Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა: "ბრიტიშ პეტროლეუმმა" მეტი უნდა გააკეთოს დაღვრილ ნავთობთან გასამკლავებლად


მომავალი 48 საათის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მოინახულებს მექსიკის ყურის იმ ადგილებს, სადაც დიდძალი ნავთობი იღვრება. თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, ვიზიტის ზუსტი დრო და ადგილი ახლა დგინდება. შეერთებული შტატების მთავრობა მოითხოვს, კომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმმა" მეტი გააკეთოს მექსიკის ყურეში დაღვრილ დიდძალ ნავთობთან გასამკლავებლად. დაღვრილი ნავთობი აშშ-ს სანაპიროს მსხვილ მონაკვეთებს უქმნის საფრთხეს. როგორც ვარაუდობენ, წყალში ყოველდღიურად 5 ათასი ბარელი ნავთობი იღვრება მას შემდეგ, რაც დაზიანდა "ბრიტიშ პეტროლეუმის" მიერ ამოქმედებული ნავთობის მოსაპოვებელი ოფშორული სადგური. ნავთობმა ლუიზიანის სანაპირომდე მიაღწია და კიდევ სამ შტატს უქმნის საფრთხეს. ეს შეერთებულ შტატებში ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა ათწლეულების განმავლობაში. შიშობენ, რომ სერიოზული საფრთხის ქვეშ არის თევზსაჭერი სადგურები, გარეული ცხოველების საცხოვრებელი ადგილები და სანაპიროები. მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის გამოძიებამდე აშშ-ის მთავრობამ შეაჩერა ქვეყნის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების სამუშაოები.
XS
SM
MD
LG