Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ამნესტი ინტერნეიშნელი'' ადამიანის უფლებების დარღვევაზე ერაყში


ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნელი" აცხადებს, რომ ერაყში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები.

ათასობით ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იმყოფება საპატიმროში. მათ სცემენ, აწამებენ, არ აძლევენ ვექილებთან კონტაქტის უფლებას.

სასამართლოს გარეშე დაპატიმრებები. პატიმრობის გახანგრძლივება სასამართლოს გადაწყვეტილების გერეშე. აუტანელი პირობები. წამება.

კანონდარღვევების ეს ჩამონათვალი არ გახლდათ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროიდან. "ამნესტი ინტერნეიშნელი" ამ ბრალდებებს დღევანდელი ერაყის ხელისუფლებას და ერაყში მოქმედ საერთაშორისო სამხედრო კოალიციას უყენებს.

ორგანიზაციის ახალგამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსა ეწოდება "აბუ ღრაიბის შემდეგ: დაპატიმრება და წამება ერაყში", ლაპარაკია აბუ ღრაიბის ციხის ცნობილი სკანდალის შემდეგ პერიოდზე.

ამნესტის მიხედვით, შეერთებული შტატების დაპირება, რომ ვითარება შეიცვლებოდა, ცარიელ სიტყვებად დარჩა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღეს ერაყში დაახლოებით 14 000 ადამიანი იმყოფება პატიმრობაში ოთხ საპატიმროში. მათი უდიდესი ნაწილი შეერთებული შტატების მეთვალყურეობის ქვეშაა.

დაკავებულთაგან მრავალი მათგანი თვეობით იმყოფებოდა პატიმრობაში. ზოგი კი - წლობითაც კი. როგორც ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, კარსტენ იურგენსენმა უთხრა ჩვენს რადიოს, ირღვევა საერთაშორისო სამართლის ძირითადი საფუძვლები. პირველ რიგში ეს იმაში გამოიხატება, რომ პატიმრებს ციხეში ამყოფებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ზოგიერთ მათგანს საშინლად აწამებენ.

კანონდარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ძირითადად ციხის ერაყელ პერსონალს ეკისრება, მაგრამ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს.

[იურგენსენის ხმა] "ამგვარი საშინელი მოპყრობის შესახებ ცნობების უდიდესი ნაწილი მოგვდის პატიმრებისგან, რომლებიც ერაყის ხელისუფლებას ჰყავდათ დაკავებული. შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ტიპის საჩივრები ერთ წელზე უფრო მეტი ხნის მანძილზე არის ცნობილი და ისინი, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, კერძოდ, საერთაშორისო ჯარები, როგორც ჩანს, თვალს ხუჭავდნენ ამაზე."

"ამნესტი ინტერნეიშნელის" ანგარიში სავსეა უშუალო მოწმეების მიერ მოყოლილი ამბებით, რაც მათი თქმით, ერაყის ციხეებში განიცადეს. ყოფილი პატიმრები დეტალურად აღწერენ, რომ მათ ჯაჭვებით აბამდნენ ჭერზე და ელექტროშოკს უკეთებდნენ ან სცემდნენ. სხვები ჰყვებიან, რომ დაკითხვებზე მათ სხეულს უწვავდნენ, გუდავდნენ ანდა სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. მსგავსი ჩვენებები ისევ და ისევ მეორდება.

იურგენსენის თქმით ერაყის ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დადებული პირობა, რომ გამოასწორებდა ადამიანის უფლებების მდგომაროებას.

ერაყის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაუცია პასუხი ამ ბრალდებებისთვის. რაც შეეხება მოკავშირეებს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ასოშიეიტედ პრესს განუცხადა, რომ ერაყში პატიმრებს საერთაშორისო კონვენციებისა და ერაყის კანონების შესაბამისად ეპყრობიან.
XS
SM
MD
LG