Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა კალანდარიშვილი - სტუდენტი


8 აგვისტო, კვირა
დილით იოგა ვივარჯიშე. აბასთუმნის მიდამოები ზეპირად ვიცი, მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ადრე გამეღვიძა და ობსერვატორიის მეორე ბოლოში, ზედა ტელესკოპებისკენ წავედი. იქ ერთი შემაღლებული ადგილია, პატარა ბორცვი, საიდანაც მწვანე მთები და ტყეები მოჩანს. ბოლოს რომ ვიყავი აქ, ორი წლის წინ, ამ ადგილას ხშირად მოვდიოდი ხოლმე.

ჯერ კიდევ გუშინ გავიფიქრე, იოგას ვივარჯიშებ და მერე ამას დღიურში ჩავწერ-მეთქი: როდესაც შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე წერ და თან იცი, რომ მერე სხვები წაიკითხავენ, ცდილობ, განსაკუთრებით საინტერესო იყო, გეშინია, სხვის თვალში მოსაწყენ პიროვნებად არ გამოჩნდე; მოკლედ, ამგვარი დღიურების წერას, ცოტა არ იყოს, ხელოვნურობის კვალი დასდევს, მაგრამ რადგან ეს საქმე მომანდეს, ბოლომდე უნდა მივყვე. ისიც უნდა ვთქვა, რომ იოგით უკვე დიდი ხანია, დავინტერესდი, ვარჯიშის შემდეგ მთელი დღე ძალიან კარგად ჩაივლის ხოლმე.

ცოტა რამ აბასთუმნის ობსერვატორიის შესახებ: აქ წლიდან წლამდე რაღაცები იცვლება და რაღაცებიც უცვლელი გხვდება. მაგალითად, ყოველ ჩამოსვლაზე ვიცი, რომ აქ ზუსტად ის დამსვენებლები დამხვდებიან, რომლებიც წინა წლებში იყვნენ. გზაზე გადმოზნექილი ნაძვები სქელი, გამომზეურებული ფესვებით ჯერ კიდევ ებღაუჭებიან მიწას და ცარიელი აუზიც ერთ-ერთი ტელესკოპის წინ ისევ ბალახში იხრჩობა. ეს - რაც არ იცვლება. თუმცა, ახლა ახალ სასტუმროში ვცხოვრობთ და წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო კომფორტული ოთახი გვაქვს.
თავისუფლების დღიურები - ლუკა კალანდარიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:45 0:00

შუადღისას უცებ გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით: გიომ მანქანაში ჩაგვსხა და გავუყევით ჭულევის გზას. ულამაზესი მონასტერია, ძველებური და, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანებული მოხატულობით. მერე ზარზმაშიც გავიარეთ: კიდევ უფრო შთამბეჭდავი ეკლესიაა ბევრად უკეთესად შენახული ფრესკებით. იოანე ნათლისმცემლის ფრესკები იყო ორივეგან ჩემთვის საინტერესო: ყველას მშვიდი სახე აქვს, ეს წმინდანი კი ყველგან მშფოთვარეა, გაბურძგნული თმით და ფართოდ გახელილი, ანთებული თვალებით.

ნაშუადღევს დაბლობიდან ისევ ობსერვატორიაში ამოვბრუნდით გრძელი სერპანტინით. აქ სულ „ჯადოსნური მთა“ მახსენდება: დაბლობის ხალხი და სანატორიუმ ბერგჰოფის დამსვენებლები. სულ სხვა იქნებოდა, თომას მანი აბასთუმანში რომ წამეკითხა.

9 აგვისტო, ორშაბათი
მთელი დღე ძალიან სწრაფად გავიდა. განსაკუთრებულად საინტერესო არაფერი მომხდარა. თამრიკომ რაღაც ფრანგული სტატიის თარგმნა მთხოვა; სტატია იყო ქაღალდის წარმოებაზე შუა საუკუნეებში. ბევრი ვერაფერი გავუგე, რთული საკითხავი იყო. მაგრამ ერთი ამბავი დამამახსოვრდა: თურმე, როცა ბედუინები ძველ ეგვიპტურ აკლდამებს ძარცვავდნენ, მუმიების შესახვევ ნაჭერს გამოაყოლებდნენ ხელს და ქაიროს ქაღალდის საამქროებზე ჰყიდდნენ. ესეც შენი მაკულატურის პირველი შემგროვებლები!

10 აგვისტო, სამშაბათი
ნაშუადღევს „ილიადის“ კითხვას შევუდექი. ეს იმ უნივერსიტეტიდან მიღებული პირველი დავალებაა, რომელშიც სექტემბრიდან ვიწყებ სწავლას. იელის უნივერსიტეტში ჩემი ჩაბარება-ჩარიცხვა კი მთელი თავგადასავალია, რომელიც შარშან, დაახლოებით ამ დროს დაიწყო.

მე-12 კლასში გადავდიოდი და ვერაფრით გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა. მაშინ შემთხვევით გავიგე, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებში განათლება Liberal Arts-ის პრინციპზეა აგებული: სტუდენტები მარტო ერთ სპეციალობას კი არ ეუფლებიან, არამედ ოთხი წლის მანძილზე კურსებს სხვადასხვა სფეროებიდან ირჩევენ. იმ პერიოდში გავიცანი მარიამიც, რომელიც მაშინ ჰარვარდში სწავლობდა II კურსზე. მარიამმა ძალიან დამაკვალიანა, მითხრა, რა გამოცდები უნდა ჩამებარებინა, რომელი სახელმძღვანელოები უნდა გამომეწერა და როგორ უნდა მემეცადინა. „სისტემატურად, ყოველ დილას ოთხი საათი“ - ასეთი იყო მისი ინსტრუქცია, მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი.

ოჯახიც დამეთანხმა, ოღონდ იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც ამ ჩემს ახირებას დავიკმაყოფილებდი, ანუ ამერიკულ მისაღებ გამოცდებს ჩავაბარებდი და ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩემს საბუთებს დავაგზავნიდი (ეს ყველაფერი იანვრისათვის უნდა მომთავრებულიყო), როგორც ყველა ნორმალური მეთორმეტეკლასელი, ეროვნული გამოცდებისათვის მოვემზადებოდი. მოკლედ, მერე ყველაფერი სწრაფად წავიდა: სექტემბერში ჩავაბარე ინგლისურის გამოცდა TOEFL-ი, მერე უნარების ამერიკული ტესტი SAT-ი, და ბოლოს, 10 დეკემბერს - საგნობრივი ტესტები (მათემატიკა, მსოფლიო ისტორია და ფრანგული). ბოლო გამოცდაზე მაღალი სიცხით გავედი. კარგი ქულები დავაგროვე (ქულებზე ლაპარაკი, როგორც მარიამმა მითხრა, ამერიკულ კოლეჯებში ცუდ ტონად ითვლება, ასე რომ მეც უკვე იქაური ეთიკის წესებს ვიცავ). როგორც ამ საქმეში გამოცდილმა პირებმა მითხრეს, მომეცა მაღალი რანგის უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი, სადაც სერიოზულ დაფინანსებასაც იძლევიან. ჩემს შემთხვევაში კი ეს არსებითი იყო.

დეკემბრის ბოლოს მთელი ჩემი მონაცემები სკოლის ნიშნებთან, მასწავლებლების რეკომენდაციებთან და ჩემს ესეებთან ერთად, ათამდე ამერიკულ კოლეჯში გავაგზავნე და ლოდინი დავიწყე. თებერვალში ორ ინტერვიუზე დამიბარეს: იელის, რომელიც ჩამიტარა ამჟამად საქართველოში მცხოვრებმა პროფესორმა, ლანსელოტ ფლეჩერმა (თვითონ მას იელი აქვს დამთავრებული) და პრინსტონის, რომელზეც ამერიკიდან ჩამოსული პროფესორი გამესაუბრა...

პასუხების გამოცხადების დღე ამერიკის უნივერსიტეტებში 1 აპრილია. მაგრამ მოულოდნელად საინტერესო ამბავი მოხდა: 13 მარტს, როდესაც შეშინებული თბილისელები ტელევიზორით „იმედის“ მოდელირებულ რუსეთ-საქართველოს ომს უყურებდნენ, უეცრად ჩემმა მობილურმა დარეკა და ვიღაც ქალმა ძალიან მხიარული ხმით შემატყობინა, იელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდიო.

როგორც მერე გავიგე, ეს არის ე. წ. ადრეული შეტყობინება, როდესაც კოლეჯი წინასწარ გაცნობებს თავის გადაწყვეტილებას, რათა სხვა შემოთავაზების შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტში წასვლაზე ნაკლებად იფიქრო. იელში მოხვედრა ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მქონდა იმედი, რადგან ჯერ კიდევ ნოემბერში შევიტყვე, რომ იქ ერთი ქართველი უკვე ჩაირიცხა.

მართალია, უკვე მშვიდად ვიყავი, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდი 1 აპრილს. ძალიან საინტერესო დღე, უფრო სწორად, ღამე იყო. ღამის 1 საათიდან დაიწყო პასუხების მოსვლა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან: ერთმანეთს ენაცვლებოდა უარი, waiting list-ი, თანხმობა. კიდევ სამმა ძალიან კარგმა უნივერსიტეტმა მიმიღო: დარტმუთმა, უილიამსმა და სენტ-ჯონსმა. გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღე.

ახლა კი უკვე ორ კვირაში მივფრინავთ მე და თამუნა (ეს ის გოგონაა, ნოემბერში რომ ჩაირიცხა). ვიცი, რომ ბევრი რამე შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც არ ვღელავ. ვნახოთ, დინება საით წამიღებს.

11 აგვისტო, ოთხშაბათი
ჩვეულებრივი დღეა აბასთუმნის ობსერვატორიაში. შუადღისას, როგორც იქნა, ერთად წავედით ტყეში: მე, მიხო (ჩემი 14 წლის ძმა) და ლუკა, მისივე ასაკის ჩვენი დეიდაშვილი, რომელსაც ჩვენს ოჯახში სულ პატარა ლუკას ვეძახით. ბევრი ვიბოდიალეთ, მიხო სულ წინ მიდიოდა. აქ შორიახლოს ერთი ადგილია, лысая гора-ს ეძახიან, მაღალი კლდეა, საიდანაც მთელი აბასთუმანი და ახალციხის მიდამოებიც ჩანს. იქ რომ მივედით, მზე უკვე ჩადიოდა. ერთ მომენტში ბილიკს ავცდით და მერე ტყით დავბრუნდით. მოკლედ, კარგად ვიბოდიალეთ, მიხო კმაყოფილი დარჩა.

ღამით ტელესკოპში გასახედად წაგვიყვანა გია ჯავახიშვილმა. 40-მილიმეტრიანი რეფლექტორიდან იუპიტერს და ირმის ნახტომის ნისლეულს შევხედეთ. კარგად მახსოვს, ბავშვობაში აქ რომ ვისვენებდით, როგორ ჩამფუთავდა ხოლმე ღამ-ღამობით თამრიკო ათას ჯემპრსა და ქურთუკში და ისე მიშვებდა ტელესკოპში გასახედად. ყოველთვის ძალიან მიხაროდა და გაოცებული ვუყურებდი უზარმაზარ თეთრ გუმბათს, რომელიც ნელ-ნელა იხსნებოდა ჩემ თვალწინ. ტელესკოპი მონოტონურად გუგუნებდა, გია ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდა ყველაფერს და, ისედაც პატარას, ჩემი თავი კიდევ უფრო პატარა მეგონა ხოლმე.

12 აგვისტო, ხუთშაბათი
დილიდან თამრიკოს შემოტევებისგან ვიცავ ჩემს დღიურს. ძალიან უნდა, რომ წაიკითხოს და რაღაცები ჩამისწოროს. აქამდეც ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იდეებს მაწვდიდა, თუ რაზე უნდა დამეწერა: მიხომ მითხრა, ის დაწერე, მე რომ საერთოდ არ მაქცევ ყურადღებასო; ლევანი მირჩევდა, „მზიურზე“ გატარებული მაგისტრალი რომ არ მოგწონს, ეგეც ახსენეო.

დღიური მაინც ბოლომდე დავიცავი. ვიცი, რომ რასაც თამრიკო მირჩევს, ის ალბათ უკეთესი იქნება. მაგრამ ჩემი დღიურია და ძალიან არ მომეწონება, სხვისი გავლენით რომ იყოს დაწერილი.

საღამოსკენ გია ჯავახიშვილმა წაგვიკითხა ლექცია ასტრონომიაზე. საინტერესო ვიდეოები გვაჩვენა და უამრავ თემაზე ისაუბრა. კითხვებს ძირითადად აპოკალიფსურ თემებზე უსვამდნენ: დაგვეცემა თუ არა რამე კოსმოსიდან და გადავრჩებით თუ არა საერთოდ. გიაც მოთმინებით და სერიოზულობით უპასუხებდა ყველა კითხვას. ლექციის მერე ცალკეც ბევრი ვილაპარაკეთ ობსერვატორიის დღევანდელ საქმიანობაზე. ჩემი მომავალი პროფესიის თემასაც ვერ ავცდით. უფროსი თაობის დიდი ნაწილისათვის გაუგებარია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ერთ პროფესიას არ ირჩევენ და მთელი ცხოვრება ერთ საქმიანობას არ ეწევიან. ეს მაინც, მგონი, საბჭოთა მემკვიდრეობაა: დაამთავრებდი უნივერსიტეტს, დაიწყებდი რაიმე ინსტიტუტში მუშაობას და 30 წელი ერთ საქმეს შეალევდი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რა major-იც უნდა ავირჩიო, დიდი შანსია, სულ სხვა სფეროში მომიწიოს მუშაობა. დღეს ასეთი რეალობაა: არ იცი, სად აღმოჩნდები მომავალში.

13 აგვისტო, პარასკევი
„ილიადის“ კითხვას ვაგრძელებ. იმისათვის, რომ განვმარტო, ამას რატომ ვაკეთებ, ისევ იელის ამბავს უნდა მივუბრუნდე. შევეცდები, მოკლედ ავხსნა: მრავალრიცხოვან კურსებს შორის, რომელსაც იელის უნივერსიტეტი გთავაზობს, არის ასეთიც - Directed Studies, რომელიც გულისხმობს ერთი წლის მანძილზე ე.წ. Great Books-ის კითხვას და განხილვას ლიტერატურაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში. ამ კურსს იელის სტუდენტები Direct Suicide-საც ეძახიან, იმდენად ბევრია სამეცადინო. ჰოდა, მეც და თამუნამაც ეს კურსი ავირჩიეთ.

დღეს ჰექტორი არ დაინდეს ოლიმპოს ღმერთებმა. ყოველთვის მეცოდებოდნენ ტროელები, ბედისწერას ვერსად გაექცნენ. თან ჰექტორი, თავის საგმირო საქმეებზე შეყვარებული აქილევსისგან განსხვავებით, საკუთარი ქალაქისთვის თავდადებული გმირია, ტროელები და ტროა არიან მისი უპირველესი საზრუნავი. მოკლედ, პოლისის სამაგალითო მოქალაქეა. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა კიდეც, ჰომეროსი ჰოლივუდის სცენარისტი რომ ყოფილიყო, ჰექტორს ასე იოლად ვერ შეელეოდა, „ოდისეაში“ გააცოცხლებდაო.

საღამოს ფილმის ჩვენება გვინდოდა სასტუმროს დარბაზში. ძმები კოენების „The Big Lebowski“ 10 წუთის დაწყებული იყო, შუქი რომ ჩაქრა. ახლა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ზაფხულის ბოლოს, ვფიქრობ: ეს ზაფხულიც რა მალე გავიდა!..

14 აგვისტო, შაბათი
აბასთუმანში დრო ზუსტად ისე გადის, როგორც „ჯადოსნურ მთაში“. გგონია, რომ გუშინ ჩამოხვედი და თურმე უკვე ერთი კვირა გასულა. თბილისში დაბრუნების დროა. არადა, ჯერ საერთოდ არ მინდა აქედან წასვლა.

ლევანმა დილით ადრე ჩამოგვაკითხა და სამისთვის უკვე თბილისში ვართ. ხმაურიან და ცხელ ქალაქში საბოლოოდ დავემშვიდობე ზაფხულს. მაგრამ ეს არაფერი, წინ ხომ ასეთი საინტერესო ამბები მელის!
XS
SM
MD
LG