Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თამარ უჯუხუ "თავისუფლების დღიურების" ავტორი

ამჯერად კავკასიოლოგი თამარ უჯუხუ გახლავთ.

16 მარტი, კვირა
ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე რომ აღარაფერი რჩება, მე და მიხო სახლიდან გავდივართ და კუს ტბისკენ მიმავალ ბილიკებს მივუყვებით. პირველად კუს ტბაზე ნაირას წაქეზებით ავედი და აგერ უკვე ხუთი წელია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სისხამდილით ავდივარ იქ და ვბანაობ. ვბანაობ ზაფხულშიც და ზამთარშიც. ეს მაცოცხლებს და ენერგიას მაძლევს, რათა ვიშრომო და ვაკეთო ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.
უკვე დათბა და სუფთა ჰაერზე ყოფნას არაფერი ჯობია, მაგრამ მე მაინც შინ მიმეჩქარება. სახლში დათუნა მელოდება, ჩემი მოწაფე. დათოს მე რუსულს ვასწავლი. ის კარგი, გონიერი ბიჭია. ცოტა თვალები სტკივა, რადგან დიდხანს ზის კომპიუტერთან. მე სულ ვბუზღუნებ, მაგრამ ვინ გიჯერებს... ოთხი წლის განმავლობაში დათომ კარგად ისწავლა რუსული. ძალიან მოსწონს ტოლსტოის "ჰაჯი-მურატი". ბევრს მეკითხება რუსეთ-კავკასიის ომზე, შამილზე.
...დღეს ქალბატონ ანა კალანდაძეს მიაბარებენ მთაწმინდის მიწას, დიდ ქართველ პოეტს. “შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ...” - რამდენს იტევს თუნდაც ეს ერთი ბწკარი!
სულ ცოტა ხანში რა ძვირფასი ადამიანები წავიდნენ ამ ქვეყნიდან - სოფიკო, ანა...

17 მარტი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე დღეა... კუს ტბიდან დაბრუნებული, ნაჩქარევად ვსაუზმობ და უნივერსიტეტში გავრბივარ. კავკასიურ ენათა კათედრის ბაზაზე დაარსებულ კავკასიოლოგიურ ინსტიტუტში ჩემს მშობლიურ ჩერქეზულ ენას ვასწავლი სტუდენტებს და ამით ვარ ბედნიერი. ეს მიქარვებს სამშობლოდან შორსყოფნის სევდას.
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური ინსტიტუტი პროფესორ ცირა ბარამიძის ხელმძღვანელობით ცდილობს აღადგინოს ქართულ-კავკასიური მეცნიერული ურთიერთობები, რისი დასტურიცაა შარშან შემოდგომაზე ჩატარებული I კავკასიოლოგიური კონგრესი, რომელშიც ჩემდა სასიხარულოდ, სხვა კავკასიელ მეცნიერებთან ერთად, ჩერქეზმა კავკასიოლოგებმა: აჩერდან აბრეჯმა, მირა ხაჩემიზმა, მირა უნაროყვამ და მხატვარმა ტეუჩეჟ ყატმაც მიიღეს მონაწილეობა... ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ პროცესის მონაწილე!
...ლექციების დამთავრების შემდეგ “კავკასიურ სახლში” გავრბივარ. 1993 წელს მწერალ ნაირა გელაშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ დაფუძნებულმა ამ ორგანიზაციამ თავის პრიორიტეტად იმთავითვე დაისახა კავკასიური სულიერი და მატერიალური კულტურის გადარჩენა, შენახვა და პოპულარიზაცია. ამ დღიდან მოყოლებული “კავკასიური სახლი” ახორციელებს უმნიშვნელოვანეს სამშვიდობო, საგანმანათლებლო პროექტებს, რამაც ამ ორგანიზაციას დამსახურებულად მოუტანა საერთაშორისო ავტორიტეტი.
ვჩქარობ, იმიტომ რომ 12 საათზე კრება გვაქვს. უნდა განვიხილოთ მიმდინარე საკითხები. ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგანაც მინდა ვისაუბრო ახალ წამოწყებაზე, რომლის განხორციელებაც მე დამევალა. მისი სახელწოდებაა “საუბრები კავკასიაზე”, რაც ითვალისწინებს კავკასიის ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, რელიგიის, კავკასიის გეოგრაფიის ფართო ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში შესწავლას. საჯარო ლექციების ეს ციკლი სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ცოდნა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მტრის ხატის მოშლას, შემწყნარებლური და მშვიდობიანი თანაცხოვრების დამკვიდრებას კავკასიელთა შორის.




18 მარტი, სამშაბათი
წუხელ ცუდად მეძინა... ბოლო ხანებში ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება: ჩვენი სახლი სოფელ ჯეჯეხაბლში, დიდი მსხლის ხე. მე, ჩემი და მაია და ძმა მურადი ეზოში ვთამაშობთ. მწყემსი მუხტარი ნახირს მიერეკება, დედა და ბებია სამზადში ფუსფუსებენ... ისეთი ლამაზია ჩემი ეზო!..
ცუდ გუნებაზე გამეღვიძა. დედაჩემზე ვფიქრობ. ბოლო ხანს ხშირად ავადმყოფობს. დღეს აუცილებლად დავრეკავ მაიკოპში. ორი წელია, სახლში არა ვყოფილვარ; ძალიან მენატრება დედაჩემი, ჩემები, ჩერქეზეთი...
12 საათზე “კავკასიურ სახლში” ქალბატონი რუსუდან ჯანაშია მოვიდა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამ კეთილშობილ, ღვაწლმოსილ ადამიანთან შეხვედრა. გარდა მისი, როგორც ენათმეცნიერის პირადი დამსახურებისა, ის არის შვილი დიდი ქართველი ისტორიკოსის, ეთნოგრაფისა და ენათმეცნიერის, სიმონ ჯანაშიასი. უნდა ითქვას, რომ სწორედ სიმონ ჯანაშია იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1929 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ადიღესა და ყაბარდო-ბალყარეთში იმოგზაურა. მან მოიარა კრასნოდარის მხარის ჩერქეზული აულები, შეხვდა არაერთ სახალხო მთქმელსა და ინფორმატორს, რომელთაგანაც ჩაიწერა როგორც ენათმეცნიერული, ისე ეთნოგრაფიული ხასიათის მდიდარი, უაღრესად საინტერესო მასალა, რომელიც მან “დღიურების” სახით დაგვიტოვა. დასანანია, რომ სიმონ ჯანაშიას “ჩერქეზული დღიურები” დღემდე მხოლოდ ქართულად არის გამოცემული და არ იყო ხელმისაწვდომი ჩერქეზი მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის. ამიტომაც გადაწყდა “კავკასიურ სახლში” ამ ნაშრომის რუსულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.
ქალბატონმა რუსუდანმა და მე ერთობლივად ვთარგმნეთ ბატონი სიმონის “ჩერქეზული დღიურები”. წიგნი უკვე დაკაბადონებულია და მალე კავკასიოლოგიით დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ამ უნიკალურ ჩანაწერებს. განსაკუთრებით გვახარებს, რომ აპრილის ბოლოს ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ადიღეში, ქალაქ მაიკოპში, ენათმეცნიერთა სიმპოზიუმზე. მკითხველი ასევე პირველად გაეცნობა მეცნიერის არქივში დაცულ მიმოწერას ჩერქეზ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, რაც დარჩება საუკეთესო ნიმუშად მეცნიერთა თანამშრომლობისა და მაგალითად იმისა, რომ სწორედ კავკასიელ მეცნიერთა ამგვარი ურთიერთობებით, კულტურათა დიალოგით შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, ღირსებასა და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ.
...საღამოს, როგორც იქნა, დავრეკე მაიკოპში და დედას ველაპარაკე. დედამ უპირველესად მიხო მოიკითხა. ჩერქეზული ეტიკეტის თანახმად, სიძის ქება მიღებული არ არის, მაგრამ მიხომ თავისი გულითადობით და ჩვენი ადათ-წესების პატივისცემით ისე შეაყვარა თავი ჩერქეზებს, რომ მისთვის ამ გამონაკლისს სიამოვნებით უშვებენ. ჩვენს სატელეფონო საუბარს ილიკოც შემოესწრო და ბებიას გამართული ჩერქეზულით დაელაპარაკა. წარმოვიდგინე დედაჩემის გაბრწყინებული სახე...

19 მარტი, ოთხშაბათი
დილით, უნივერსიტეტში მისულმა, სასიხარულო ამბავი შევიტყვე: ქართველი კავკასიოლოგები (მათ შორის მეც) ესპანეთში, კერძოდ, ბასკეთში მიგვიწვიეს საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად. ვფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა მოგვიწევს. ამისათვის მადლობას ვუხდი ესპანეთში მცხოვრებ ქალბატონ თამარ მარგველაშვილს, რომელიც ამ სიმპოზიუმოს ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია.
ისევ “კავკასიურ სახლში” მიმეჩქარება. 14 საათზე იქ ჩემი სტუდენტი ნათია ცერცვაძე მელოდება. დიდი ხანია ვმუშაობ ჩერქეზული ენის სახელმძღვანელოზე და ნათია ძალიან მეხმარება. საოცრად ნიჭიერი გოგონაა, მშრომელი და დაუზარელი. თუ ღმერთმა ინება, ნაშრომს მალე გავასრულებთ და კავკასიოლოგიით დაინტერესებული სტუდენტებისათვის ჩერქეზული ენის შესწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
16 საათზე მოვიდა ქალბატონი ლია ჩლაიძე, რომელმაც მოიტანა წინასიტყვაობა "კავკასიის ხალხთა ფოლკლორის" ორტომეულისათვის, რომლის გამოცემასაც უახლოეს ხანში ვაპირებთ. ოც წელზე მეტია, ვაგროვებდით და გამოსაცემად ვამზადებდით კავკასიის ხალხთა ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს და გამოვეცით კიდეც 19 კრებული ქართულ და რუსულ ენებზე, რაც მხოლოდ ნაირა გელაშვილის დიდი მეცადინეობით და ევროპულ ფონდ "Horizon"-ის ფინანსური ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

20 მარტი, ხუთშაბათი
დღეს დილით ეთნოგრაფიულ მუზეუმში შევიარე. ბატონ დავით ჟვანიას ნახვა მინდოდა, რომელიც შემპირდა აფხაზურ ოდაში დაცული აფხაზური ყოფის ამსახველი ექსპონატების ჩვენებას და თხოვებას. მინდა, ეს ექსპონატები 26 მარტს ჩვენთან გამოვფინო. 26-27-28 მარტს პროექტის ფარგლებში “საუბრები კავკასიაზე” პროფესორი გიორგი ანჩაბაძე და მწერალი გურამ ოდიშარია წაიკითხავენ ლექციების ციკლს აფხაზეთის შესახებ. ბოლოს კი ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი “აფხაზეთი 10 წლის შემდეგ”, რომელიც “კავკასიური სახლის” თანამშრომლებმა აფხაზეთში გადავიღეთ; აგრეთვე, მისი მეორე ნაწილი “13 წელი დევნილობაში”.
აი, ასე, ერთი წლის განმავლობაში ლექციების დროს, ფიქრებში მოვივლით მთელს კავკასიას. მიხარია, რომ ბევრმა ახალგაზრდამ გამოხატა სურვილი, დაესწროს ამ ლექციებს. ნაშუადღევს მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლიდან მოვიდა ბავშვების ჯგუფი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, დასწრებოდნენ ამ სემინარებს. ერთმა მათგანმა, შოთა შანიძემ, მითხრა, რომ აფხაზეთი არ უნახავს, მაგრამ ხანდახან სიზმარში ხედავს იქაურობას და მერე ხატავს. ვთხოვე, მოეტანა ნახატები და ჩვენთან გამოეფინა. ხომ საინტერესო იქნება სიზმარში ნანახი და მერე დახატული აფხაზეთის ნახვა?

21 მარტი, პარასკევი
ამ დილას გამახსენდა, რომ ჩემს პასპორტს ვადა გაუვიდა! არადა, მაიკოპში გამგზავრებამდე ერთი თვეღაა დარჩენილი. სასწრაფოდ უნდა გამოვიტანო ახალი პასპორტი. მიჭირს საამისოდ დროის გამონახვა, მაგრამ სხვა რა გზაა?
ის-ის იყო “კავკასიურ სახლში” მივედი, რომ ბარასბიმ დამირეკა ნალჩიკიდან. ყაბარდო-ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ბარასბი ბღაჟნოყო შესანიშნავი ეთნოგრაფია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ცნობილი ნაშრომი “ადიღური (ჩერქეზული) ეტიკეტი”. ორი წლის წინ, ყაბარდოში ყოფნისას, ვთხოვეთ მას, დაეწერა წიგნი ჩერქეზებზე და ახლა მითხრა, რომ ერთ თვეში გამოგზავნის ხელნაწერის ელექტრონულ ვერსიას. ძალიან გამიხარდა, რადგან კარგა ხანია, მისგან არაფერი ისმოდა, წიგნის გამოცემის ვადა კი უკვე მოახლოვდა.
დამირეკა ტეუჩეჟ ყატმა მაიკოპიდან. ეტყობა ყველა ჩემს ჩერქეზ მეგობარს ერთბაშად გავახსენდი!
ტეუჩეჟმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მისი ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი მხატვარი სერგო ქობულაძე იყო. დღესაც ამაყობს, რომ ქართული სამხატვრო სკოლის წარმომადგენელია. ბოლო წლებში მან არაერთი ნამუშევარი შექმნა ქართველი მწერლების: აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით. მისი ოცნება იყო, ეს ნამუშევრები თბილისში ჩამოეტანა და საქართველოსთვის ეჩუქებინა. ეს ოცნება გასული წლის შემოდგომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია ხუბუას ხელშეწყობით აუხდა. მისი ნამუშევრების გამოფენამ უნივერსიტეტში და სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში დიდი წარმატებით ჩაიარა. ბოლოს კი ჩერქეზი მხატვარი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრადაც მიიღეს, რითაც ის ძალიან ამაყობს. ტეუჩეჟმა დიდი მოკითხვა შემოუთვალა მეგობარ მხატვრებს: გოგი წერეთელს, გურამ ცერცვაძეს, გია ბუღაძეს, ენათმეცნიერ თეიმურაზ გვანცელაძეს, და გვითხრა, რომ მოუთმენლად ელოდება აპრილში მაიკოპში ჩვენს ჩასვლას.

22 მარტი, შაბათი
10 საათზე გაკვეთილი მაქვს "კავკასიურ სახლთან" არსებულ შაბათ-კვირის სკოლაში. ამ სკოლის მსმენელები დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან. ჩვენი მიზანია, მათ სხვა, მეტად საინტერსესო საგნებთან ერთად, პატარაობიდანვე შევასწავლოთ მეზობელი ხალხების ისტორია, ცხოვრების წესი და ზნე-ჩვეულებანი, რათა უკეთესად ვიცნობდეთ ერთმანეთს სომხები, ქართველები, აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები, ჩერქეზები, ჩეჩნები - კავკასიაში მცხოვრები სხვა ხალხები, ვისაც ღმერთმა ასეთი არაჩვეულებრივი სამშობლო - კავკასია გვარგუნა წილად. როცა აღარ ვიქნებით ერთმანეთისათვის უცხონი, უფრო გვეყვარება ერთიმეორე, გავუფრთხილდებით ერთმანეთს, გადავარჩენთ და შევინარჩუნებთ ჩვენს საერთო სახლს - კავკასიას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG