Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური ”რვიანი” საარჩევნო ცვლილებების პაკეტს დიპკორპუსს აცნობს


8 ოპოზიციური პარტია დიპლომატებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდა
8 ოპოზიციური პარტია დიპლომატებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდა
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. დიპლომატები ცვლილებების პაკეტს დროულსა და მნიშვნელოვანს უწოდებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვას ავრცელებენ.

”ბატონებო, რვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოვამზადეთ ჩვენი მოსაზრებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის არჩევნების სისტემა; ამომრჩეველთა სიების შედგენა, არჩევნების დღე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, საარჩევნო დავების განხილვა და საარჩევნო კამპანიის თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა. მოგმართავთ წინადადებით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ პროცესი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”, - აი ასეთი შინაარსის მიმართვა გაუგზავნა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა პოლიტიკურმა პარტიამ უმაღლეს ხელისუფალთ 12 ოქტომბერს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მიმართვას ხელს აწერენ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ”ახალი მემარჯვენეები”, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, „ხალხის პარტია“ და ”საქართველოს გზა”.

ოპოზიციური პარტიები დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 42 წარმომადგენელთან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს საათ-ნახევრის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა განიხილავდა. ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახურული კარიდან გამოვიდა, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი იყო: ”აუცილებელია ვისაუბროთ არა მხოლოდ ტექსტზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ტექსტის შინაარსს რეალურ ცხოვრებაში”, - აცხადებს იესტრჟაბი. - ”ძალიან იმედის მომცემი იყო იმის ხილვა, რომ რვა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო შეექმნა დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა ემსახუროს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემდგომ განხილვებს. ცვლილებათა პაკეტის ტექსტი საკმაოდ მრავლისმომცველია და ამიტომ ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია კონკრეტული კომენტარების გაკეთება. თუმცა მიმაჩნია, რომ ნამდვილად სწორი დრო არის შერჩეული იმისათვის, რომ საზოგადოებამ ისაუბროს არჩევნებსა და საარჩევნო კოდექსზე”, - ამბობს იესტრჟაბი.

შესაძლებელი იქნება თუ არა კონსენსუსის მიღწევა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, საარჩევნო სიების შედგენა ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობის საფუძველზე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების შეცვლილი წესები და ა.შ. საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე კერ ლინგსტონი ამბობს, რომ ამას დრო გვიჩვენებს:

”ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა და მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ამ შეხვედრის მონაწილენი ვყოფილიყავით და ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები მოგვესმინა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ შედგეს ღია და საჯარო განხილვები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით”.

იშვიათად შემხვედრია, რომ დიპლომატები ასე აქტიურად ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში და ასე აქტიურად გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებითო, ამბობს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი. მისი თქმით, შეხვედრაზე დიპლომატებმა კონკრეტული შენიშვნები გამოთქვეს, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით.

”ძალიან ბევრი საქმიანი შენიშვნა იყო. მაგალითად, აღნიშნეს, რა საჭიროა ამდენი ე.წ. პროფესიული წევრები, რომლებიც ხარჯებს ზრდისო. ჩვენც სიამოვნებით დავეთანხმეთ მათ. უბრალოდ, ავუხსენით, რომ პროფესიული წევრები, სინამდვილეში, სახელისუფლებო წევრები არიან და ხელისუფლება არ თანხმდება მათ შემცირებაზე. საინტერესო რჩევებიც გამოითქვა, მაგალითად, ბულგარეთის ელჩს ჰქონდა იმდენად საინტერესო იდეები, რომ მას სამუშაო ჯგუფის წევრობაც შევთავაზეთ”, - აღნიშნავს დავითაშვილი.

„მე მოვახსენე ელჩებს, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმ 170 000 ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივას და რომელიც რამდენიმე ხნის წინ პარლამენტში შევიტანეთ“, - ამბობს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, და იქვე სამომავლო პერსპექტივასაც სახავს: ”თუ არც ერთმა მექანიზმმა უახლოეს ვადაში არ გაჭრა და ხელისუფლება გაექცა ამ პროცესს, ჩვენ მოგვიწევს მივმართოთ იმ მოსახლეობას, ვინც ხელი მოაწერა ამ ინიციატივას და ის ადამიანები დავიბაროთ პარლამენტის წინ, რათა ყველამ დაინახოს, რომ ამ პროცესს მოსახლეობა მხარს უჭერს”, - ამბობს შარტავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ცვლილებების პაკეტს დეტალურად არ იცნობს, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების მიერ გამართულ შეხვედრებზე მიწვეულნი არ ყოფილან, ზოგადად კი ცვლილებების პაკეტში შემავალ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

”იქიდან, რაც მე შევიტყვე, ძალიან არსებითია არბიტრაჟის თემა, რომელიც ჩვენს იდეას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში უნდა გაიმიჯნოს საზედამხედველო, აღმასრულებელი და საარბიტრაჟო ფუნქცია, ამ იდეასთან თანაფარდობაშია და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია”.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური სისტემა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობის პროცესში კიდევ ერთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, როგორიც არის შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება.
XS
SM
MD
LG