Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი უსაფრთხოების კონცეფციის განხილვას იწყებს


საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვას იწყებს. პროცედურის დეტალები 15 თებერვალს დაზუსტდა პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც, უშიშროების საბჭოს მდივნის გარდა, პარლამენტის უმცირესობაც ესწრებოდა. კონცეფცია ღია დოკუმენტია და, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველასთვის ცნობილი გახდება საქართველოს ხელისუფლების ხედვა - განაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ამ დროისათვის უკვე ცნობილია, რომ, განსხვავებით წინა - 2005 წლის - კონცეფციისაგან, დოკუმენტში რუსეთი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იქნება მოხსენიებული.

უსაფრთხოების კონცეფციას ქვეყნის სავიზიტო ბარათს, ერთგვარ კონსტიტუციურ დოკუმენტს ან პოლიტიკურ დეკლარაციასაც უწოდებენ ხოლმე და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ეს დოკუმენტი საერთო კონსენსუსით მიიღონ. 15 თებერვალს სწორედ ეს აქცენტი დასვა პარლამენტში მისულმა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ:

ნებისმიერი არასტაბილურობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან, ბუნებრივია, ის ფაქტორია, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშე დააყენოს. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები...
”ამ ტიპის დოკუმენტებზე საპარლამენტო ზედამხედველობის, პარლამენტის წევრების მონაწილეობის ტრადიცია ახლა იქმნება, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება ის საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ და რომელსაც მთელი საზოგადოება იხილავს და ეს პროდუქტი სწორედ მთელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების ერთობლივი მუშაობით შეიქმნება.”

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საფრთხეების შეფასების დოკუმენტიდან გამომდინარეობს. კონცეფციას მოჰყვება სტრატეგიული დოკუმენტები სფეროების მიხედვით. კონცეფციის მთავარი ამოცანა კი, მარტივად რომ ვთქვათ, საფრთხეების დაძლევის გზების მოძებნაა.

აქვე შევნიშნავთ, რომ 2005 წლის უსაფრთხოების კონცეფცია, ფაქტობრივად, მთლიანად იცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიცვალა უსაფრთხოების გარემო, წარმოიქმნა ახალი გამოწვევები, გაჩნდა ახალი საფრთხეები. მაგალითად, ახალ კონცეფციაში საფრთხედ არის მიჩნეული ასევე „კავკასიაში არსებული კონფლიქტების გადმოდინება“, საერთაშორისო ტერორიზმი, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევები. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია განმარტავს:

”ეს არის როგორც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რუსეთის ფაქტორი, ისე სხვადასხვა სახის გამოწვევები, რაც ჩვენს რეგიონშიც დგას და გლობალურადაც არსებობს. ნებისმიერი არასტაბილურობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან, ბუნებრივია, ის ფაქტორია, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშე დააყენოს. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები შეიძლება საფრთხედ განვიხილოთ, რადგან არის საფრთხე, რომ იქ არსებული კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდეს. ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამას სჭირდება პოლიტიკის შემუშავება.”

ამ დოკუმენტში ხელისუფლება საკუთარი მოქმედებების და შედეგების ქებაზე ამახვილებს ყურადღებას და რეალურად არ ეხება იმ პრობლემებს, რაც ქვეყანას რეალურად აქვს ...
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, პაატა დავითაიასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ახალ კონცეფციაში რუსეთს შეეხება. დღემდე, 2005 წლის კონცეფციის მიხედვით, რუსეთი მხოლოდ პოტენციური საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნეოდა. შეცვლილმა რეალობამ ეს ჩანაწერიც შეცვალა:

”ამ დოკუმენტში რუსეთი მოხსენიებული იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, ხოლო მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ჩაიწერება ოკუპირებულ ტერიტორიებად. ეს კი მოგვცემს საშუალებას დეოკუპაციასთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებები განვახორციელოთ.”

ისიც უნდა ვთქვათ, რომ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები, რომელთა ნაწილი ასევე მონაწილეობდა კონცეფციის შემუშავებაში, ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი ბევრისთვის იქნება გამაღიზიანებელი და ვერ იქცევა ე.წ. კონსენსუსის დოკუმენტად. რამდენიმე არგუმენტი აქვს, მაგალითად, ირაკლი სესიაშვილს:

”ამ დოკუმენტში ხელისუფლება საკუთარი მოქმედებების და შედეგების ქებაზე ამახვილებს ყურადღებას და რეალურად არ ეხება იმ პრობლემებს, რაც ქვეყანას რეალურად აქვს. მაგალითად, მე ძალიან გამაღიზიანა ფორმულირებამ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და ვერ დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რადგან, რეალურად, რუსეთს აქვს გეოპოლიტიკური ინტერესები და არა რომელიმე ხელისუფლების დამხობის ინტერესები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ნელსონ მანდელაც რომ ყოფილიყო, შესაძლოა შედეგი იგივე გვქონოდა.”

ექპერტების კრიტიკის საგანია ისიც, რომ სახელისუფლო ექსპერტებმა ქვეყანაში სამუდამოდ გადაჭრილად მიიჩნიეს კორუფციის საფრთხე, რომელზეც, ძველისაგან განსხვავებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალ პროექტში ასევე არაფერია ნათქვამი;
რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებლად აღარ მიიჩნევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;
რომ კონცეფცია აღიარებს ტოტალური და უპირობო თავდაცვის პრინციპს, რაც ვერც აგვისტოს ომის დროს განხორციელდა და, სესიაშვილის შეფასებით, უფრო პოლიტიკური მესიჯია, ვიდრე ამოცანა, რომლის შესრულებაც შესაძლებელია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG