Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ღლონტი - ტელემენეჯერი


24 მაისი, კვირა
დღეს დავიწყე დღიურის წერა. ვიცი, რომ ჩემს ნაწერს ბევრი მოუსმენს და წაიკითხავს. ვეცდები, ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი. დღიურის წერა კვირადღიდან მიწევს. არ მიყვარს კვირადღე, არც შაბათი, არც შვებულება. საერთოდ, დასვენების დღეები არ მიყვარს, შვებულებაშიც კი პირველი სამი დღე ვგრძნობ თავს კომფორტულად, შემდეგ კი აღარ ვიცი, რა ვაკეთო. ამბობენ, ტელევიზიამ იცის ასეთი ჩათრევაო.
დილით “მაესტროში” მივედი. უჩვეულოდ ცოტა ხალი დამხვდა ოფისში, თან გიაც არ იყო. ის დასავლეთში გაემგზავრა. “მაესტროში” მხოლოდ მორიგე თანამშრომლები იყვნენ, ცოტა ხანი ინტერნეტში ვიჯექი, შემდეგ გიას დავურეკე, მოვიკითხე. მას ისევ სიცხე აქვს და ტკივილებიც აწუხებს, მაგრამ ჯიუტად ასრულებს საკუთარ სიტყვას. ჩვენი გადამღები ჯგუფიც მოვიკითხე, ისინი გიას მოგზაურობას აშუქებენ. იღებენ ყველაფერს, რაც ხდება. თითქმის არ სძინავთ, გადაღლილები არიან.
ზურა იაშვილმა მიამბო, როგორ არ უშვებენ საბაჟოდან თურქეთიდან მომავალ მოძრავ სატელევიზიო სადგურს. ამ მოწყობილობით პირდაპირ ჩართვებს ვაპირებდით, მაგრამ საზღვარზე არ გამოატარეს. თურქმა მძღოლმა გვკითხა: უამრავჯერ ვარ საქართველოში ამ აპარატურით შემოსული და ახლა რა ხდებაო? თან შეშინებული იყო – მესაზღვრეები მითვალთვალებენო. მოკლედ, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ თურქები უკან გავუშვით.
თავისუფლების დღიურები - მამუკა ღლონტი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:50 0:00
ოფისში ნელ-ნელა ხალხიც მოგროვდა. სახლში გათბობას ვაწესრიგებ, ხელოსანმა დამირეკა, მოვრჩიო. მეგობრებთან, ბაჩო კიკაბიძესთან და მერაბ გუჯეჯიანთან, ერთად წავედი ნამუშევრის შესაფასებლად, შეფასების შემდეგ კი ლუდის დალევა მოგვინდა. დავსხედით ერთ-ერთ ლუდხანაში. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, სხვა მაესტროელებიც შემოგვიერთდნენ. დაახლოებით სამსაათიანი ხმაურიანი ურთიერთობის (მაესტროელების თავშეყრისთვის დამახასიათებელი ნიუანსია) შემდეგ ლუდსაც დავემშვიდობეთ და ერთმანეთსაც.
ისევ “მაესტროში” დავბრუნდი. ღამის 2 საათამდე იქ ვიყავი, შემდეგ კი სახლში წავედი. ღამის 3 ხდება, ჩვენს ეთერში “საკანი” მიდის, სიმშვიდეა. ტელევიზორთან ჩამეძინა. ოთხის წუთებზე დედაჩემი მაღვიძებს და უკიდურესად შეშფოთებული ხმით მეუბნება: მამუკა, არ ინერვიულო, ყველა კარგად არის, მაგრამ “მაესტროსთან” აფეთქება მოხდაო. გული გამისკდა, შუქი არ არის, ვერავის ვურეკავ, ყველას ტელეფონი დაკავებულია. “ინტერნეტი!” - გამიელვა თავში. შევედი “მაესტროს” საიტზე, საშინელება ხდება, ამასობაში ბაჩო თვითონ მირეკავს. ვთხოვე, მომაკითხოს და წამიყვანოს “მაესტროში”. ოფისიდან პატრულისთვის დაურეკავთ, არავინ ჩანს 45 წუთი, მერე წერეთელზე გასულან, იქ უნახავთ უსაქმოდ მდგომი პატრული და დახმარება უთხოვიათ. ისინი კი მანქანაში ჩამსხდარან და ყოველგვარი პასუხის გარეშე გასცლიან ჩვენს თანამშრომლებს. პატრული უარს ეუბნება მოქალაქეებს დახმარებაზე?! რატომ?

25 მაისი, ორშაბათი
დილიდან “მაესტროში” ბევრი ხალხი ირევა, არსად ჩანან მხოლოდ სამართალდამცველები. 12 საათზე ბრიფინგი გავაკეთეთ მე და ნათია მიქიაშვილმა. ბევრი ჟურნალისტი მოვიდა. ბრიფინგის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, როგორც ყოველთვის, პირველი არხის ჟურნალისტმა მომაკითხა. ახალგაზრდა გოგონას ნერვიულობა ეტყობოდა. მან გადმომცა, რომ პირველმა არხმა სოლიდარობა გამოგვიცხადა. მე ვთხოვე, რომ თუ ეს მართლაც ასე იყო, ინტერვიუ, რომელსაც ჩემთან ჩაწერდა, სრულად გაეშვათ ეთერში და იმ დღეს რომელიმე გადაცემაში მივეწვიეთ იმ მიზნით,რომ მთელი საქართველოსთვის მეამბნა, რაც მოხდა. ჟურნალისტი გოგონა სიხარულით დამთანხმდა, ინტერვიუ ჩავწერეთ. შემდეგ გაირკვა – არც ეს ინტერვიუ და არც მე პირველი არხის ინტერესის სფეროში არ მოვხვდით. ნეტა რაში გამოიხატება სოლიდარობა ყუბანეიშვილურად, მხოლოდ სიტყვებში? გამახსენდა, როგორ თითქმის აცრემლებული თვალებით უსმენდა საკუთარ ჟურნალისტს - მაქარაშვილს - ლევან ყუბანეიშვილი, როდესაც ეს უკანასკნელი ოპოზიციონერ თენგოს მუქარაზე ჰყვებოდა. შემდეგ ამ ჟურნალისტს დაცვაც დაუნიშნეს თენგოსგან დასაცავად, პრეზიდენტმაც განაცხადა, ჟურნალისტებს არავის დავაჩაგვრინებთო, ჩვენ კი, დაცვას ვინ ჩივის, ტელეფონითაც კი არავინ დაგვირეკა ხელისუფლებიდან.
შუადღისას შსს-დან მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ამ ტერაქტს შენობის განზრახ დაზიანების კვალიფიკაცია მიანიჭეს. კიდევ კარგი, 11 სექტემბერს ამერიკის შსს-ის ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი არ იყო, თორემ ბინ ლადენსაც იმავე მუხლით გაასამართლებდა და ბინი ახლა უკვე თავისუფალი იქნებოდა და ახალ შენობებს დააზიანებდა.
ადვოკატობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვთხოვეთ. იმედი მაქვს, ისინი, როგორც ყოველთვის, ამ საქმესაც ფრიადზე გაართმევენ თავს. მთელი დღე ინტერვიუების მიცემაში გავატარე. თვით BBC-იც კი დაინტერესდა ამ აფეთქებით. მისი კორესპონდენტის თვალებში თანაგრძნობა და შეშფოთება იკითხებოდა. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა: გადაცემები, სტუმრები...
ხვალ 26 მაისია. სახლში დილის 5 საათზე მივედი. ვოცნებობ, 10 საათამდე მაინც არ გამაღვიძონ.

26 მაისი, სამშაბათი
11-მდე მეძინა. ესე იგი, გამიმართლა! გავიღვიძე თუ არა, ტელევიზიაში დავრეკე. ნათიამ მითხრა, რომ პრობლემები არ იყო. ნელ-ნელა მოვემზადე და სამსახურში წავედი. ძალიან მინდოდა სტადიონზე ყოფნა, მაგრამ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ არც ერთ მიტინგს და შეკრებას არ დავესწრები. მეშინია, ემოციებს არ ავყვე და ამ დროს რომელიმე სახელისუფლო არხის ობიექტივის დაკვირვების ქვეშ არ აღმოვჩნდე. ასე თუ მოხდა, მაშინვე მხარედ მონათლავენ “მაესტროს”, მე კი არ მინდა, რომ ჩემს კოლეგებს, რომლებიც ჩემგან დამოუკიდებლად მუშაობენ, საქმე გავუფუჭო. თუმცა, მაინც არავის სჯერა, რომ მე არ ვერევი სარედაქციო საქმიანობაში.
“მაესტროში” მისვლისთანავე ტელევიზორთან მოვკალათდი. სტადიონი შევსებას იწყებს. მაინტერესებს, შეივსება თუ არა სრულად. შეივსო. ლიდერები სარბენ ბილიკებზე დადიან და ჯერ არმოგებულ “ომში” გამარჯვებას ზეიმობენ. უცბად დიდი ხმაური ატყდა, ხელში აყვანილი გია შემოიყვანეს. სტადიონი კინაღამ დაინგრა. გია მართლაც ძალიან უყვარს ხალხს და, ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. გიასთან ერთად პროექტს რომ ვიწყებდით, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მისი გამძლეობის მიმართ, ახლა კი, მას შემდეგ, რაც მისი მოქმედებები ვნახე, დავრწმუნდი, რომ ის ძალიან პრინციპული და ამტანი ადამიანია.
სტადიონზე ორატორი ორატორს ცვლის. დიდი ერთსულოვნებაა. ამდენი ადამიანი გამოიყვანა ღირსების გრძნობამ, მიხარია, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, არასდროს შევეგუებით ავტორიტარიზმს. ბოლოს გიამ მიმართა ხალხს და პატრიარქთან წასვლა შესთავაზა. მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა. პოლიტიკოსების საქმეს პატრიარქი არ უნდა აკეთებდეს... მაგრამ, იქნებ ვცდები.
ტელევიზორით ვადევნებ თვალს მოვლენებს. მოულოდნელად ნათიას ხმა გავიგე – სამებაში უგულავა მივიდაო. მივხვდი, რომ მდგომარეობა დაიძაბებოდა. ასეც მოხდა. ხალხი ლიდერებს უყვირის. ყველა რუსთაველისკენ დაიძრა.
პაუზით ვისარგებლე, შვილებს გავუარე და სახლში წავიყვანე. გზაში ტელეფონი არ გაჩერებულა, მირეკავდნენ “მაესტროდან”, მეუბნებოდნენ, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. სახლში არც შევსულვარ, უკან გავბრუნდი. მართლაც მძიმე მდგომარეობა დამხვდა. რუსთაველზე ლამის აჯანყება დაიწყოს... მიკროფონთან დავით გამყრელიძე მივიდა და ხალხს მოუწოდა, რკინიგზა გადაეკეტათ. მივხვდი, რატომაც გააკეთა ეს. ბრავო, გამყრელიძე! სისხლისღვრა აგვარიდა. “მაესტროში” გია მოვიდა, ფეხზე ვერ დგას, ისეა დაღლილი. ისევ სიცხე აქვს, ეიფორიაშია. ცოტა ხანში ეთერიც იწყება. საშინელი ესემესები მოდის, გია სატელეფონო ზარებს პასუხობს, ნერვებს ვეღარ იოკებს, მდგომარეობა ისევ იძაბება. ბაიას, “საკნის” პროდიუსერს, ვთხოვ, რომ გიასთან შემიშვას პირდაპირ ეთერში. არ მინდა, ტელევიზიამ ისედაც უკიდურესად დაძაბული და აღელვებული საზოგადოება კიდევ უფრო დაძაბოს. ბაია უსიტყვოდ მთანხმდება. რამდენიმე წუთში “საკანში”, გიას პირისპირ ვზივარ. ვცდილობ გიას და მაყურებლების დამშვიდებას. მგონი გამომივიდა. თუმცა ესემესებით ერთი-ორი სალანძღავი სიტყვა მეც მივიღე. დილის 5 საათზე სახლში მივდივარ. საოცარია, მაგრამ არ მეძინება.

27 მაისი, ოთხშაბათი
დილა უნიათოდ დაიწყო. ისე, როგორც საზოგადოების უმრავლესობა, მეც გულგატეხილი ვარ. არაფერი გამოდის. ასე მგონია, მთელი საქართველო რომ გამოვიდეს, სააკაშვილი იტყვის, თურქეთში 12 მილიონი ქართველი ცხოვრობს და მე მათი პრეზიდენტიც ვარო. სულ უფრო და უფრო ნათლად ვხვდები, რაში სჭირდებათ ადამიანებს ღირსება და რატომ სწირავენ სიცოცხლეს ღირსებისათვის.
სამსახურში მისვლისთანავე ცუდ ამბავს ვიგებ – ახმეტაში ჩვენი არხი გამორთეს, რუსთავშიც გამორთული ვართ. ბაჩო არკვევს, რაშია საქმე. საშინელ გუნებაზე ვარ... რა გველის წინ? გული მხოლოდ ცუდს მიგძნობს, დავბორიალებ “მაესტროში” და არ ვიცი, რა გავაკეთო. არც რაიმეს კეთების სურვილი მაქვს. ნეტა, რას ფიქრობს ახლა სააკაშვილი? რაზე დარდობს? მივიღეთ ინფორმაცია, რომ იტალიაში გაემგზავრა ფეხბურთის საყურებლად. ყურებს არ ვუჯერებ! მისი ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა, ის კი იტალიაში, ფინალზე დასასწრებად მიდის! ისევ მიმყარდება აზრი, რომ სააკაშვილი ჭკუასუსტია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება. ირონიით არ ვამბობ, ამის გულწრფელად მჯერა.
თავი ლამისაა, გამისკდეს, მგონი სიცხეც მაქვს. ხუთი ღამეა, არ მიძინია. დავემშვიდობე ყველას და სახლში წავედი. ასე ადრე სახლში დიდი ხანია არ მივსულვარ. დედაჩემმა რომ დამინახა, შეშინებულმა მკითხა, რამე ხომ არ მოხდაო. არაა მიჩვეული სახლში ჩემს ადრე დაბრუნებას. ცოტა ხანში ნატო მოვიდა და თამუნა, ეკა და სოფო მოიყვანა. სამივე შვილს ჩავეხუტე. მათთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არასდროს მითქვამს. თამუნა და ეკა სტუდენტები არიან, სოფო - სკოლის მოსწავლეა.
შარშან, ზაფხულში, ისე მიჭირდა, საწვავის ფული არ მქონდა, სამსახურშიც ვერ დავდიოდი. ჰოდა, სიამაყით ვამბობ: თამუნას და ეკას ხელფასით გავატანეთ მთელმა ოჯახმა. როგორ გარბის დრო!.. შვილები მხარში მიდგანან და ძალიან უხარიათ, როცა მამას ეხმარებიან. როგორ შეიძლება, მათ ვუღალატო და პირადი კეთილდღეობის გამო დავივიწყო სინდისი და ის, რომ კარგი ქვეყნის აშენება ყოველ ქართველზეა დამოკიდებული. რაც გამაჩნია, სამშობლოა და ამიტომაც, რადაც უნდა დამიჯდეს, შვილებს კარგი ქვეყანა უნდა დავუტოვო. დავწექი და მკვდარივით ჩამეძინა. სიზმარში კი ისევ შვილები ვხედავ, სიზმარშიც მათ ვეფერები...

28 მაისი, ხუთშაბათი
შეიძლება ითქვას, გამოვიძინე, ენერგია მომემატა. წავედი “მაესტროში”. იქ ახალი ამბავი მხვდება. ნათია მეუბნება, რომ პატრიარქი განცხადების გაკეთებას აპირებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე გაემართა საპატრიარქოსკენ. ნეტა რა უნდა თქვას პატრიარქმა? ნუთუ მართლა დააშანტაჟეს და სისხლისღვრით დაემუქრნენ?
დრო ნელა გადის. “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი მოვიდა. ინტერვიუ მივეცი. მოვრჩით თუ არა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა მთხოვა ინტერვიუ. უარს ხომ არ ვეტყვი? ისევ კითხვებზე პასუხი. უცბად, ქვედა სართულზე ჩოჩქოლი ატყდა, ინტერვიუ შევწყვიტე და კიბეზე ჩავირბინე. ნათიას ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო და ჩვენი ჟურნალისტის სიტყვებს ასმენინებდა იქ შეკრებილ თანამშრომლებს. ეს პატრიარქის განცხადების ციტირება იყო. მოვისმინე თუ არა განცხადება, მივხვდი, რომ 26-ში უგულავა და ძმანი მისნი ტყუილად არ მისულან სამებაში. პატრიარქმა განაცხადა, ხალხს სისხლისღვრა ავაშორე და ის განცხადება იმიტომ გავაკეთეო. ამ ადამიანებმა მართლაც გაბედეს პატრიარქზე ზეწოლა. შემდეგ მოიტანეს ვიდეოკადრები, სადაც უგულავა სამების ეკლესიის საკურთხეველში შედის, იქ შესვლის უფლება კი, გარდა მღვდლებისა, არავის აქვს. ანუ, არ ტყუოდა გია, როცა თქვა, რომ 26-ში პატრიარქი ტყვეობაში ჰყავდათო. ახალგაზრდა იურისტებმა დამირეკეს. შეხვედრა დავთქვით. თურმე, შსს-ს დაზარალებულად ჯერ კიდევ არ ვუცნივართ. აგვაფეთქეს, მეტი რაღა უნდა გვიქნან?!
მოსაღამოვდა. გოგოებმა ნაყინი ინატრეს. მე და ზურა იაშვილი მანქანით გავედით და მათ სურვილი ავუსრულეთ, ოღონდ ნაყინს მარწყვიც მივუმატეთ. შემდეგ სახლში წავედი. საღამოს კონცერტია რუსთაველზე. “მაესტროს” ვუყურებ. თამარ ჩიქოვანს სტუმარი ჰყავს, სიმშვიდეა. მოულოდნელად ჩართვა კეთდება: ნიღბიანები ისევ სცემენ მომიტინგეებს. დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩვენს ოპერატორს თავი გაუტეხეს, საავადმყოფოშია. მდგომარეობა ისევ იძაბება. ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი ეს ცუდად დამთავრდება. გვიან ღამით მერაბიშვილის უწყება აკეთებს განცხადებას. მათი ვერსიით, შსს-ს ოპერატორი მომიტინგეებმა დაატყვევეს და სცემდნენ. ცემის დროს ოპერატორმა პატრულში დარეკვა მოახერხა და ჩვენი სახელოვანი პატრულიც წამებში აღმოჩნდა დანაშაულის ადგილზე. ოღონდ სიჩქარეში, ეტყობა, ფორმის ჩაცმა დაავიწყდათ, ხელკეტებიც რკინის ჰქონდათ. მაგრამ არ დავიწყებიათ ნიღბები, ქვების სროლაშიც გაწაფულან! ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ ჩვენს გმირ პატრულს უკვე ექიმებიც ეხმარებიან ქვების სროლაში. ერთ-ერთი ასეთი ექიმი ჩვენს მიერ გადაღებულ ფირზეც აღმოჩნდა. ეტყობა, როცა ჩვენ აგვაფეთქეს, პატრულს იმიტომ დააგვიანდა, რომ ემოციებს აყვნენ და შეეშინდათ, მკვდარი მაესტროელები არ ეხილათ შემთხვევის ადგილზე. ცინიზმით სავსე დროში ვცხოვრობთ...

29 მაისი, პარასკევი
დილით ვისაუზმე და, როგორც ყოველთვის, “მაესტროსკენ” გავეშურე. ოფისში უცხოელი ჟურნალისტები დამხვდნენ, ერთ-ერთი გერმანელი იყო. გაოცებული დადიოდა ჩვენს ოფისში და გვეკითხებოდა, ეს არის სულ თქვენი ოფისიო? არ სჯეროდა, რომ ხუთოთახიანი სახლიდან გავდივართ ეთერში. შემდეგ შემპირდა, ყველას მოვუყვები თქვენს შესახებო, ისიც დააყოლა, მეგონა, მინიმუმ ათსართულიანი, შუშის ოფისი გექნებოდათო. ჩემგან ინტერვიუ აიღო. გიასთან შევედი, იქ რადიო “უცნობის” თანამშრომლები დამხვდნენ. ჭიჭიკო და ბიჭიკოც იყვნენ, რაღაც ისტორიებს ჰყვებოდნენ. დიდი ხანია, ასე გულიანად არ მიცინია.
“გამოკითხვაში” ჟურნალისტების რეიტინგი დავდეთ. საოცარი ინტერესი გამოიწვია. ინტერნეტსაიტზე 1500-ზე მეტმა მომხმარებელმა მისცა ხმა. ალეკო ელისაშვილი პირველ ადგილზე გავიდა, დავით აქუბარდია მეორეზე, ინგა გრიგოლიამ მესამე საპატიო ადგილი დაიკავა, ჩვენი ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ გამოკითხვებს ვაყალბებთ. ამაზე გული მწყდება. ტყუილზე მეტად არაფერი მეზიზღება. შემდეგ გაზეთების რეიტინგი გამოვიკითხეთ, აქ კი “ასავალ-დასავალმა” გაიმარჯვა.
ამასობაში მიტინგი დაიწყო. პირდაპირ ეთერში ვუსმენ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის გულგრილობაზე საუბრობს. ასი პროცენტით ვეთანხმები. თავად მაქვს ნანახი, ეუთოს გამოცდილი დამკვირვებლის შუშის თვალებში როგორ ეწერა: “მიშა მაგარია!” და როგორ მისვამდა აბურდულ კითხვებს “მაესტროს” ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ომამდე იყო. “მიშა მაგარია!” - გაჰყვიროდა ბუშის ადმინისტრაცია, გაჰყვიროდა ევროპა. ვარდების რევოლუციაზე ლექციებს უკითხავდნენ სტუდენტებს ისე, რომ არც იცოდნენ, ხოტბას ჰიტლერის და სტალინის პატარა აჩრდილს რომ ასხამდნენ. ერთხელ, ერთი ავტორიტეტიანი ევროპული კომისიის წევრმა, რომელიც ეროვნული უმცირესობების მდგომარეობას იკვლევდა, მკითხა, როგორ ცხოვრობენ საქართველოში აზერბაიჯანელები და სომხებიო. მე ვუპასუხე: რას იკვლევთ, ნახეთ იმ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც თქვენ წინგადადგმულ ნაბიჯად აღიარეთ - იქ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სააკაშვილმა 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა-მეთქი. მას მწარედ ჩაეცინა და მიპასუხა, კარგად ვიცი, სააკაშვილი ვინც არისო. მერე რას გვიმალავთ? ჩვენც გვითხარით და სხვებსაც!

30 მაისი, შაბათი
დილით ჩემს დისშვილს ვესაუბრე. დაჩი 15 წლისაა, ამჟამად იტალიაშია, საქართველოს ნაკრებში თამაშობს ფეხბურთს. მჯერა, რომ მისგან კარგი მოქალაქე და დიდი ფეხბურთელი გამოვა. ორი თამაში უკვე ჩაუტარებიათ, ერთი 3:0 მოუგიათ, მეორე კი - 7:0. მაგრები არიან! დიდი ხანია, დილიდან ასეთი კარგი ემოციები არ მიმიღია. მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი გამოდგა: დღეს, 30 მაისს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად რუსთავში “მაესტრო” გამორთეს.
თვალი გადავავლე დღიურს და მივხვდი, რომ ეს კვირა მარტო ჩემთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის საკმაოდ დაძაბული და დასაფიქრებელი პერიოდი გამოდგა.
ხვალ გაზაფხულის ბოლო დღეა... იმედი მაქვს, ზაფხული არ იქნება ცხელი...
XS
SM
MD
LG