Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალტერ კელინის ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”


ვალტერ კელინი, დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი
ვალტერ კელინი, დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ვალტერ კელინის მეთვალყურეობით ხორციელდება. ამ პროცესში კელინი მიღწეულ შედეგებსაც ხედავს და არც დღემდე მოუგვარებელ პრობლემებზე ხუჭავს თვალს. როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო ამ სირთულეებს და ხელი შეუწყოს დევნილთა რეინტეგრაციას? - კონცეფცია, სახელწოდებით ”გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ჩარჩო”, აფხაზეთიდან დაბრუნებულმა კელინმა 16 სექტემბერს წარუდგინა თბილისში საზოგადოებას და დონორ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

რატომ ვსაუბრობთ გრძელვადიანი გადაწყვეტილების შესახებ, როდესაც დევნილთა დაბრუნება მათ საცხოვრებელ ადგილებში ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა? - ეს კითხვა თავად ვალტერ კელინმა დასვა კონცეფციის პრეზენტაციის დასაწყიში და ბოსნიის, კონგოს, ავღანეთის მაგალითები მოიყვანა - ქვეყნების, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი პირობები კი შეუქმნეს, მაგრამ მათ იქ დამკვიდრება და რეინტეგრაცია ვერ შეძლეს. მან ისიც თქვა, რომ ასეთი ნახევრად ცარიელი დასახლებები ხშირად უნახავს. შესაბამისად, მთავრობა დევნილებისათვის მხოლოდ საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილებით არ უნდა შემოისაზღვროს და მათ საბოლოო დაბრუნებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ შეისწავლოს და მოაგვაროს მათი პრობლემები. და რადგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას საკუთარი რესურსით დევნილთა პრობლემების გადაჭრა გაუჭირდება, კელინი ამ საქმეში უფრო აქტიურად ჩართვისაკენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს:

”გრძელვადიანი გადაწყვეტა, ცხადია, დევნილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, მათი ქონების რესტიტუციას გულისხმობს, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მოსაგვარებელი პრობლემაა. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, ყველაზე მთავარი მასში დევნილების ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. პროგრესს ვხედავ, მაგრამ ვხედავ მოუგვარებელ პრობლემებსაც, რაც, მაგალითად, კერძო საკუთრებებიდან მათ გამოსახლებას უკავშირდება. გასაგებია, რომ მესაკუთრეს თავისი უფლებები აქვს, მაგრამ ამ ხალხს ნორმალური საცხოვრებელი პირობები უნდა შევუქმნათ და რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ. ეს უკვე მთავრობის ვალდებულებაა, ჩვენ ეს არ გვევალება, მაგრამ სწორედ იმას ვცდილობთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად მიაღწიოს ამას და, ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა.”

ვალტერ კელინმა ისიც თქვა, რომ ხედვა, სახელწოდებით „გრძელვადიანი გადაწყვეტილების ჩარჩო”, იმისათვის შემუშავდა, რომ უფრო ნათელი გახდეს, როდის დასრულდება დევნილთა გადაადგილების პროცესი. ამ კითხვის გასაღები კი შემდეგშია: გადაადგილება დასრულდება არა მაშინ, როდესაც მათ სახლი, თავშესაფარი ექნებათ, არამედ მაშინ, როდესაც ისინი აღარ იცხოვრებენ გაჭირვებაში და მოხდება მათი მდგრადი რეინტეგრაცია ადგილებზე, როდესაც მათ ექნებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები - განათლების, ჯანდაცვის, საერთოდ, ცხოვრების დონის თვალსაზრისით.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის სიტყვებით, სამოქმედო გეგმა შესრულების მეორე ფაზაშია. საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ დედაქალაქში მცხოვრებ 9782 ოჯახს. ეს თბილისის მასშტაბით 278 ობიექტს მოიცავს. რეგიონებში ამ დროისათვის 286 ობიექტია დაკანონებული და რეაბილიტირებული. დასაკმაყოფილებელია 50 000-მდე დევნილი ოჯახი.

დევნილების განსახლების მიზნით, ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება ფოთსა და წყალტუბოში. სუბელიანი ამბობს, რომ დონორი ორგანიზაციების მიერ დასაქმების პროგრამები ისეთივე ინტენსიური უნდა გახდეს, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ საცხოვრებლების დაკანონების პროცესი.

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში პიტერ ნიკოლაუსი, რომელმაც სამეგრელოში განსახლებული დევნილები მოინახულა, ამბობს, რომ მათთვის აგებულმა თავშესაფრებმა მასზე მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ეს თავშესაფრები ხალხისთვის სრულიად გამოუსადეგარია:

”იქ მცხოვრებ ხალხს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არა აქვთ, რომ იქაურობას თუნდაც მოუარონ, ისინი მხოლოდ დევნილთა ყოველთვიურ მიზერულ დახმარებას იღებენ - მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას, განათლებაზე საუბარიც არ არის. ინტეგრაცია არ ნიშნავს მათთვის მხოლოდ თავშესაფრის მიცემას. თბილისიდან რეგიონებში ახლახან განსახლებულ ხალხს ვგულისმობ. მათ შემოსავალი სჭირდებათ. ამის გარეშე მესამედ დევნილები გახდებიან. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ვფიქრობ, ჩარჩოს ფარგლებში ჩვენ უნდა მივიღოთ დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს რეალობას მოვარგებთ. სამოქმედო გეგმას კი არ უნდა დავამატოთ რამე, არამედ აქცენტები შევცვალოთ.”

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კელინმა გარკვევით გამოყო, ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას თავად გადაწყვიტონ რა სურთ - დაბრუნება თუ ადგილობრივი ინტეგრაცია. ამავე დროს, სამოქმედო გეგმა მათ სთავაზობს ინტეგრაციას, მაგრამ უტოვებს დაბრუნების უფლებასაც. თავისუფალი არჩევანის უფლება, კელინის განმარტებით, არ გულისხმობს იმას, რომ თუ დევნილმა მთავრობას, მაგალითად, ჟენევაში მოსთხოვა საცხოვრებელი ფართი, მისმა მთავრობამ ის უნდა დააკმაყოფილოს, მაგრამ მას ევალება, თუ თბილისში გამოასახლებს მათ, სხვაგან შესთავაზოს არა მხოლოდ სახლი, არამედ სამსახური, სოციალური დახმარება და ა.შ. კობა სუბელიანი აცხადებს, რომ დევნილთა უფლება აირჩიონ იზღუდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ისინი სხვის კერძო საკუთრებაში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში კანონი უფრო მაღლა დგას და მესაკუთრეს უფლება აქვს მათ ეს ტერიტორია დაატოვებინოს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG