Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია ახალი შემადგენლობით შეუდგება მუშაობას


ევროპის კომისიის შენობა ბრიუსელში
ევროპის კომისიის შენობა ბრიუსელში
ევროპის კომისია ევროკავშირის აღმასრულებელი უწყებაა, რომელიც ევროპის კავშირის კანონებს თუ დადგენილებებს განახორციელებს. ოთხშაბათიდან, 10 თებერვლიდან, მუშაობას შეუდგება კომისია ახალი შემადგენლობით, რომელიც სამშაბათს ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

ევროპარლამენტის უმთავრესმა ფრაქციებმა - ქრისტიან- დემოკრატებმა, სოციალ-დემოკრატებმა და ლიბერალებმა -მის შემადგენლობას მხარი დაუჭირეს. პარლამენტის 488 წევრი მიემხრო წარდგენილ 26 კანდიდატს, 137 წინააღმდეგი იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ კენჭისყრის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი გუნდი მუშაობისთვის მზადაა:

„ჩვენ ვამაყობთ კენჭისყრის შედეგით და, ამავე დროს, კმაყოფილები ვართ. ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს. ეს ევროპისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ეს არის მანდატი მეტი გაბედულებისთვის.“
იოლი გზა არ გაუვლია კომისიას, სანამ მოახერხებდა ახალი შემადგენლობა დაემტკიცებინა. პრობლემა გაჩნდა უკვე შარშან ზაფხულში, როცა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ახალი კომისიის შედგენა, რადგან ელოდნენ ლისაბონის ხელშეკრულებას, რომელიც თითოეულ წევრ ქვეყანას თითო კომისრის ყოლის საშუალებას აძლევს. შემდეგ ახალი ზღუდე გაჩნდა: ევროპის პარლამენტმა არ ისურვა კომისიის პრეზიდენტი ბაროზუ საზაფხულო არდადეგების წინ დაემტკიცებინა და ეს აქტი მომავლისთვის გადადო. ბაროზუმ კი თავისი ახალი გუნდის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა გადალახულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგობა ახალი ხელშეკრულების მიმართ. ამას კი მოჰყვა პარლამენტის უარი კომისრის პოსტზე დაემტკიცებინა ერთი კანდიდატი, რომელიც ბულგარეთმა დაასახელა, რასაც, თავის მხრივ, ახალი დასახელება და მოსმენები მოჰყვა. მოკლედ, პროცესი გაიჭიმა. მაშინ, კონკრეტულად, უარი ათქმევინეს ბულგარელ კანდიდატს რუმიანა ჟელევას, იმ მოტივით, რომ მისი ქმარი მაფიასთან არის კავშირში და ის თვითონ დამატებით შემოსავალს მალავსო. ამის საწინააღმდეგოდ ითქვა, ჟელევას ბულგარეთის ოპოზიციამ გაუვრცელა ეს ხმები და ჩირქი მოსცხოო; კომისრობის კანდიდატმა სათანადო გამამართლებელი საბუთებიც წარადგინა, მაგრამ ამასობაში პოლიტიკურად იმდენად დასუსტდა, რომ იძულებული გახდა თავადვე ეთქვა უარი კანდიდატობაზე.

ახლა, გასულ პარასკევს, სტრასბურგში პირველი კენჭისყრა შედგა. პარლამენტარებმა კომისიის 26 წევრს მუშაობის დაწყებისთვის გზა გაუხსნეს, დიდი უმრავლესობით. მიღებული იქნა ჩარჩო შეთანხმება კომისიის პრეზიდენტთან, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, კომისიასა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მეორე - 9 თებერვლის - კენჭისყრაზე უკვე ოფიციალურად დამტკიცდა დასახელებული 26 კომისარი, ანუ, როგორც ითქვა, ოთხშაბათიდან კომისრები მუშაობას შეუდგებიან. თავიდანვე გეტვით, რომ ბაროზუსთან შეთანხმება კომისიას ავალდებულებს, პარლამენტის სურვილის შესაბამისი კანონპროექტები წარადგინოს,ხოლო თავად პრეზიდენტ ბაროზუს, თუკი ის მომავალში კომისიის წევრის განთავისუფლებას მოინდომებს, საკითხი უფრო გულმოდგინედ შეისწავლოს, თუკი ამას პარლამენტი ისურვებს. აი, რა თქვა მან, უკვე მეორე ვადით დამტკიცებულმა პრეზიდენტმა:

„გვეამაყება და დარწმუნებული ვართ ჩვენს თავში, ვიმუშავებთ სრული გაბედულებით დემოკრატიის საკეთილდღეოდ ევროპაში, რომელიც, მართლაც რომ, თავისუფლების შუქურაა მსოფლიოში.“
ბაროზუმ, როცა თავისი ახალი, ასე ვთქვათ, ხედვა წარმოადგინა მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ, გარდა ახალი წევრებისა, კომისიის ბირთვს ახალი სახე შესძინა და გამოაცხადა ახალი პორტფელები, ახალი ამოცანები თავისი თანამშრომლებისთვის. ასეთია, მაგალითად, კლიმატის პოლიტიკა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სფეროები, ძირითადი უფლებები და ევროკავშირის მოქალაქეობა. მან ახლებურად ჩამოაყალიბა უკვე არსებული ფუნქციები კომისრებისა. ცვლილება შეეხო განათლებას, კულტურას, მრავალენობრიობას და ახალგაზრდობის საქმეებს, ისევე როგორც ჯანმრთელობის დაცვას, მომხმარებლების შესახებ პოლიტიკას და სხვ.

ახალი კომისიის მიმართულებაა, ბაროზუსვე თანახმად, ევროპის კავშირმა მსოფლიოში წამყვანი როლი იკისროს და გლობალიზაციის პროცესი თავისი ფასეულობებისა და ინტერესების შესაბამისად წარმართოს. უმთავრესი ღირებულება ადამიანია. პრიორიტეტებია: ეკონომიკური ზრდის სწრაფი განახლება, უმუშევრობის დაძლევა, ასევე ევროპის კავშირის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კავშირის მოქალაქეობის განმტკიცება. ახალი კომისიის პრიორიტეტები ათწლიანი ვადით ისახება და ისინი ევროკავშირის სამომავლო ხედვას გამოხატავენ. სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, ევროპის საზოგადოებრივი მოდელის ამ სამარკო ნიშანს, ახალი დინამიკა ენიჭება. ბაროზუმ ყველა ახალ კომისარს საგანგებო წერილი მისწერა, რომელშიც თითოეული მათგანის ამოცანები მოხაზა. აქვე გეტყვით, რომ ახალი კომისრები ხუთი წლით ინიშნებიან თანამდებობაზე. კომისრები, საბოლოო ჯამში, ცალკეული სახელმწიფოს მინისტრების მსგავს საქმიანობას ეწევიან. ისინი არიან პასუხისმგებელნი სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, ვაჭრობაზე, ეკონომიკასა და საგარეო ურთიერთობებზე. სულ, ევროკომისიას 38 ათასი თანამშრომელი ჰყავს. კომისიის პრეზიდენტი, „რეიტერის“ ცნობით, 25 ათას ევროს იღებს თვიურად, კომისარი კი 20 ათასზე ოდნავ მეტს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG