Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 თებერვალი მშობლიური ენის დღეა


მშობლიური ენის დღის პოსტერი
მშობლიური ენის დღის პოსტერი
21 თებერვალს მსოფლიო მშობლიური ენის დღეს სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით აღნიშნავს. ეს დღე 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა. საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილია გამოცხადებული, თუმცა, როგორც ქართველი ენათმეცნიერები ამბობენ, ამ საკითხზე საუბარი არასოდეს არის ზედმეტი, მით უმეტეს, რომ, მათი შეფასებით, დღეს, ქართული ენის სიწმინდისა და გამართული მეტყველების თვალსაზრისით, - სკოლიდან დაწყებული, მედიით დამთავრებული, - არც ისე სახარბიელო ვითარებაა.

მთავარი კითხვა, რომლითაც რადიო თავისუფლება მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ეხმაურება, ასეთია: რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა, ზრუნავს თუ არა სახელმწიფო მისი სიწმინდის დაცვაზე და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების გადაჭრა? ამ რამდენიმეასპექტიან კითხვაზე პასუხის ძებნა სკოლიდან დავიწყეთ, ანუ იმ ადგილიდან, სადაც ადამიანი სწორად მეტყველებას უნდა სწავლობდეს. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულიაც სწორედ იმას გვეუბნება, რომ ენის განვითარების საკითხთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სკოლა:
მოზარდების მწირი მეტყველება ზოგადი განათლების დაბალ დონეს უკავშირდება, ფიქრობს გია მურღულია. მას ასევე აფიქრებს სახელმძღვანელოების ხარისხი. მიუხედავად ცვლილებებისა, უფრო დინამიკური აქტიური სწავლების პრინციპებისა, შესაბამის სიმაღლეებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა. როგორ და რა კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი ასწავლის სკოლებში ბავშვებს ლიტერატურას, ესეც ერთ-ერთი მთავარი კითხვაა:

”არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყანათა შორის ჩვენ ნაკლებად გამოვირჩევით და ეს სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, ჯერჯერობით ჩვენ მაინც ვერ მივაღწიეთ იმ სიმაღლეს, რომ ენის ალღო განვუვითაროთ ჩვენს ბავშვებს, რომ მათი ლექსიკა გამდიდრდეს... ასევე უნდა დავსვათ კითხვა: მართებულია თუ არა ის, რომ მსოფლიო ლიტერატურიდან, ფაქტობრივად, არაფერი ისწავლება. ბოლო ხანებამდე ასე იყო, ახლა კიდევ გამოჩნდა რაღაც ელემენტები. იმის თქმა მინდა, რომ კითხვის გარეშე მეტყველება არ არსებობს...”

და არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, - ამბობს გია მურღულია,- ვისგან შეიძლება იღებდეს ახალი თაობა მაგალითს, ვის შეიძლება ბაძავდეს:

”ის, რაც საყოველთაოდ აღიარებული და პატივცემული არ არის უფროსთაგან, არასოდეს იქნება მიბაძვის ობიექტი ახალი თაობისათვის. საკმაოდ ხშირად, როდესაც მე ვუსმენ გამოსვლებს, - პოლიტიკოსების, ხელოვანი ხალხის, ჟურნალისტების, სპორტსმენების, - მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული ენის მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება.”

ქართული ენის სიწმინდეზე ზრუნავს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაც. მათ მიერ გამოცემულია ჟურნალისტის სტილისტიკურ-ორთოგრაფიული ლექსიკონი. ახლა მზადდება ამ წიგნის მეორე ტომიც - სპეციალურად პრესის ჟურნალისტებისათვის. ლექსიკონის პირველი ტომი მართლაც არაერთი მედიასაშუალების ერთგვარი სამაგიდო წიგნია. განყოფილების გამგე თამარ ვაშაკიძე გვეუბნება, რომ დასრულებულია მუშაობა პარონიმთა ლექსიკონზეც. ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვნად მიიჩნიოს, მაგრამ სინამდვილეში, პარონიმთა არასწორად გამოყენების შემთხვევაში, სიტყვის სულ სხვა მნიშვნელობას მივიღებთ და, რაც მთავარია, შეცდომას დავუშვებთ. ეს ისეთი სიტყვებია, რომელთა შორის განსხვავება ერთ ასოშია ხოლმე: ”მცნება და ცნება, კომპანია და კამპანია, აღქმა და აღთქმა, სწორად და სწორედ და სხვა მრავალი.”

თამარ ვაშაკიძეს ვკითხეთ, რა ტიპის შეცდომები ისმის დღეს ტელე ან რადიო ეთერიდან:

”ხშირია სტილისტიკური შეცდომები, ხშირად უცხო სიტყვებს ხმარობენ არასწორად, ცივილურს ხმარობენ ცივილიზებულის ნაცვლად, ამასთან მიმართებაში, პრეზიდენტმა გაახმოვანა... ეს შეცდომაა. თუმცა ამ ბოლო დროს რომ ვუსმენ, მგონია, რომ ნაწილმა გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები.”

ენათმეცნიერი ასევე გვიხსნის, რომ ძალიან ბევრი სიტყვა მოძველდა და შეივსო ახალი სიტყვებით, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უცხო სიტყვები ქართულში არასწორი ფორმით შემოდის.

აქვე გეტყვით, რომ ახლა მზადდება სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც 2011 წელს გამოიცემა, იგეგმება აბიტურიენტებისთვის ცალკე გამოცემაც. ამ ლექსიკონის გამოყენების შემთხვევაში, ამბობს თამარ ვაშაკიძე, ქართულ ენაში აბიტურიენტებს სპეციალური მომზადება არ დასჭირდებათ.
განმეორებით გამოიცა, შუქია აფრიდონიძის ავტორობით, ” ჩვენი ენა ქართული”. მზადდება სტოლისტიკურ-ორთოგრაფიული ცნობარის ელექტრონული ვერსიაც, რომლის პრეზენტაციაც ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხდება. ენათმეცნიერები სატელევიზიო სივრცის გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობენ. რამდენიმე წლის წინ ხშირად ტრიალებდა ერთგვარი სარეკლამო რგოლი, - შინაარსით: სწორია - შეცდომაა, - სადაც ყურადღება გამახვილებული იყო შეცდომებზე, რომელთაც ყველაზე ხშირად უშვებენ.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ქართული ენის სიწმინდეზე უნდა ზრუნავდნენ, განათლების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოა. ჩვენ მის უფროსს, მარიკა ოძელს, ვკითხეთ, დღეს რა მიმართულებით მუშაობენ და ვინ ადგენს ქართული ენის ნორმებს. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით ქართული ენის ნორმების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხზე მხოლოდ საუბრობენ, თუმცა გეგმაში ამ კომისიის ჩამოყალიბება არის.

მარიკა ოძელი განმარტავს, რომ კომისიას ბევრი საქმე ელის, ერთ-ერთი მიმართულება კი ბოლო დროს შემოსული ტერმინების ქართული თარგმანის დამკვიდრებაზე მუშაობა იქნება.

დაბოლოს, ჩვენ ისევ გია მურღულიას ვკითხეთ, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, რომ ქართული ენის სიწმინდე დაცული იქნეს, რომ ახალგაზრდა თაობა მეტყველებდეს გამართული ქართულით, რომ ქართულმა ენამ არ დაკარგოს თავისი ხიბლი:

”პირველი ის, რომ სახელმწიფოში უნდა იყოს განათლებული ადამიანის კულტი. ძალიან უნდა ვიფიქროთ ჩვენს მასწავლებლებზე. მნიშვნელოვანია, რომ კარგი ბიბლიოთეკები ჰქონდეთ სკოლებს. ბევრი კონკურსი უნდა ტარდებოდეს. და, ბუნებრივია, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი ძალიან მყარად უნდა იყოს წარმოდგენილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს კია სახელმწიფო ენა, მაგრამ ადამიანებს არა აქვთ დასაქმების შესაძლებლობა, თუ ისინი კარგად არ ფლობენ ინგლისურ ენას, მაშინ ისმის კითხვა, რით გამოიხატება სახელმწიფო სტატუსი ამ ენისა? უნდა იყოს ბევრი კარგი ქართული გამოცემა... ანუ აქტიური - კარგი გაგებით, აგრესიული - პოლიტიკის გარეშე ამ სფეროში წარმატების მიღწევა ძნელია. თანაც, სწრაფ შედეგს არ უნდა ველოდეთ - ხეჭეჭური მსხალივითაა, ერთ და ორ წელში ნაყოფს არ იძლევა”...
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG