Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ოპოზიცია შეხების წერტილებს ეძებენ


11 მაისის უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ გამოთქვამენ მზადყოფნას შეხვდნენ ერთმანეთს და დიალოგის გზით გადაჭრან ქვეყანაში არსებული პრობლემები, თუმცა, ამ ორმხრივი მზადყოფნის მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეები კვლავინდებურად ვერ ახერხებენ უმთავრეს პრობლემათა ჩამონათვალზე შეთანხმებას. პოზიციების არათავსებადობა განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა 18 მაისს, როცა ოპოზიციამ კრიზისის დაძლევის ექვსპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, ხოლო წინანდლის რეზიდენციაში უმრავლესობასთან შეხვედრისას პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი უთქვამს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. რა ახალი წინადადებებით ხვდებიან მხარეები მოლაპარაკების მეორე რაუნდს, რომლის გამართვის სურვილს ხელისუფლებაც გამოთქვამს და ოპოზიციაც?

18 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ექვს პუნქტადაა გაწერილი ის წინადადებები, რომელთა ხორცშესხმის შემთხვევაში, ოპოზიციის აზრით, შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. განცხადების პირველი პუნქტი ეთმობა ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, მეორე პუნქტი კი საკონსტიტუციო რეფორმის დაწყების აუცილებლობას. მესამე პუნქტში, როგორც „ალიანსი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, ამბობს, ლაპარაკია სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაზე, რაშიც, პირველ რიგში, იგულისხმება იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების ქვედანაყოფების გამოყოფა.

„ყველა წინადადება, რომლითაც იწყება ჩვენი ექვსპუნქტიანი შეთავაზება, არის სიტყვასიტყვით გადმოწერილი სააკაშვილის მიერ გაცხადებული „მზადყოფნებიდან“. ეს არის ის, თუ როგორ გავიგეთ ჩვენ, რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა იმისათვის, რომ ელემენტარული ნდობა გაჩნდეს, იმისთვის, რომ პროცესი დაიწყოს“, განუცხადა რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, პროცესის დასაწყებად ასევე აუცილებელია სასამართლო სისტემის რეფორმირება და ოპოზიციასთან შეთანხმებით უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლა. სულ ბოლო, მეექვსე, პუნქტში ლაპარაკია მედიასივრცის გაჯანსაღების აუცილებლობაზე. განცხადების ავტორთა აზრით, გაჯანსაღებაში ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობის შეცვლა, მეორე არხის ექსპერტთა შეთანხმებული ჯგუფისათვის გადაცემა და ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნება იგულისხმება, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 მაისს წინანდლის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან ერთად განიხილოს მხოლოდ საპარლამენტო ხელისუფლების განსამტკიცებლად კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები და სრულყოს საარჩევნო კანონმდებლობა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება, ამიტომ ვიძახით, რომ შევქმნათ სრულყოფილი საარჩევნო სისტემა და გადმოვწიოთ აქეთ ადგილობრივი არჩევნები და ვნახოთ, რა იქნება... ჩავატაროთ ჯერ ადგილობრივი არჩევნები და შევთანხმდეთ შედეგებზე. მერე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და როცა კონსტიტუციური ვადა მოუწევს, ჩავატაროთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.“

გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადები არ შეიცვლება, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ 11 მაისის შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.

თინა ხიდაშელი: „როგორც ჩანს, ტაბუ მოიხსნა. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი ადრეული და ვადამდელი არ იქნებოდა, მაგრამ უკვე ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკდა, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია წინ. და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით ფიქრი გააგრძელოს. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ზეწოლის პირობებში კიდევ უფრო წინ გადადგამენ ნაბიჯს და სხვა არჩევნებზეც ალაპარაკდებიან.“

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სააკაშვილთან შეხვედრა ოპოზიციის თვითმიზანი არ არის და რომ დიალოგის გასაგრძელებლად ხელისუფლებას შეუძლია დაიწყოს ოპოზიციის მოთხოვნების განხორციელება ნებისმიერი თანმიმდევრობით. რადიო თავისუფლებამ ოპოზიციის წინადადებების კომენტირება ხელისუფლების წარმომადგენლებსაც სთხოვა, თუმცა დღის განმავლობაში, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოიცალა და ვერც საპარლამენტო უმრავლესობის სხვა რომელიმე ლიდერმა. პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე კი ოპოზიციისა და ხელისუფლების ახალი ინიციატივების საფუძველზე ასკვნის, რომ ჯერჯერობით ვხედავთ მხოლოდ მხარეთა მცდელობას შეჯერდეს ის საკითხები, რომელთა გარშემოც სამომავლოდ დიალოგი შეიძლება გაიმართოს.

„რაც შეეხება მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას, მე არ ვიჩქარებდი ასეთი დასკვნის გამოტანას, იმიტომ რომ ეს შეთავაზებული წინადადებები იმდაგვარად არის ფორმულირებული, რომ მეორე მხარისთვის მისაღები არ არის. მაგალითად, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ექვსპუნქტიანი პაკეტი პირველ ორ პუნქტში მოიცავს ხელისუფლებისთვის მიუღებელ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ამ ექვსპუნქტიანი პაკეტის განხილვაზე არ დათანხმდება. თავის მხრივ, ოპოზიციაც არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, იმიტომ რომ ის არ შეიცავს ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებულ წინადადებებს. ამიტომ ჯერ კიდევ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან მხარეები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ შეიძლება უფრო მეტი შეხების წერტილები გამოიძებნოს“, განუცხადა არჩილ გეგეშიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG