Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში დღეს ორ წიგნს წარმოგიდგენთ. ეს წიგნებია სიმბოლოთა ენციკლოპედია და კვიპროსელი პოეტის, კოსტას მონტისის ლექსების კრებული.

სიმბოლოთა ენციკლოპედია ქართულ ენაზე დღემდე არ არსებულა. თუმცა, ქართველ მეცნიერებს - ფილოლოგებს, ეთნოგრაფებსა და ეთნოლოგებს, უმუშავიათ სიმბოლიკის, მათ შორის, ქართული სიმბოლიკის საკითხებზე. არსებობს, მაგალითად ირაკლი სურგულაძის წიგნი ”ქართული დედაბოძის სიმბოლიკა”. მაგრამ ენციკლოპედიური ნაშრომი პირველად გამოიცა. პოლიგრაფიულად მაღალი დონისაა, რაც საერთოდ ახასიათებს გამომცემლობა ”ბაკმს”, რომელმაც შარშან დაასრულა ასევე უხვად ილუსტრირებული მითოლოგიური ენციკლოპედიის სამტომეული ყმაწვილთათვის.

სიმბოლოთა ენციკლოპედიაც უფრო ახალგაზრდა ასაკის მკითხველზეა გათვლილი. მას ორი ავტორი ჰყავს: ქეთევან ელაშვილი და ზაზა აბზიანიძე. სიმბოლოთა ენციკლოპედიის ერთ-ერთ ავტორს, ზაზა აბზიანიძეს ვეკითხები, როგორ თავსდება ერთად სიმბოლო, რომელიც არასოდეს არ არის რომელიმე ერთი ფენომენის ხატი და მისი ენციკლოპედიური განმარტება, რომელიც, ჟანრის კანონთა თანახმად, ცხადი, ლაკონიური და ტევადი უნდა იყოს.

[აბზიანიძის ხმა] ”განმარტებები არის, არის ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ამავე დროს, სწორედ იმიტომ, რომ თვითონ სიმბოლო გვიბიძგებდა აქეთ, ჩვენი თხრობა ძალაუნებურად გადაიზარდა პატარა ნოველებში, გნებავთ, ესეებში. ეზოთერული ბუნება, იდუმალება, რაც ახლავს სიმბოლოს, ალბათ, ასე ყველაზე უკეთ წარმოჩინდა. მე მგონი, ეს სტილი არის მიბრუნება დიდი ფრანგების პირველი ენციკლოპედიებისაკენ”.

ბუნებრივია, დავინტერესდი, რომელი კულტურისა და რელიგიის სიმბოლოებს მოიხმობენ და განმარტავენ წიგნში.

[აბზიანიძის ხმა] ”არ არის დიდი კულტურა და მსოფლიო რელიგია, რომელიც არ იყოს წარმოდგენილი ჩვენს ორტომეულში. მეტსაც გეტყვით, არის ბევრი დეტალი ჩეჩნური ფოლკლორიდან, ნავახოს ტომის, ახალი ზელანდიის, იაპონელი აბორიგენების, აინების კულტურიდან, რომელიც არაჩვეულებრივად ხატოვანია, არ ეკუთვნის დიდ კულტურას ან მსოფლიო რელიგიას, მაგრამ ამშვენებს ამ ენციკლოპედიას, ადამიანს აგრძნობინებს კულტურატა მრავალფეროვნებას. ამ პანორამაში ქართველი კაცი უფრო მკაფიოდ დაინახავს თავისი კულტურის ადგილს, თავის ქრისტიანულ არჩევანს”.

სიმბოლოები შეიძლება მიაკუთვნო კულტურებსა და რელიგიებს. მაგრამ მათი კლასიფიცირება შესაძლებელია, ვთქვათ ასე, დარგების მიხედვითაც: ამა თუ იმ სიმბოლოს განმარტავენ მითოლოგიის, მაგიის, ფსიქოლოგიის, ასტროლოგიის თვალსაზრისით. მაგალითად, ლომის ასტროლოგიური სიმბოლო შეესაბამება ოქროს, როგორც მიწისქვეშა მზეს და საკუთრივ მზეს. ქრისტიანობაში ლომი წმინდა მარკოზ მახარებელის სიმბოლოა. კარლ იუნგის აზრით, ლომი ფარული ვნებების სიმბოლო გახლავთ. ძუ ლომი დიდი დედის სიმბოლოა და ა.შ. რა ხდება ”სიმბოლოთა ენციკლოპედიაში”, უპირატესად რომელი დარგის განმარტებებს გვთავაზობენ ავტორები?

[აბზიანიძის ხმა] ”თითქმის ყველა სტატიაში მოხმობილია ინტერპრეტაცია იუნგიდან. ამას - ფსიქოანალიტიკურ განმარტებას ვერ წაუხვალ. რაც შეეხება მაგიას, ესეც არის, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტების გარეშე. ფართო აუდიტორიისათვის ეს შეიძლება ერთგვარი ანკესი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამ გზით არ წავედით”.

სიმბოლოები არ არის მხოლოდ ისტორიის, ძველი კულტურებისა და ასევე ძველი ან დღესაც არსებული რელიგიების კუთვნილება. არაერთი სიმბოლო შეიქმნა ახალ ეპოქაში ან დაიტვირთა ახალი აზრით ისე, რომ მისი ძველი მნიშვნელობები დავიწყებას მიეცა. იგივე შეიძლება ითქვას ემბლემაზე, როგორც თვალსაჩინოდ გამოსახული სიმბოლოს ნაირსახეობაზე. რად ღირს, მაგალითად, ფარგალი, რომელიც 35 წლის მანძილზე დღეს არარსებული სახელმწიფოს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გერბზე იყო გამოსახული. ზაზა აბზიანიძე სხვა ახალ სიმბოლოებსაც ახსენებს.

[აბზიანიძის ხმა] ”ჩვენს თანამედროვეობაში რაც მახსენდება, არის ქალი კამელიებით. არის ზოგი სიმბოლო, რომელიც უკანასკნელ საუკუნეებში გაჩნდა. კამელიას არავითარი სიმბოლიკა არ გააჩნდა და ეს ყვავილი, როგორც ტრაგიკული სიყვარულის ნიშანი, დიუმას დამსახურებაა. ლაპარაკია ასევე საბჭოთა სიმბოლიკაზე, აგრეთვე იმაზე, რაც საკუთრივ სიმბოლო ნაკლებადაა, უფრო ჰერალდიკისა და ემბლემატიკის სფეროს განეკუთვნება - ცხადია, ესეც გვაქვს”.

რასაკვირველია, სიმბოლოთა ქართულ ენციკლოპედიაში შესულია ვარდიც, მისი აქამდელი მნიშვნელობებითა და უახლესი სიმბოლური დატვირთვით. ოღონდ ეგ არის, დასანანი შეცდომაა: ვარდების რევოლუციის წლად 2003-ის ნაცვლად, 2004 წელია გამოცხადებული.

ბიბლიოთეკაში დღეს გვინდა, მეორე წიგნიც წარმოგიდგინოთ. ესაა თანამედროვე კვიპროსელი პოეტის, კოსტას მონტისის ლექსთა კრებული. გამოსცა ”ლოგოსმა”, თარგმნა სოფიო შამანიდმა. ახალ ბერძნულ ლიტერატურას უკვე მრავალი ნიმუშით იცნობს ქართველი მკითხველი, ზოგი პოეტი, მაგალითად, კონსტანტინოს კავაფისი, რამდენჯერმე თარგმნეს. კოსტას მონტისს საქართველოში აქამდე არავინ იცნობდა. სოფიო შამანიდი (ის ფილოლოგიის დოქტორია და ახალბერძნული ლიტერატურის სპეციალისტი) მეუბნება, რომ პოეტის სახელი პირველად ამ რამდენიმე წლის წინ გაიგო ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. კოსტას მონტისი 2004 წელს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში. ის ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, უკანასკნელად 1999 წელს. მას მიიჩნევენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ევროპელ პოეტად. კოსტას მონტისი წერდა კვიპროსულ დიალექტზეც და სალიტერატურო ბერძნულ ენაზეც. დაწერილი აქვს რომანი, მოთხრობები და პიესები. მაგრამ სახელი და დიდება მონტისმა დაიმკვიდრა მისივე მოგონილი ჟანრით, რომელსაც ბერძნულად ”სტიღმეს” უწოდა. ქართულ ენაზე შეიძლება ითარგმნოს,როგორც ”წამები”, ”გაელვებანი”...

ეს არის პატარა, ზოგჯერ ერთსტრიქონიანი ლექსები, ხშირად ირონიული, ხანაც ღრმააზროვანი, ყოველთვის მოულოდნელი. სოფიო შამანიდმა სწორედ ამ ლექსების ნაწილი თარგმნა და გამოსცა ბერძნულ ორიგინალებთან ერთად.

[შამანიდის ხმა] ”ეს არის თეთრი ლექსი, პატარა, ეპიგრამატული სახის ლექსი. საინტერესოა ის, რომ მისი ლექსები აუცილებლად იკითხება სათაურთან ერთად. თუკი სათაური არსებობს, ის არის ლექსის შემადგენელი ნაწილი, სათაურის გარეშე ვერ ხვდები ლექსს. გარდა ამისა, ამ პოეტის ერთი თავისებურება ისა, რომ ხშირად უბრუნდება ერთსა და იმავე თემას, მაგალითად, ქარონის თემას და ამ თემაზე შეგიძლია ნახო 40-50 ლექსი”.

მონტისს ხანდახან ახალბერძნული პოეზიის სოკრატესაც უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ მისი ლექსები - ხშირად შეკითხვებია. ზოგი ლექსი ერთი კითხვითი წინადადებაა. სოკრატესი არ იყოს, მონტისის შეკითხვებიც უხერხულია და ირონიული. ის მუდმივად ეკითხება ღმერთს, ქარონს (ამქვეყნიდან სულთა საუფლოში ადამიანები რომ გადაჰყავს), ბერძნებს, ბერძნულ ენას, საკუთარ ლექსებს, საკუთარ მეუღლეს... აი ორიოდ ნიმუში, ჯერ ბერძნულად, მერე ქართულად:

[შამანიდის ხმა] ”ჩემი დასაფლავების შემდეგ

წახვალთ ახლა?
ყველანი წახვალთ?
შენც, ერსი?

აქ ერსი მეუღლის სახელია”.

კოსტას მონტისის პატარა ლექსები - არა მხოლოდ კითხვებია. ასევე ხშირად ესაა დიალოგი, რომელშიც გამოტოვებულია საპასუხო რეპლიკა, მაგრამ მას იოლად აღადგენს მკითხველი. თუმცა ლექსად ამ სტრიქონებს, ალბათ, ეს უთქმელობაც აქცევს.

[შამანიდის ხმა] ”როგორც ჩანს, ამ პოეტს ძალიან უყვარდა თავისი შვილიშვილები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და ყოველ ზაფხულს ელოდა მათ ჩასვლას კვიპროსზე. და ეს ჩანს ამ ლექსში.

ქარონს
გაიგე ”ბაბუო?”
გაიგე, რომ დამიძახა?
როგორ წამოვიდე ახლა?
მითხარი, როგორ წამოვიდე ახლა?
აბა, დადექი ჩემს ადგილას!”

სოფიო შამანიდი ამბობს, რომ კოსტას მონტისის პოეზიას უფრო მისი გარდაცვალების შემდეგ ჩაურრმავდნენ და აანალიზებენ ლინგვისტური, ლიტერატუართმცოდნეობითი, მთარგმნელობითი თვალსაზრისით. მონტისს ჰყავს თითქმის ორეულიც თანამედროვე ევროპულ პოეზიაში - იტალიელი ჯორჯო კაპრონი. ისინი ძალიან ჰგვანან ერთამენთს თემატიკით, სალექსო ფორმით, ირონიით... როგორც ჩანს, ყველა ეპოქას ან ჰყავს, ან სჭირდება სოკრატე, რომელიც ყველას, უფალსაც კი დაუსვამს უხერხულ კითხვებს:

[შამანიდის ხმა] იესოს
ვერ ვიჯერებ, უფალო, რომ როცა აღდექი,
დაივიწყე ყველაფერი ადამიანური
და წამისუმალ
არ შეუარაე დედას, რათა გენახა,
და წამისუმალ
არ შეუარე დედას, რათა ენახე,
(- დედა, გამიღე, მე ვარ! )
XS
SM
MD
LG