Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები რესპუბლიკურმა პარტიამ


შეერთებულ შტატებში გამართული შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში, მაშინ როცა დემოკრატებმა სენატზე კონტროლის შენარჩუნება შეძლეს. არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებმა, სულ ცოტა, 60 მანდატი წაართვეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაპარტიელ დემოკრატებს 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში. რაც შეეხება სენატს, იქ დემოკრატებმა, სულ ცოტა, 6 მანდატი დაკარგეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მცირე უმრავლესობას მაინც ინარჩუნებენ. გავრცელებული ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი, რომელიც ამ პოსტზე ნენსი პელოსის შეცვლის. ბეინერის შეფასებით, რომელიც არჩევნებში წარმატების აღსანიშნავად გამართულ მიტინგზე გამოთქვა, არჩევნების შედეგი ბარაკ ობამას პოლიტიკისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ასახავს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ობამა ახლა მაინც სცემს პატივს ხალხის ნებას, შეცვლის კურსს და განახორციელებს ცვლილებებს, რომლებსაც ხალხი მოითხოვს. და რამდენადაც მას ექნება ნება ამის გასაკეთებლად, ჩვენც მზად ვიქნებით მასთან სამუშაოდ“, - განაცხადა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა. კონგრესის შუალედური არჩევნების გარდა, გუშინ ზოგი შტატის გუბერნატორებიც აირჩიეს. დემოკრატებისთვის წარმატებით ჩაიარა კენჭისყრამ კალიფორნიაში - იქ რესპუბლიკელ გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს ჯერი ბრაუნი შეცვლის.
XS
SM
MD
LG