Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ვერ მოხერხდა პოლიტიკური დეკლარაციის მიღება


ჰელსინკიში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია რუსეთის გეგმამ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თაობაზე.

ამ და აგვისტოს ომის საკითხებს უმთავრესი ადგილი ეჭირა შეხვედრის მუშაობაში

ეუთოს მინისტერიალი დასრულდა, მაგრამ ვერ იქნა მიღწეული პოლიტიკური დეკლარაცია. მიუხედავად ამისა ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდერ სტუბმა შეხვედრას წარმატებული უწოდა.

პოლიტიკური გადაწვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ შეხვედრა საამისო კარგი მცდელობა იყოო.

ფინეთს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეუთო უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე პირველად შეძლებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. უკანასკნელი პოლიტიკური დეკლარაცია ეუთომ 2002 წელს მიიღო პორტუგალიაში და მაშინაც და მას მერეც უსაფრთხოების საკითხში შეთანხმება ვერ მოხერხდა.

მთელმა რიგმა მონაწილე ქვეყნებმა მოუწოდეს ეუთოს, გააგრძელოს ორგანიზაციის მისია საქართველოში. საქართველოს- ამჯერად უკვე ყოფილმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მანდატის გაგრძელება მოხდება, მაგრამ უარი თქვა ეწინასწარმეტყველა მოსკოვის მოლაპარაკებების შედეგები.

გაისმა რუსეთის მისამართით კრიტიკაც იმის გამო, რომ ამჟამად მოქმედ მისიას საშუალება არა აქვს შევიდეს სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს.

მინისტერიალზე დაპირისპირება გამოიწვია რუსეთის გეგმამ უსაფრთხოების ახალი სტრუქტურების თაობაზე. მოსკოვი გამოვიდა წინადადებით, არსებული სისტემა ახლით შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში, ეუთო დაიღუპებაო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

დასავლელი დიპლომატების აზრით, უსაფრთხოების ახალი სტრუქტურების შექმნაზე საუბრით რუსეთი ნატოს დასუსტებას ისახავს მიზნად.

რაში გამოიხატება რუსეთის წინადადების არსი? ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, დრაგან სტავლიანინი იტყობინება ჰელსინკიდან:

დრაგანი 2 "რუსეთის წინადადების მთავარი საკითხებია: პირველი - გადამწყვეტი როლი უნდა მიენიჭოს გაეროს; მეორე - ხელი უნდა შეეშალოს ნებისმიერი სახის ცალმხრივ მოქმედებას; მესამე - არცერთი ქვეყანა არ შეიძლება იყოს იზოლირებული; და მეოთხე - ყველა მონაწილეს ერთნაირი უფლებები მიეცეს. ვინაიდან, როგორც რუსეთი ამტკიცებს, ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა რეგიონის მიმართ სხვადასხვა კრიტერიუმები გამოიყენება."

გარდა ამისა, რუსეთი გამოვიდა წინადადებით, კვლავ დავუბრუნდეთ ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ კონვენციას, რომელიც მან ერთი წლის წინ მიატოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, ჰელსინკიში მან მხარი არ დაუჭირა პარასკევს მიღებულ დოკუმენტს კანონის უზენაესობის საკითხზე. საქართველო აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა არ ვრცელდება საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე.

საქართველომ მხარი არ დაუჭირა არც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დოკუმენტს იმავე მიზეზით, ვინაიდან ის ვერ აკონტროლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს.

როგორც ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, დრაგან სტავლიანინი იტყობინება ჰელსინკიდან, მინისტერიალზე საქართველოს თაობაზე არავითარი დოკუმენტი არ მიღებულა:

დრაგანი 1 "იყო სამი დეკლარაცია. მიღებულია მხოლოდ ერთი. საქართველოს თემა ნახსენები იყო დისკუსიების დროს, სხვადასხვა გადაწყვეტილების დროს. მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ არ ყოფილა მიღებული."

ეუთოს თავმჯდომარეობას პირველი იანვრიდან საბერძნეთი გადაიბარებს.
XS
SM
MD
LG