Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ვახტანგ კიკაბიძე განვილილი კვირა დღიურებში აღწერა ვახტანგ კიკაბიძემ,

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა.

29 ივლისი, კვირა
დილიდანვე ჩამოცხა. წელს თბილისში ძალიან ცხელი ზაფხულია. ახლახან ყაზახეთში ვიყავი და იქ არ ცხელოდა ასე...
ყაზახეთში თბილისის კულტურის დღეები ტარდებოდა. ასტანაში ვიყავით და ალმა-ათაში. თბილისიდან დიდი დელეგაცია ჩავიდა ჩარტერული რეისით - ძალიან კარგად შერჩეული შემოქმედებითი ჯგუფი, ჩვენი მერიის დელეგაცია გიგი უგულავას თამადობით და ქართველი ბიზნესმენები.
მე მათ მოსკოვიდან შევუერთდი... მოკლედ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, გრანდიოზული კონცერტები ჩავატარეთ, უამრავი თაიგული მოგვართვეს!
ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია ყაზახები. იქედან მთელი დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა, მე და ნანი ბრეგვაძე კი, ჩემს ჯგუფთან ერთად, ესტონეთსა და ლატვიას ვესტუმრეთ და ორი შესანიშნავი საღამო ჩავატარეთ კაუნასში და იურმალაში. შემდეგ გადავფრინდი მოსკოვში და იქედან, კიევის გავლით, როგორც იყო, თბილისში ჩამოვედი.
ცუდია, რომ მოსკოვზე პირდაპირი რეისები არ არის. ჯერჯერობით ვუძლებ, მაგრამ ძალიან ვიღლები. იმედი მაქვს, რომ მოილაპარაკებენ და რუსები მალე გზას გახსნიან.

30 ივლისი, ორშაბათი
დილიდან ჟურნალისტებმა დამირეკეს... შეხვედრაზე შევთანხმდით. მათ ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ, მაგრამ ამ ზაფხულს, რაც თბილისში დავბრუნდი, განსაკუთრებული ჟურნალისტური სტუმრიანობა მაქვს.
ახლახან გავისტუმრე რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადამღები ჯგუფი. თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ სამი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად: ჩემზე, ნანი ბრეგვაძეზე და სოფიკო ჭიაურელზე.
ჩემთან მოლაპარაკებები ორი თვით ადრე დაიწყეს. წინასწარ გვქონდა დაგეგმილი, რომელ დღეს რა უნდა გადაგვეღო, ყოველდღე ვმუშაობდით, საღამოობით კი, როგორც შემეძლო, ვმასპინძლობდი და მეორე დღის გეგმებს ვაწყობდით.
ფილმის რეჟისორი ქალბატონი იყო. სახელად ირინა. თბილისში პირველად ჩამოვიდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ჩვენი კერძები ძალიან მოეწონათ, მაგრამ წვეთი არ დაულევიათ. პირველად ვნახე რუსები, რომლებმაც სასმელზე უარი თქვეს. მიზეზად ის დაასახელეს, დილიდან სამუშაო გვაქვსო.
მომეწონა. პროფესიონალები იყვნენ.
...ჭუტას - ავთო წერეთელს - რიყეზე მშვენიერი პატარა მდინარის ხომალდი უყენია, რომელსაც "ჭუტანიკი" ჰქვია. დღეს "ჭუტანიკის" პრეზენტაციაა და კარგი საღამო გველოდება.
ჩვენ კი უკვე გამოვცადეთ "ჭუტანიკი"...
სწორედ რუსეთის ტელევიზია რომ იყო, მაშინ ვთხოვე ავთოს და ერთი დღით გვათხოვა გადაღებისათვის. "ჭუტანიკით" გავუყევით მტკვარს და ძველი თბილისის პანორამა გადავიღეთ. მე გიდის როლში ვიყავი. რუსები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თბილისის სილამაზით. საღამოს ავლაბარში გელას და ნანას სახინკლეში მყავდნენ. იქ სტუმრები ხშირად დამყავს ხოლმე სტრესის მოსახსნელად.
მაგრამ დღეს იქ არ წავალ... დღეს "ჭუტანიკი" უნდა დავლოცოთ!

31 ივლისი, სამშაბათი
დილიდან ისევ სტუმრები მყავდა.
ზოგჯერ ვიღლები სტუმრიანობით, მაგრამ ყოველთვის მიხარია.
ეს კვირა, უკვე, შედარებით მშვიდია.
ნამდვილი საგიჟეთი იყო სახლში... ჯერ ხო ეს გადამღები ჯგუფი მოსკოვიდან, მარე, ეტყობა, თბილისში ხმა გავარდა, მოსკოველი ტელეჟურნალისტები არიან ჩამოსული ბუბასთანო და ყველა ქართული არხის მობილური ჯგუფები დაგვესხნენ თავს. გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმ ფაქტით, რომ რუსები ამხელა ფილმს იღებენ ქართველებზე.
დღეში ექვს ინტერვიუს ვაძლევდი...
ისეთი შეგრძნება მაქვს, რუსები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ჩვენებს არც გავახსენდებოდი.

1 აგვისტო, ოთხშაბათი
დილით გავიაზრე, რომ ივლისიც გავიდა. რა მალე გარბის დრო...
სანამ ზაფხული გავა, სათევზაოდ წასვლა რამდენჯერმე უნდა მოვასწრო.
თბილისიდანაც მინდა გასვლა. აუტანლად დაცხა და ვეღარ ვუძლებ.
გურამ მელივას ველაპარაკე, ამ დღეებში დავგეგმოთ-მეთქი.
ბოლოს ჩემი დაბადების დღის წინა დღით ვიყავით მე და გურამი სათევზაოდ.
ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემს გარდა ასეთ დატვირთვას ვინმემ გაუძლოს.
დილის სამ საათზე ავდექი და ოთხზე წავედით კუმისის ტბაზე. ექვსზე პირველი თევზი დავიჭირე. იმ დილითაც ზუსტად ასე ცხელოდა - როგორც დღეს.
ჩვენი კოლეგა მეთევზეები 12 საათისათვის უკვე გაიქცნენ ტბიდან. ჩვენ კი მზე მოვატყუეთ, დიდი ქოლგები გავშალეთ და მშვენივრად ვითევზავეთ.
წყალზე ყოფნა დაღლილობას მთლიანად მიხსნის.
არა, გურამს ახლავე უნდა დავურეკო და მომავალი კვირისათვის შევუთანხმდე...
კარგი საქმეა თევზაობა!

2 აგვისტო, ხუთშაბათი
მე და ირამ ჩაი დავლიეთ, როგორც ყოველთვის. ჩემ ს სახლში ისე არ ცხელა... გარეთ გასვლა კი ნამდვილად არ მოგინდება კაცს.
კიდევ კარგი, შედარებით მშვიდი კვირაა, თორემ გასულ გიჟურ დღეებში რომ ასეთი სიცხეები ყოფილიყო, არ ვიცი, რა გაუძლებდა.
დღეს ხუთშაბათია... ჩემი დაბადების დღეც ხუთშაბათ დღეს დაემთხვა. ზუსტად ორი კვირა გავიდა და სიამოვნებით ვიგონებ... ჩემი დაბადების დღე რომ იყო, იმიტომ კი არა - იმიტომ, რომ ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს!
დილიდანვე დაიწყო რეკვა... საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტიმ" ტელეხიდი გააკეთა თბილისსა და მოსკოვს შორის. ეს, ალბათ, დიდი პატივია, როდესაც შენს დაბადების დღეს ტელეხიდით აღნიშნავენ. ბევრი ქართველი და არაქართველი ჟურნალისტი დამხვდა, ძალიან სასიამოვნო საზოგადოება შეიკრიბა დიდი ტელეეკრანის წინ. როცა მოსკოვი ჩაირთო, დავინახე მაგიდასთან მსხდომი ექვსი ადამიანი. მათ შორის ორი ნაცნობი სახეც იყო. ერთი ჩემი მეგობარი სერგეი გრიზუნოვი, "ნოვოე რუსკოე სლოვოს" მთავარი რედაქტორი, და მეორე - თეატრის ცნობილი რეჟისორი მარკ რაზოვსკი. დანარჩენებს არ ვიცნობდი. დიდი სიყვარულით მომეფერენ და მომილოცეს დაბადების დღე. სიყვარულით ილაპარაკეს საქართველოზე. ჩვენი მხრიდან მშვენივრად ისაუბრეს ჩუკა გუდიაშვილმა, ნანი ბრეგვაძემ, გურამ მელივამ.
საღამოს კი რესტორან "ფაეტონში" 60 კაცამდე სტუმარი მყავდა. თითქმის ყველა ჩემი ახლობელი იყო. სტუმრები მყავდა მოსკოვიდან და ყაზახეთიდან. იყო მშვენიერი სიმღერა, ცეკვა, კარგი სადღეგრძელოები და ძალიან, ძალიან ლამაზი საზოგადოება.

3 აგვისტო, პარასკევი
დღეს გავიგე, რომ მოლაპარაკებები ჩაშლილა და მოსკოვში პირდაპირი რეისები ჯერჯერობით არ აღდგება...
მეწყინა.
მერე ტელევიზორში ისევ სოჭის ოლიმპიადის ამბებს ვუსმენდი და აფხაზეთში რუსულ ინვესტიციებზე საუბარს. მგონი, ცემენტის ქარხნის აშენებას თუ რაღაც ამდაგვარს აპირებენ...
ძალიან მაღელვებს ეს ამბები. დღე არ გავა, რომ ტელევიზიით თუ რადიოთი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე არ იყოს საუბარი.
აღარ მთავრდება...
იმ დღესაც, ტელეხიდზე... დაბადების დღე იყო და ყველანაირად ვცდილობდი, პოლიტიკაზე არ მელაპარაკა. რუსებიც სულ სხვა ტალღაზე იყვნენ აწყობილები. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქართველმა თავის გამოჩენა ისურვა და იქ დაიწყო, რაც დაიწყო!.. მოსკოველ სტუმართა შორის ერთი ჩვენი თანამემამულე, ვინმე ხუბუტია იყო. როგორც ამბობენ, მოსკოველი ბიზნესმენი...
ბატონო ვახტანგ, ძალიან პატივს გცემთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რატომ მიისწრაფის საქართველო ნატოსკენო - შემეკითხა რუსულად. შუბლზე ეწერა, რომ ქულის ჩაწერა სურდა.
იმიტომ, რომ ნატო ქართველი ქალის სახელია-მეთქი, ვუპასუხე და მერე ვეღარ გამაჩერეს. ჩვენ დაცვა გვჭირდება-მეთქი, პატარა ქვეყანა ვართ და უნდა გული დაგწყვიტოთ, მაგრამ არც მე, არც ჩემი შვილები და არც ჩემი შვილიშვილები ერთ სანტიმეტრ მიწას ვერავის ვერ მივცემთ-მეთქი. დიდი ხანი რომ აღარ გავაგრძელო, მარკ რაზოვსკიმ მთელი ინტელიგენციის სახელით ბოდიში მოიხადა საქართველოს წინაშე იმისთვის, რაც ხდება რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ყველაფერი კაცურად გაშიფრა და ასეთი ფრაზით დაამთავრა: "Мне стыдно за свою страну".
ბოლო სიტყვა ჩემი იყო და ვიხუმრე, როცა ონიშჩენკომ ქართული ღვინო და მინერალური წყლები საწამლავად გამოაცხადა, მე თავის მოკვლა გადავწყვიტე-მეთქი. დავლიე ბევრი ჩვენი საწამლავი ღვინო, შემდეგ ბორჯომიც დავაყოლე, მაგრამ რატომღაც ფეხები არ გამიფშეკია-მეთქი. სტუმრებმა გულიანად იცინეს, შემდეგ შამპანურით სავსე ჭიქები ასწიეს, წაუტირეს, ქართული ღვინო მოგვენატრაო, საქართველოსა და ჩემი სადღეგრძელო დალიეს და ეკრანი გაითიშა.
მე კი დღეს საღამოსაც გეახლებით ქართულ "საწამლავს"... ისევ სტუმრები მყავს და საქეიფოდ მივდივარ. დავლევთ და შეგვერგება კიდეც!

შაბათი, 4 აგვისტო
შაბათი რომ თენდება, სულ ვფიქრობ, ვის დაკრძალვაზე ვარ წასასვლელი. კვირა არ გავა, ცუდი ამბავი არ გაიგო...
ამ კვირაში ორი გენიოსიც წავიდა, ერთმანეთის მიყოლებით.
უკანასკნელი მოჰიკანები, ბერგმანი და ანტონიონი. რაღაც დამთავრდა... ცუდ გუნებაზე დავდექი...
მაგრამ სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის ცუდ გუნებაზე არ მაყენებს. იმ დღესაც, მაგალითად, ჩემმა რუსმა რეჟისორმა ირინამ მთხოვა, დედათქვენის საფლავზე წავიდეთო. დედა ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ვიყიდე ლამაზი ყვავილები და თაიგულით ხელში მივედით. ჩაწერას სასაფლაოზეც აგრძელებდნენ. ვილაპარაკეთ მშობლებზე, გვარზე, ნათესავებზე, მეზობლებზე... ორი კამერით იღებდნენ. როცა გადაღება დავამთავრეთ, ირინამ მთხოვა კადრიდან გავსულიყავი, მეც მოვცილდი და დავინახე, რომ ოპერატორი თვითონ მას იღებდა. ის კი რაღაცაზე საუბრობდა. უკვე საღამოს ვკითხე ოპერატორს: მიშა, ირინა ხომ არც ერთ კადრში არ ყოფილა, და იქ რაზე ლაპარაკობდა-მეთქი?
დედათქვენს მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი მიღებისთვისო – მიპასუხა.
მოკლედ, ასეთი ამბებია...
მენანება, ივლისი რომ წავიდა. ივლისში ნანის დაბადების დღეა და ჯუმბერ ბერაძისაც...
ღმერთსა ვთხოვ, ყველა ჩემი ახლობელი კარგად იყოს. მაშინ დაბადების დღეებს აბა რა მოშლის!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG