Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ქვეყნის უფლებადამცველები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ


საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის უფლებადამცველები თბილისში შეიკრიბნენ
საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის უფლებადამცველები თბილისში შეიკრიბნენ
9 ივლისს ოთხი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის - უფლებადამცველები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იცავენ ადამიანის უფლებებს მათი ქვეყნების სასამართლოები და რატომ გახშირდა ბოლო დროს საჩივრების წარდგენა ევროსასამართლოში. პარალელურად საქართველოში უფლებადამცველებსა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს საერთაშორისო პენ-კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის პირველი შთაბეჭდილებებიც საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, არცთუ ისე დადებითია.

ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემები, რომელთა შესახებაც საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და მოლდოველი უფლებადამცველები ერთმანეთს უზიარებდნენ, თითქმის მსგავსია. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი უფლებადარღვევის იმ ფაქტებზე საუბრობდა, რომელთა რიცხვი მათ ქვეყნებში არა და არ იკლებს. სამართლის ძებნას ადამიანები სასამართლომდე მიჰყავს, მაგრამ აქაც ბევრი მათგანი საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი დავით მანაგაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წასული სარჩელების რიცხვი, მაგრამ არა იმიტომ, რომ უფლებები გასულ წლებში ნაკლებად ირღვეოდა. ამ ტენდენციას მანაგაძე იურისტებისა და ადვოკატების მეტ ინფორმირებულობას მიაწერს, ხოლო მიზეზი, რის გამოც საკუთარი უფლებების დაცვას მოქალაქეები ევროსასამართლოში ცდილობენ, მარტივია: აქ, საკუთარ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლო არ არსებობს:

სომხეთში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ვითარება ძალიან ცუდია, რადგან ის ორგანო, რომელმაც დარღვეული უფლებების აღდგენაზე უნდა იზრუნოს, ანუ სასამართლო, ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის, სანოტარო ბიუროდაა ქცეული...
”პრობლემები ეხება გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას. და კიდევ - სასამართლო ძალიან იშვიათად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარეს და იშვიათად უარყოფს მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ჩემი აზრით, სასამართლოს ჯერ გათვითცნობიერებულიც არა აქვს, რომ ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. მოსამართლეებს არ სჯერათ საკუთარი თავის და ამიტომაც ვერ ეწინააღმდეგებიან პროკურატურას”, - ამბობს დავით მანაგაძე. მისი კოლეგა უფლებადამცველი სომხეთიდან, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანადზორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნსი ამბობს, რომ სომხეთში ამჟამად 14 პოლიტპატიმარია, რაც ამტკიცებს, რომ იქ პოლიტიკური ნიშნითაც სდევნიან ადამიანებს. არ არის დაცული უფლებები ციხეებში, სადაც გაუსაძლისი პირობებია და საკანში, რვა ადამიანის ნაცვლად, 18 ადამიანია მოთავსებული. დღემდე არ არის გამოძიებული 2008 წლის 1 მარტს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ის ოთხი პოლიციელი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა.

”ვიტყოდი, რომ სომხეთში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ვითარება ძალიან ცუდია, რადგან ის ორგანო, რომელმაც დარღვეული უფლებების აღდგენაზე უნდა იზრუნოს, ანუ სასამართლო, ბრალდების მხარის, ანუ პროკურატურის, სანოტარო ბიუროდააა ქცეული, რომელიც მათ გადაწყვეტილებებს ამტკიცებს და, ამგვარად, სამართლიან სასამართლოზე საუბარი ვერ გვექნება. მოსახლეობა მაინც მიმართავს სასამართლოს, სხვა გზა მათ არა აქვთ, არ გააჩნიათ კავშირები, ფული, რომ ამ გზით გადაჭრან პრობლემა. მდიდარი და გავლენიანი ხალხი სწორედ ასე - კორუფციული გარიგებებით - აგვარებს საქმეებს. ღარიბ ხალხს კი რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიმართოს. ამ ადამიანების განათლების ამაღლებისთვის სამართლებრივ სფეროში უფლებადამცველები ბევრს ვაკეთებთ.”

აზერბაიჯანის სასამართლო ხელისუფლება წარსულშია ჩარჩენილი, ის კვლავ კომუნისტური გამოცდილებით ხელმძღვანელობს: შეკვეთილი საქმეები, კორუფციის ძალიან მაღალი დონე ...
არტურ საკუნსი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა. მხოლოდ მათი ზეწოლა თუ აიძულებს ხელისუფლებას კურსი შეცვალოს.

უწყობს თუ არა ხელს ადამიანის უფლებების დაცვას ევროსასამართლოში წასული საჩივრები? აზერბაიჯანის ადამიანის უფლებადაცვის ცენტრის დირექტორი ელდარ დეინალოვი ამბობს, რომ ეს საკითხი მისი ქვეყნისთვის მეტად აქტუალურია.

”აზერბაიჯანის სასამართლო ხელისუფლება წარსულშია ჩარჩენილი, ის კვლავ კომუნისტური გამოცდილებით ხელმძღვანელობს: შეკვეთილი საქმეები, კორუფციის ძალიან მაღალი დონე... თუ ევროპული გზა დარღვეული უფლებების აღდგენისა სასამართლოსკენ მიდის, ჩვენთან, თუ ამ კორუმპირებული სასამართლოს ფაქტორს გავითვალისწინებთ, სამართალს აღწევს ის, ვისაც ფული აქვს.”

ელდარ დეინალოვი ამბობს, რომ თუ ადრე უფლებადამცველებს სიმართლის თქმისათვის ფიზიკურად უსწორდებოდა, ახლა ხელისუფლებამ ეს მიდგომა იგნორირების პოლიტიკით ჩაანაცვლა:

”ადრე, როდესაც ხმამაღლა ვამბობდით სიმართლეს, გვცემდნენ. ახლა აღარ გვცემენ, მაგრამ აღარც გვისმენენ. ილაპარაკე, რაც გინდა, ეფექტი მაინც არა აქვს ამ ლაპარაკს. სადღაც 2005 წლამდე გვისმენდნენ, ზეწოლა იყო საოცარი, მაგრამ ბაქო -თბილისი -ჯეიჰანის გახსნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, აზერბაიჯანი პრობლემების მქონე ქვეყნიდან იქცა ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ. ისეთი შეგრძნებაა, რომ ნავთობის სუნი დასავლეთს უკარგავს ხალისს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე იფიქროს.”

თბილისში კი ამ საუბრის პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა იუჯინ შულგინი - ნორვეგიელი მწერალი, პენ-კლუბის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გამოხატვის თავისუფკლების, მედიის თავისუფლების სფეროში მოიძიებდა.

”ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან სერიოზული პრობლემებია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მხრივ. ვფიქრობ, ჩემი ეს ვიზიტი სწორედ რომ დროულია და მოხარული ვარ, რომ ქართველ მწერლებთან და ჟურნალისტებთან გამოხატვის თავისუფლებაზე ვიმსჯელებთ. ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში, ბევრ ქვეყანაში ვიცავთ ჟურნალისტების, მწერლების, გამომცემლების უფლებებს, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ თავისუფლად მაუწყებლობის და გამოხატვის უფლება.”

იუჯინ შულგინი თბილისში სულ ორი დღის წინ ჩამოვიდა. შესაბამისად, შეფასებებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დრომდე გამართული შეხვედრებიდან შთაბეჭდილება ერთია: საქართველოში, სხვა უფლებების დარღვევებთან ერთად, არც გამოხატვის თავისუფლებაა დაცული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG