Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა


ბაჩო ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (მარცხნივ) და ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
ბაჩო ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი (მარცხნივ) და ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს გენერალური მდივანი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაცია, საქართველოში არსებული ვითარება და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის და თბილისის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. სხდომა ნატოს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოში განსახორციელებელია კიდევ ბევრი რეფორმა, რომლის მხარდაჭერას ალიანსი უფრო მეტი ძალისხმევით ცდილობს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის აუცილებლობაზე გაამახვილა. რასმუსენმა კვლავ დაადასტურა, საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა და წარმატებული რეფორმების შემთხვევაში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველ სამხედროთა მონაწილეობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. მისი განცხადებით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების მიუხედავად, ქვეყანა თავდაცვის სფეროში რეფორმებს წარმატებულად განაგრძობს და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობს. ახალაიამ აღნიშნა, რომ რეფორმების გასაგრძელებლად და ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის საქართველოსთვის ნატოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობას წარმატებული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი თანამშრომლობით საქართველო ალიანსში გაწევრიანებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG