Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდება


დღეიდან საქართველოში ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი ამოქმედდება. ბიზნესმენებისთვის მიცემული პირობა, საკუთარ აპარატში ბიზნესის ინტერესების დამცველის პოსტის შექმნის შესახებ, პრემიერმა ნიკა გილაურმა ერთ კვირაში აასრულა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია დაინიშნა, რომელიც კარგადაა ცნობილი სამთავრობო და ბიზნეს წრეებში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ბიზნესის ინტერესების დაცვა და ლობირება იყო. საქართველოში ის სამი კვირის წინ აშშ-დან დაბრუნდა, სადაც ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლაში სწავლობდა. მთავრობის ბიზნეს-ომბუდსმენის განცხადებით, უახლოეს მომავალში კომუნიკაციის ახალი სისტემა შეიქმნება, რომელიც მორგებული იქნება როგორც მსხვილ ბიზნესზე, ასევე საშუალო და წვრილ ბიზნეს-წრეებზეც და ბიზნესმენებს არსებული პრობლემების ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მიტანას გაუადვილებს. ამ მიზნით, სავარაუდოდ, შეიქმნება ახალი ვებსაიტი.
XS
SM
MD
LG