Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საქართველო დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებს”


საქართველო გამოთქვამს ცალმხრივ ინიციატივას, რომ არასდროს გამოიყენებს ძალას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად - ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ძალის გამოყენება ისედაც აკრძალულია 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით, თუმცა ახალ ინიციატივას საქართველო გამოთქვამს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება სურს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის საოკუპაციო ძალების გაყვანაზე და ადამიანის უფლებათა დარღვევას გაზრდის. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, თუ რუსეთი ახალ ინტერვენციას განახორციელებს ქვეყნის იმ 80%-ზე, რომელსაც ამჟამად მთავრობა აკონტროლებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო წერილებს გაუგზავნის გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას და ამცნობს, რომ გაერთიანების მიზნით, ქვეყანას არ სურს ძალის გამოყენება არც საოკუპაციო ძალების და არც მათი მარიონეტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG