Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და აშშ აცხადებენ, რომ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი არ ავნებს მათს ურთიერთობას


რუსეთი და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ მათს ურთიერთობას არ ავნებს შეერთებულ შტატებში რუსული ჯაშუშური ქსელის წევრების დაპატიმრების ფაქტი. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები საგარეო უწყების ანონიმი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, მოსკოვი მოელის, რომ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი არ დააზარალებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას, რომელიც გაუმჯობესების გზას ადგას. ამავე შინაარსის განცხადება სამშაბათს გააკეთა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, რობერტ გიბსმა: „არა მგონია, ამან გავლენა მოახდინოს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკაზე. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე დიდ წინსვლას მივაღწიეთ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, დაწყებული „სტარტის“ ახალი ხელშეკრულებით და დამთავრებული საკითხებით, როგორიცაა გაეროში ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე თანამშრომლობა. ასე რომ, არა მგონია, ამან გავლენა იქონიოს ურთიერთობებზე“. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ორშაბათს გამოაცხადა 10 ეჭვმიტანილის დაპატიმრების შესახებ, ხოლო 11-ე კაცი, რომელიც რუსულ ჯაშუშურ ქსელთან კავშირშია ეჭვმიტანილი, კვიპროსზე დააპატიმრეს. რუსეთმა აღიარა, რომ ეჭვმიტანილებს შორის ზოგიერთი - რუსეთის მოქალაქეა, თუმცა მათ, როგორც მოსკოვი ირწმუნება, ზიანი არ მიუყენებიათ შეერთებული შტატების ინტერესებისთვის.
XS
SM
MD
LG