Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 727-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გესაუბრებით 2007 წლის წარმატებების და წარუმატებლობის შესახებ; მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ კოსოვოში; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომელიც 30 წლის წინათ გარდაიცვალა.
ამ და სხვა თემებზე გესაუბრებით მეათე სტუდიის დღევანდელ გამოშვებაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


2007 წლის წარმატებები და წარუმატებლობი საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. როგორც წესი, დეკემბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ექსპერტები წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს და წარუმატებლობებს ასახელებენ ხოლმე. მართალია, ახლა, წინასაარჩევნოდ საქართველოში ისედაც ცხელი პოლიტიკური ”ამინდია”, მაგრამ თამარ ჩიქოვანმა მაინც გადაწყვიტა, 2007 წლის წარმატებების და წარუმატებლობების შესახებ ექსპერტების მოსაზრებები გაერკვია.

თამარ ჩიქოვანი:
როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მეტი წარმატება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჰქონდა. ამიტომაც, თავდაპირველად სწორედ საგარეო პოლიტიკაში 2007 წელს მიღწეულ წარმატებასა თუ წარუმატებლობის შესახებ - ”ქართული ენციკლოპედიის” დირექტორი, წარსულში საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებსა და რუსეთში ზურაბ აბაშიძე 2007 წლის საგარეო პოლიტიკის წარმატებად საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესის დასრულებას თვლის:

[ზურაბ აბაშიძის ხმა] ” იმ პროცესის დამთავრება, რომელიც 1998 წელს დაიწყო სტამბოლში დადებული შეთანხმებით რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ. შემდეგ, მოგეხსენებათ, 2001 წელს ამ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოდან გაყვანილი იქნა ყველაზე დიდი ავიაბაზა სამხრეთ კავკასიაში - ვაზიანის ბაზა დიდძალი ტექნიკით - 200-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა. ნაწილობრივ, ეს გუდაუთის ბაზასაც შეეხო, თუმცა იქ პრობლემები ჯერჯერობით არის. და, შემდგომ, 2005 წელს მიღწეული შეთანხმება 2008 წლამდე ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბაზების გაყვანის შესახებ. და ეს ვადამდე მოხდა და რუსებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია.”

ზურაბ აბაშიძის აზრით, საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობაც რუსეთს უკავშირდება. კერძოდ:

[ზურაბ აბაშიძის ხმა] ”კიდევ უფრო გართულდა ისედაც გართულებული ურთიერთობები რუსეთთან და ამან უკვე მიიღო ღია დაპირისპირების, უაღრესად სახიფათო დაპირისპირების ხასიათი.”

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით 2007 წელს განსაკუთრებულად გამორჩეულს ვერ უწოდებს - ის დანანებით ამბობს, რომ ვერც 2007 წელს მოხერხდა კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყება. თუმცა, მისი აზრით, წარმატება მაინც იყო:

[ზურაბ შენგელიას ხმა] მიმაჩნია, რომ ბოლო ვიზიტი სახელმწიფო მინისტრისა კონფლიქტების მოგვარების სფეროში დავით ბაქრაძის აფხაზეთში ყველაზე წარმატებული იყო, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართებით შემდგარა. თუნდაც ის ფაქტი, რომ სოხუმში, ყოფილ ქართულ სკოლასთან მან მისცა ინტერვიუ აფხაზ ჟურნალისტებს და თქვა, რომ ქართველები დაბრუნების შემდეგ, ეს სკოლა ისევ ქართული სკოლა იქნება.”

2007 წლის ეკონომიკურ სფეროში მიღწეულ წარმატებად ექსპერტი გია ხუხაშვილი კვლავ საერთაშორისო პროექტებს ასახელებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] გარკვეული საერთაშორისო პროექტები აქტიურ ფაზაში შევიდა - იგივე შაჰდენიზის პროექტი მაქვს მხედველობაში. სხვა პოზიტიური არ მახსენდება, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების. გარდა ამისა, გარკვეულწილად საბიუჯეტო დისციპლინაც გაიზარდა.”

ეს წარმატებაა. რაც შეეხება წარუმატებლობას:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ყველაზე დიდი პარადოქსი 2007 წლის არის ის, რომ თუ პირველი 10 თვის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებდა იმით, რომ იყო ულტრალიბერალური, ბოლო 2 თვის განმავლობაში ისინი აღმოჩნდნენ ულტრამემარცხენე ფრთაზე და დაიწყეს კონკურენცია შალვა ნათელაშვილთან, რამაც აჩვენა ის, რომ არავითარი ეკონომიკური სტრატეგია, სისტემური ხედვა ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, სამწუხაროდ, არა აქვს და, ფაქტიურად, მთავარი ეკონომიკური ამოცანაა ხელისუფლების და არა სახელმწიფოს გაძლიერება.”

”ევროპული ინტეგრაციის ფორუმის” ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი 2007 წლის საშინაო პოლიტიკის წარმატება-წარუმატებლობას ასე აყალიბებს:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ” 2007 წლის ყველაზე პოლიტიურ მოვლენად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა თანამდებობიდან. 2007 წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია მიზეზი, რომლის გამოც პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან - ანუ 7 ნოემბერი.”

7 ნოემბრის მოვლენების ასახვა ქართული მედიის მუშაობაზე - ტელეკომპანია ”კავკასიის” ერთერთი მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი 7 ნოემბრის შემდგომ გამოცხადებულ საგანგებო სიტუაციას ყველაზე დიდ წარუმატებლობად მიიჩნევს:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] ”ეს იყო ძალიან დიდი შოკი, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, რადგან სამართლებრივად, ფასეულობების თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისით ჩემთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. იმ პერიოდში, როცა ”იმედში” შევარდნენ, ჩვენ გამოგვრთეს, ყველაფერი იყო დახშული, ინტერნეტში ფორუმები იყო გათიშული - ვეღარ გავიგე, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობდი.”

წარმატებაც 7 ნოემბრის შემდგომ მოვლენებთან არის ასოცირებული - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი და განმარტავს:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] მაშინ ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, რომ ევროპა, ამერიკა - ყველა გვერდით დაგვიდგა. თუ მანამდე ქართველების დიდი ნაწილისთვის ცარიელი სიტყვები იყო ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური კავშირი - მე მგონი, იმ დღეებში ყველა მიხვდა, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.”


როგორ ცხოვრობენ კოსოვოში

ბიძინა რამიშვილი:
უკვე ლამის ბავშმაც კი იცის, რომ, ძალიან ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, სერბიის პროვინცია კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებას სულ მალე აპირებს. ძირითადად ალბანელებით დასახლებული რეგიონის ამგვარ გადაწყვეტილებას სასტიკად ეწინააღმდეგება თავად სერბია და რუსეთი. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭო და საერთოდ, მსოფლიო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მოლაპარაკებების პროცესმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. რას ფიქრობენ ამ საკითხზე კოსოვოში, როგორ უყურებენ მომავალს და როგორ ცხოვრობენ ადამიანები კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში. Kამ საკითხებით დაინტერესდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ვალენტინა მიტე, რომელიც პრიშტინას გასულ კვირაში ეწვია. მის მიერ ნანახისა და მოსმენილის შესახებ ახლა ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

ლელა კუნჭულია:
პრიშტინა ნამდვილი სამოთხეა, მაგრამ მხოლოდ უცხოელებისთვის. მაგალითად, გაეროს მისიის თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშკარად გრძნობენ – ფასები საოცრად დაბალია. ერთი დიდი პურის ყიდვა ნახევარ ევროდ შეიძლება, ფინჯანი ყავა – ერთი ევრო, ხოლო კოლოფი სიგარეტი, მაგალითად – მარლბორო – 1,5 ევრო. თუმცა საშუალო კოსოვოელისთვის, ძირითადად – პენსიონერებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც შემოსავალი პრაქტიკულად არ გააჩნიათ, ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად არის ქცეული.

სელიმ კამბერისთვის, 70 წლის პენსიონერისთვის ეკონომიკური მდგომარეობა "კატასტროფულია":

[კამბერის ხმა] "ჩემი ყოველთვიური პენსია მხოლოდ 40 ევროა. არ გვაქვს დენი, ირგვლივ ტოტალური უმუშევრობაა... აღარ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ვთქვა. უმუშევრობა კატასტროფული პრობლემაა ახალგაზრდებისთვის. ადამიანი ნებისმიერ გარემოში იცოცხლებს, მაგრამ როგორია მისი ცხოვრება – აი ეს არის საკითხავი... ზოგს უცხოეთში მყოფი ახლობლები ეხმარებიან, ზოგი სოციალურ დახმარებას იღებს და ასე გაგვაქვს თავი. მათთვის, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, ცხოვრება აქ ძალიან იაფია, მაგრამ, ვისაც შემოსავალი არ აქვს – ყველაფერი ძალიან ძვირია. როგორც გითხარით, ჩემი შემოსავალი 40 ევროა. ვაჟი მეხმარება, რომ ვიარსებო."

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითეული კოსოვოელი გაეროსა და ეუთოს ადგილობრივ მისიებში, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებაზე ოცნებობს. სერბიის პროვინციაში ასეთი შანსი 1999 წლიდან გაჩნდა. ზოგს გაუმართლა, უმეტესობას – არა. კარგ ხელფასზე ოცნების ასრილება კოსოვოში ადვილი არ არის.

ფლორი მიფტარი 30 წლის, კარგად ჩაცმული ქალი ერთ-ერთია მათგან, ვისაც გაუმართლა. პროფესიით ექიმია, მაგრამ დიდი ხანია გაეროს მისიაში მუშაობს:

[მიფტარის ხმა] "გაეროს მისიაში 1999 წლიდან ვმუშაობ და ხელფასით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა საკმაოდ კარგად მიხდიან, მაგრამ თუ ჩემს პროფესიას დავუბრუნდები, მაშინ, ვფიქრობ, ჩემთვისაც აუცილებლად საგრძნობი გახდება ცხოვრების სიძნელეები. ექიმების ხელფასი აქ დაახლოებით 210 ევროს შეადგენს. ამხელა ხელფასი გაეროს მისიაში დამლაგებლებს აქვთ."

საოცარია, რომ პრიშტინის ქუჩებში ძირითადად ახალგაზრდებს ხვდებით. ისინი ან კაფეებში სხედან, ანდა უსაქმოდ დგანან. დრიტონი და მისი 6 თანაჯგუფელი, პრიშტინის უნივერსიტეტი სასწავლებლად, კოსოვოს შორეული სოფლიდან ჩავიდნენ. ისინი 300 ევროს იხდიან 2-ოთახიან ბინაში, რომელშიც გათბობის სისტემა არ არსებობს, წყალი კი, დღის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის. თუკი გაუმართლათ და ელექტოენერგია მოვიდა, ახალგაზრდები კომპიუტერს მიუსხდებიან ხოლმე და უყურებენ კადრებს, სადაც კოსოვოს არმია სერბებს ებრძვის. სტუდენტები ძირითადად ალბანურ პოპს უსმენენ და ზოგჯერ ვირტუალურ სამყაროს საუბრებით ერთობიან ბრაზილიელ თუ ამერიკელ გოგონებთან.

მერე დენიც მიდის და რამდენიმე საათით ყველაფერი მთავრდება. ასეთ დროს ბიჭები ან იძინებე, ანდა ხუმრობენ, იცინიან და ათასგვარ ტრივიალურ ისტორიას ჰყვებიან. "პრიშტინაში ცხოვრება დიიიიიიდი საშინელებაა" – პირობითად ასეთია დრიტონის აზრი, თუმცა ცხოვრების დასახასიათებლად ის გაცილებით არა-საეთერო ეპითეტს იყენებს. ის მომავალი ექიმია, თუმცა, საარსებო შემოსავლის შესაკოწიწებლად, ის რამდენიმე ინტერნეტ-კაფეში მუშაობს. დრიტონი ფიქრობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის რეალური შანსი აქვს. ამ შანსს მთელი არსებით უჭერს მხარს, თუმცა დამოუკიდებელ კოსოვოში ცხოვრებას მაინც არ აპირებს და გული შეერთებული შტატებისკენ მიუწევს. ახალგაზრდა თვლის, რომ კოსოვოში კიდევ დიდხანს არ იქნება ნორმალური ცხოვრების, ნორმალური სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა.

კოსოვო ბევრმა დატოვა, თუმცა ისინი, პროვინციაში დარჩენილ ნათესავებს, შეიძლება ითქვას, სიცოცხლეს უნარჩუნებენ. პრიშტინის უნივერსიტეტში სწავლობს ჰილმი გჯუკაც მომავალი ეკონომისტი. მის საარსებო წყაროს ახლობლების მიერ, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს. თუმცა ახალგაზრდა კაცი მაინც უკმაყოფილოა. ფიქრობს, რომ ახალგაზრდობას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი არ აქვს:

[გჯუკას ხმა] "არ ვმუშაობ, ჯერ სტუდენტი ვარ. ფულს ოჯახის წევრები მიგზავნიან. მამაჩემი და ჩემი ძმა შვეიცარიაში მუშაობენ. მათ კმაყოფაზე მიწევს ყოფნა. არ ვიცი, როგორ აგიღწეროთ ჩვენი, ახალგაზრდების, სიტუაცია. ეს საშინელებაა... მართლაც ძალიან, ძალიან ცუდია ეს. ახალგაზრდები ძირითადად ან ინტერნეტ კაფეებში სხედან, ან – კაფე-ბარებში. ზოგიერთები, ყოველდღიური პრობლემების დასავიწყებლად, სპორტსაც მისდევენ. უახლოეს მომავალში ცვლილებებს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შევძლებთ დავსაქმდეთ და განვავითაროთ კოსოვო ისე, რომ სამშობლოს დატოვება არ მოგვიხდეს. მეც ვიყავი შვეიცარიაში, მაგრამ უკან დავბრუნდი ცვლილებების იმედით."

თუმცა კოსოვოსი არიან ისეთებიც, რომლებსაც აწმყო უკეთეს მომავალზე ოცნების საშუალებასაც არ აძლევს. უნარშეზღუდულ მამაკაცს ჰალილ ჰაფერის უფულობა სასოწარკვეთილებაში აგდებს:

[ჰაფერი] "ასეთია ჩემი ცხოვრება... ავადმყოფი ადამიანი ვარ, ხელები წართმეული მაქვს, ვერ ვამოძრავებ. რაღაც წამალი მჭირდებოდა, წავედი და ვერაფრით ვიყიდე... ინვალიდი ვარ, არ ვმუშაობ და ყოველთვიურად მხოლოდ 40 ევროს ვღებულობ და ამით მიწევს თავის გატანა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. - მარტო ვცხოვრობ, შვილები არ მყავს. საშინლად მოქმედებს ნერვებზე ელექტროენერგიის გამორთვები... მაგრამ ვერაფერს ვიზამთ..."

ელექტროენერგიის ხშირ-ხშირი წასვლა-მოსვლა პრიშტინაში ნერვებს ბევრს უშლის. ქალაქი ამ დროს მინი-გენერატორების ხმაურითაც ყრუვდება. მითუმეტეს დაძაბულია მათი ნერვები, ვისაც გენერატორის ყიდვის თანხა არ აქვს და, ხმაურის ფონზე, სიბნელეში უწევს ჯდომა. ისინი ამ დროს აქტიურად ლანძღავენ გაეროს ადმინისტრაციას. რით არის გამოწვეული ელექტროენერგიის დეფიციტი კოსოვოში? – ამ შეკითხვაზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა პასუხი ევრ იპოვა. ხალხში ამბობენ, რომ ელექტროენერგიას ჩინოვნიკები იპარავენ, თუმცა ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების მიგნებაც ჭირს. უდენობა მართლაც უცნაურია, რადგანაც სპეციალისტთა მტკიცებით, კოსოვო თავისი სამყოფი ელექტროენერგიის გამოიმუშავების ყველანაირი შესაძლებლობა აქვს. ამასთან, სერბიის პროვინცია ევროპაში ნახშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადოს მფლობელია.

ბიძინა რამიშვილი:
აი, ასეთი პრობლემები აქვთ სერბიის პროვინციაში – კოსოვოში მცხოვრებ ადამიანებს. შეგახსენებთ, რომ, ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, კოსოვო დამოუკიდებლობის გამოცხადებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებს. მას მხარს უჭერენ ევროპის გარკვეული სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. ოთხშაბათს სერბიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ბელგრადი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება დასავლეთის ქვეყნებს, თუკი ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებენ.



30 წლის წინ გარდაიცვალა ჩარლი ჩაპლინი

ბიძინა რამიშვილი:
25 დეკემბერს ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა.1977 წლის მიწურულს, შობის ღამეს, შვეიცარიაში, ლოზანასთან ახლოს, შეჩერდა გულისცემა ადამიანისა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა კინოხელოვნებაში... და არა მარტო კინოხელოვნებაში. ჩაპლინმა დაანგრია მეოცე საუკუნეშივე შექმნილი მითი, რომლის თანახმად ეგრეთ წოდებული ”მაღალი ხელოვნება” მხოლოდ და მხოლოდ რჩეულთათვის და არა მასებისთვის იქმნება; გიორგი გვახარია გაგვხსენებს როგორ შეხვდა სამყარო 30 წლის წინ ჩაპლინის გარდაცვალების ცნობას და როგორი იყო სიკვდილისადმი თავად დიდი არტისტის დამოკიდებულება.

[”რამპის ჩირაღდნები. მუსიკა]

გიორგი გვახარია:
მელოდია, რომელიც დიდი ხანია შლიაგერად იქცა, მელოდია ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან ”რამპის ჩირაღდნები”, მელოდია, რომელიც დიდმა არტისტმა ერთი ამოსუნთქვით დაწერა 1951 წელს, მაშინ, როცა მაკარტიზმის ეპოქის იდეოლოგებმა იგი დევნილად აქციეს, ”ამერიკელი ხალხის მტარდ” გამოაცხადეს, მელოდია, რომელიც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი გაუღვიძებს სიყვარულის მოთხოვნილებას... ამავე დროს, ”რამპის ჩირაღდნების” მუსიკალური მოტივი სიცოცხლესთან დამშვიდობებას გამოხატავს. ფილმში ეს მოტივი განსაკუთრებული სიმძაფრით ფინალშია გამოყენებული, როცა მოხუცი კლოუნი, კალვერო, ჩარლი ჩაპლინის შესრულებით, თეატრის კულისებიდან უყურებს სპექტაკლს, დადგმულს ადამიანისთვის, რომელსაც მან ოდესღაც სიცოცხლის რწმენა დაუბრუნა, უყურებს და კვდება სავარძელში, კვდება სწორედ ამ მუსიკის ფონზე.

ჩაპლინი ყოველთვის ქილიკობდა სიკვდილზე. ”რამპის ჩირაღდნებამდე” მან გადაიღო თავისი ყველაზე სკანდალური ფილმი, ”მუსიე ვერდუ” - ლურჯწვერაზე, რომელიც ხოცავს ცოლებს, იფორმებს მათ ქონებას, რათა შემდეგ, ნამდვილი ოჯახი - ინვალიდი ცოლი და თავისი პატარა შვილი გამოკვებოს. მუსიე ვერდუს აპატიმრებენ და სიკვდილით სჯიან. თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, საღრჩობელასთან, ჩაპლინი ისევ სიკვდილს აიგდებს აბუჩად და პირველ რიგში ამით გააკვირვებს ჯალათებს.

[ჩაპლინი მუსიკა ”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”]

ეს მელოდია კი ფილმიდან ”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”, როგორც ამბობენ, განსაკუთრებულად ლამაზად ჟღერდა ლოზანის კამერული კვარტეტის შესრულებით 1977 წლის 27 დეკემბერს, როცა დიდი კომიკოსი, თავისი სიცოცხლის თითქმის მთელი მეორე ნახევარი, დევნილობაში რომ გაატარა, შვეიცარიის მიწას მიაბარეს.

ორკესტრი კი უკრავდა, მაგრამ დაკრძალვის ცერემონიას, ჩაპლინის მეუღლის, უნა ო,ნილის თხოვნით, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ჰო, კიდევ ბრიტანეთის ელჩი შვეიცარიაში. სხვა არავინ. ლოზანასთან ახლოს, შვეიცარიის პატარა სოფელში, სულ რამდენიმე ადამიანი ემშვიდობებოდა ადამიანს, რომელიც - ზოგიერთ გამოკვლევას თუ დავიჯერებთ, ყველაზე პოპულარული სახელების სამეულში შედის - იესო ქრისტე, ნაპოლეონი და ჩაპლინი.

უნა ჩაპლინი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ჩაპლინის ხსოვნის საღამოზე, რომელიც დიდი მაესტროს დაკრძალვიდან ორი თვის შემდეგ მოეწყო ლოზანაში. იმხანად შექმნილი ჩაპლინის ფონდის მესვეურებმა გადაწყვიტეს მისივე მუსიკით გაეფორმებინათ ჩარლი ჩაპლინის მუნჯი ფილმები... და რა თქმა უნდა შეესრულებინათ ჩაპლინის მელოდიები ფილმებისთვის ”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”, ”ახალი დროება”, ”დიდი დიქტატორი”... მუსიკა, რომელიც ჩაპლინის მტკიცებით მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ ხმის შემოსვლას კინო ”სალაყბო ხელოვნებად” არ გადაექცია. ლოზანის სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა მელოდიები კომპოზიტორისა, რომელსაც ელემენტარული მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, უფრო მეტიც, თავდაპირველად ნოტების წერაც კი არ იცოდა

[მუსიკა ჩაპლინი]

1978 წლის 26 თებერვალს ჩაპლინის ხსოვნის საღამო ლოზანაში დასასრულს უახლოვდებოდა, როცა უნა ჩაპლინთან, თავის რვა შვილთან ერთად რომ იჯდა თეატრის საპატიო ლოჟაში, ქალაქის პოლიციის უფროსი მივიდა და საზარელი ამბავი აცნობა - დიდი მაესტროს საფლავი გათხარეს და ცხედარი გაიტაცეს. პოლიციამ სთხოვა ჩაპლინის ქვრივს, რაც შეიძლება დიდხანს ესაუბროს ვანდალებს, თუკი მათ ჩაპლინის სახლში დარეკვა და მაესტროს ოჯახის წევრებთან ვაჭრობა მოინდომეს... ასეც მოხდა. მეორე დღეს ჩაპლინის ქვრივს დაურეკეს და მაესტროს ცხედრისთვის 600 000 შვეიცარული ფრანკი მოსთხოვეს. უნა ო, ნილმა დავალება წარჩინებით შეასრულა - იგი ტიროდა, ოხრავდა, გამტაცებლებს სლუკუნ-სლუკუნით ეუბნებოდა, ჩემი მეუღლე სასუფეველშია და ჩემს გულშიო...ამასობაში პოლიციამ სატელეფონო ზარის ადრესატსაც მიაკვლია - ჩარლი ჩაპლინის ცხედრის გამტაცებლები ბულგარელი და პოლონელი ემიგრანტები აღმოჩნდნენ - დაახლოებით ის ხალხი, ვისაც მუსიე ვერდუმ სიკვდილით დასჯის წინ სოლიდარობა გამოუცხადა.

ცხედრის დაბრუნების შემდეგ ვევის სასაფლაოზე, ანგლიკანური ეკლესიის ეზოში, ჩარლი ჩაპლანის დაკრძალვის ცერემონია ხელახლა მოეწყო. ამჯერად დაკრძალვაზე დასწრება ”თავისუფალი” იყო. ისევ უკრავდა მუსიკა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი გაზეთები, ჩარლი ჩაპლინის დაკრძალვას იუწყებოდნენ.

[მუსიკა]

ყველაფერი ეს ტრაგიკომედიას ჰგავს - დაახლოებით ისეთს, თავად ჩარლი ჩაპლინი რომ იღებდა. ადამიანებმა დიდი ხანია გააცნობიერეს, სანამ კაცობრიობა არსებობს - კლოუნი არ მოკვდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG