისტემას მიხეილ სააკაშვილის ”ნოუ-ჰაუს” უწოდებს, თუმცა მის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”მართვა და მართვის სისტემები მთელი მეცნიერება გახლავთ და პრაქტიკა კიდევ უფრო მეტად რთულია, ვიდრე თავად მართვის თეორია. რაც კაცობრიობა არსებობს, მას შემდეგ მართვის სისტემები იხვეწება და ვითარდება. საქართველოს დღევანდელობა, მე მგონი, საერთოდ ახალ სიტყვას ამბობს მართვის თეორიასა და პრაქტიკაში. იმიტომ გვესმის ისეთი მოწოდებები, შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არ თქმულა და არ გაგონილა აქამდე.”

პრეზიდენტის გამოსვლაში ყველაზე საინტერესო ის მოწოდება იყო, რომელიც სატელეფონო ზარებს შეეხებოდა. მინისტრთა კაბინეტის იმ წევრებმა, რომლებიც მობილურ ტელეფონზე მათთვის უცხო ნომრებს არ უპასუხებენ, პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო მართვის ”ქართულ” თეორიაშიც ხალხის ზარებზე გაცემული პასუხების რაოდენობა შეფასების ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დამკვიდრდება. ექსპერტ ნიკო ორველაშვილს არც ეს კრიტერიუმი მიაჩნია მთავრობის ეფექტურობის განმსაზღვრელ ფაქტორად. უფრო პირიქით, მისთვის გაუგებარია, როდის უნდა შეასრულოს მინისტრმა მასზე დაკისრებული უშუალო მოვალეობა, თუ ის 24 საათი მხოლოდ ტელეფონზე ”მასლაათით” იქნება დაკავებული:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”კონკრეტულად თუ მეკითხებით ზარებზე პასუხის რაოდენობას და თუ რამდენად ასახავს ეს მართვის სისტემის ეფექტურობას და პროგრესულობას, გეტყვით, რომ, პრინციპში, არანაირად. სრულიად პირიქით: მინისტრმა თუ დილიდან საღამომდე ტელეფონზე ისაუბრა და თუ მას ამის ვალდებულება აქვს, დიდი ალბათობით, მას 24 საათი მხოლოდ ტელეფონზე საუბარი მოუწევს და მერე რა უნდა აკეთოს, როგორ უნდა აკეთოს და მასზე დაკისრებული ფუნქციები როგორ უნდა განახორციელოს ეფექტიანად, დაგვრჩება ეს კითხვა პასუხგაუცემელი.” (სტილი დაცულია)

საკუთარ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი, რასაკვირველია, კარგია და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, მართლაც, ხშირად უნდა აკეთებდნენ ამას, მით უმეტეს, როდესაც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის მინისტრის კაბინეტამდე მიღწევა, არსებული ბიუროკრატიის პირობებში, თითქმის შეუძლებელია. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ მინისტრებს ამის პერმანენტული შეხსენება სჭირდებათ. ამასთან, ”ხალხში გასვლა” ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ პიარაქციებით და ტელეეთერით გასული სიუჟეტების რაოდენობით იზომება. ამომრჩევლის რეალური მოთხოვნები კი, ხშირ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებელი რჩება. მოსახლეობისათვის, რომელიც თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ გრძნობს, დაუსაქმებელია, პერმანენტულად აწყდება ბიუროკრატიულ ბარიერს, სასამართლოში სამართალს ვერ პოულობს და მომავლის იმედი ნაკლებად აქვს, სატელეფონო ზარზე რომელიმე მინისტრის პასუხი, ვფიქრობ, ვერაფერი შეღავათია.
XS
SM
MD
LG