Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს გახსნილი საზღვარი სადავო საკითხად რჩება


მოხევეები ისევ აქტიურად ლაპარაკობენ საფრთხეზე, რომელიც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობას უკავშირდება და რომლის უკანაც, მათი მტკიცებით, რუსეთის ბნელი გეგმა იმალება. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობდნენ შეხვედრაზე, რომელიც 18 მაისს თბილისში, კინოს სახლში, გამართა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სათემო კავშირი სტეფანწმინდა”. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკეთ გააანალიზოს ყველა ის საფრთხე, რომელსაც არასათანადოდ დაცული ჩრდილოეთის საზღვრის გახსნა მოუტანს საქართველოს სახელმწიფოს.

კრემლის სცენარი, რომელზეც მოხევეები ლაპარაკობენ, უკავშირდება თრუსოსხეობელ ოსებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ დატოვეს, მაგრამ კვლავაც აქვთ ქართული პასპორტები და ასევე აქვთ მიზანი, რომ დაიბრუნონ ქონება. კრემლი, ამ სარჩულით, საქართველოში თანდათან შემოუშვებს გარკვეულ ჯგუფებს, მოახდენს კონფლიქტის პროვოცირებას ყოფით ნიადაგზე და შემდეგ მათ დასაცავად შემოვა საქართველოში. ყოველივე ამის ფონს კი წარმოადგენს ისტორიის გაყალბების მცდელობა, კერძოდ, რუსეთის მიზანმიმართული პროპაგანდა, რომ სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნის. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელიც 18 მაისის შეხვედრას ესწრებოდა. მისთვის საფრთხეების არსებობა აშკარაა:

”ამის მიმანიშნებელი გახლავთ არა მხოლოდ აქტიურობა ჩრდილოეთ ოსეთში არსებული ნაციონალისტური ორგანიზაციებისა, რომლებიც ფინანსდებიან იმ მიზნით, რომ დაბინავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ არის სრულიად მკაფიო განცხადებები ჩრდილოეთ ოსეთის პირველი პირისა, რომელიც გარდუვალობად აფასებს ორი ოსეთის გაერთიანებას...”

საქართველოს სახელმწიფოსთვის სახიფათო სცენარზე მწვავე საუბრები მიმდინარე წლის პირველ მარტამდეც იყო, ვიდრე ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობას განაახლებდა და გრძელდება დღემდე. მართალია, 77 წლის მოხევე, სტეფანწმინდის რაიონის მკვიდრი იორამ ღუდუშაური ამბობს, რომ პრობლემა დაუძლეველი არ არის... მაგრამ როგორია მის მიერ დანახული გამოსავალი?

”არავის არ მივცემთ მაგის უფლებას... არ მივცემთ და ნუ... ჩვენი მამა-პაპანიც ეგრე იყვნენ და ჩვენც ეგრე უნდა ვიყოთ... იქა ვართ, განა...” - უთხრა რადიო თავისუფლებას იორამ ღუდუშაურმა.

მოხევეთა ვაჟკაცობაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ”სათემო კავშირი სტეფანწმინდა” თვლის, რომ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფმა სახელმწიფომ მოხევეები პრაქტიკულად საკუთარი თავის ანაბარად დატოვა და წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა, როდესაც იმავე მტრულად განწყობილ რუსეთთან ოფიციალურად გახსნა საზღვარი.

”სათემო კავშირი სტეფანწმინდა” არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა არც ზრდის და არც ამცირებს რუსეთიდან მომავალი საფრთხის მასშტაბს და რომ რუსეთის ავი ზრახვების განხორციელებას ვერც ჩაკეტილი საზღვარი შეაკავებს. ამგვარ მიდგომას საპარლამენტო ოპოზიციიდან აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიან-დემოკრატები. ხსენებული პოლიტიკური პარტიის ინიციატივით, 2009 წლის 13 ნოემბერს ზემო ლარსის საკითხი უშიშროების საბჭოს საგანგებო გაფართოებულ სხდომაზეც კი იხილებოდა. ქრისტიან-დემოკრატები დღემდე თვლიან, რომ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების ამოქმედების გარეშე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სერიოზულ პრობლემებს მოიტანს.

18 მაისის შეხვედრაზე მოხევეთა მხრიდან გაისმა მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ გადაიხედოს უკვე გადადგმული ნაბიჯები, ვიდრე არ არის გვიანი. მიმართვაში, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორმა ზაზა წიკლაურმა წაიკითხა, ყურადღება თავდაცვის საგანგებო ზომებზეც მახვილდება:

”აუცილებლად მიგვაჩნია არა მარტო დარიალის ხეობის ჩაკეტვა, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასაზღვრო რაიონების მკვიდრთა სასაზღვრო-თავდაცვითი ფუნქციის ისტორიული გამოცდილება. და ამის საფუძველზე შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა...”

საეჭვოა, რომ მოხევეთა მოწოდებებმა ხელისუფლებას უკვე გადადგმული ნაბიჯების გადახედვისკენ უბიძგოს, რადგანაც ის, როგორც უკვე ვთქვით, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაში ვერანაირ დამატებით ხიფათს ვერ ხედავს. ხელისუფლება თვლის, რომ საქართველო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა მეზობელი სომხეთის სატრანზიტო ინტერესები. ამასთან, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთის მონაკვეთის გახსნა ყოველმხრივ წახალისებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აქვე გავიხსენით, რომ ხსენებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება შეერთებული შტატების დაფინანსებით მოხერხდა და დანახარჯმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ის საელჩო გამოთქვამდა იმედს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირების აღდგენას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG