Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი"


"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სერიაში "მსოფლიო კლასიკა" ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" გამოსცა. ეს ამ ნაწარმოების მესამე გამოცემაა ქართულ ენაზე.

ნანა გოგოლაშვილის მიერ თარგმნილი და რეზო ყარალაშვილის წინასიტყვაობითა და კომენტარებით შევსებული ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" პირველად 1985 წელს დაბეჭდა გამომცემლობა "მერანმა", შემდეგ, 2001-ში, ოთარ ყარალაშვილმა გაიმეორა გამოცემა, სულ ცოტა ხნის წინ კი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" სერიაში "მსოფლიო კლასიკა" მესამეჯერ გამოუშვა ჰესეს ეს შედევრი. ახალგაზრდა მკითხველებს უკვე მაგარ ყდაში მოქცეული "ტრამალის მგელი" შეუძლიათ იყიდონ და პირველად განიცადონ ამ წიგნთან შეხვედრის სიამოვნება თუ შოკი. ზოგი ამას კიდევ ერთხელ განიცდის, სხვებს შესაძლოა იმედიც გაუცრუვდეთ, ვიღაცა კი სულ ახალი თვალით წაიკითხავს უკვე წაკითხულს.

"ტრამალის მგელი" იმ წიგნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ბოლო კლასებში თუ სტუდენტობის პირველ კურსებზე ვკითხულობდი და რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ჩემზე. ბევრი წიგნის ჩამოთვლა შეიძლება, მათ შორის კი ჰესეს ეს რომანი ნამდვილად გამორჩეულია. ჩემი თაობისთვის "ტრამალის მგელი" ბევრი თვალსაზრისით აღმოჩნდა განმსაზღვრელი. მგონია, რომ ჩვენ ყველაზე ზუსტ დროს წავიკითხეთ ეს რომანი, სულზე მოგვისწრო 88-92 წლებში გაველურებულ 16-18 წლის ახალგაზრდებს, თუმცა, როგორც გავარკვიე, ჩვენზე უფროსი თაობებიც არანაკლებად შეძრა მაშინ წიგნმა. ამას წინათ ჩემს მეგობარს, რადიო თავისუფლების რედაქტორს ბიძინა რამიშვილს მივწერე თხოვნა, თავისი პირველი შთაბეჭდილება გაეხსენებინა წიგნზე. მან მითხრა, რომ „ტრამალის მგლის“ შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მწერდა: "მთავარი, რაც ამ რომანის წაკითხვამ მომცა, არის სიმწიფე. ისე მოხდა, რომ რომანის წაკითხვა ჩემს საკუთარ გარდატეხის პერიოდს, სულიერ შეჭირვებებსა და დაეჭვებებს დაემთხვა. ჰარი ჰალერის თვითშემეცნების პროცესის თანამონაწილეობა კი საკუთარი „მგლური საწყისის“ აღიარებაში და მასთან დაზავებაში დამეხმარა. ამდენად, ჩემთვის „ტრამალის მგელი“ ისეთივე აღმზრდელობითი რომანი იყო, როგორც, მაგალითად, „ჯადოსნური მთა,“ რომელიც, სხვათა შორის, იმავე პერიოდში მაქვს წაკითხული (ისიც სოლომონ აპტის არაჩვეულებრივ თარგმანში)."

90-იან წლებში წაიკითხა "ტრამალის მგელი" რატი ამაღლობელმაც:
"მახსოვს, რომ ეს იყო შოკისმომგვრელი, ეს იყო პასუხები ჩემს კითხვებზე... ეს იყო ის სამყარო, რომელიც დღემდე მომყვება. სხვათა შორის, ნებისმიერი გასვლა ქალაქიდან, სხვა სამყაროში მოხვედრა, ნებისმიერი პირველი შეღება სასტუმროს კარების, უცხო გარემოში მოხვედრა ამ ტექსტს მახსენებს და იდენტიფიცირებას ვახდენ "ტრამალის მგელთან". არ ვიცი ეს იმის გამოა, რომ ბავშვობაში მაქვს ეს ტექსტი წაკითხული და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ კარგია ასეთი ტექსტების გადაკითხვა."
ახლა ჩემს შთაბეჭდილებასაც გავიხსენებ. უცნაურია, მაგრამ პირველი წაკითხვიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ ერთი ეპიზოდი მახსოვდა მკაფიოდ, რომელსაც პირობითად ჰარი ჰალერისა და არაუკარიას სცენას ვუწოდებ. ცოტა ხნის წინ რომანის სწრაფი გადაკითხვისას უფრო მნიშვნელოვანი სცენებიც აღვიდგინე, მაგალითად, ჰარი ჰალერის სიზმარი, მაგიური თეატრის სცენები და სხვ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ცენტრალური, ფანტასმაგორიული მონაკვეთები ჩემს მეხსიერებაში თითქმის მთლიანად წაეშალა ერთ ყოფით სცენას, სწორედ იმას, სადაც ჰარი ჰალერი ამბობს - "ო, რა საამო სუნი დგას თქვენთან", მოგვიანებით კი დეტალურად უხსნის წიგნის პირველ მთხრობელს ქოთანში ჩარგული არაუკარიას სურნელის ამბავს:
"ეს არაუკარია ისეა ნასათუთევ-გაკრიალებული და ისე მარმარებს, თვალი ვერ მომიშორებია. თქვენც ხომ გრძნობთ, რა საამო სუნი ეფინება აქაურობას? ესაა სანთელშერეული სკიპიდრის, წითელი ხისა და წყალნაპკურები ფოთლების საოცრად ნაზი სურნელი, რომელიც ყველაფერთან ერთად ოჯახური სისუფთავის, გარჯისა და მოვალეობისადმი მოწიწების გრძნობას ქმნის... ვერ გეტყვით, ვინ ცხოვრობს აქ, მაგრამ ასე მგონია, სწორედ ამ შემინული კარის მიღმა არის-მეთქი მტვრისაგან განწმენდილი ოჯახური ყოფის სამოთხე; სამოთხე, სადაც მეფობს წესრიგი, წვრილმანი ჩვეულებებისადმი ერთგულება, სადაც ყველაფერს მორიდებული და გულისამაჩუყებელი რუდუნების ბეჭედი აზის."

ჩემში ეს სცენა დღემდე ცოცხლობს და ყოველთვის, როდესაც აფრებს ავუშვებ, როცა ჩემში მოხეტიალე ნადირი იღვიძებს, ეს სიმყუდროვე და სამოთხეც მახსენდება და რაღაცნაირი გაურკვეველი სინანული მერევა, მერევა კი არა, ხანდახან მახრჩობს ხოლმე.

ასეთ მოგონებებს მარტო ჩემში არ აღძრავს ეს წიგნი. ასეა ჩემი ორივე რესპონდენტისთვისაც, რატისთვის და ბიძინასთვის, თუმცა პირად მოგონებებთან ერთად აქ მთელი კაცობრიობისთვის დამახასიათებელი ვნებებიცაა, რადგან ჰარი ჰალერი "სწორედ ის ადამიანია, ორ დროებას შორის რომ მოექცა, დაკარგა თავდაცვის უნარი და უცოდველობის გრძნობა. იგი ერთი იმათგანია, ვისაც წილად ხვდა პირად ტანჯვად, ჯოჯოხეთად შეეგრძნო ადამიანის მოდგმის მთელი უნიათობა."
ამ რომანის მრავალნაირი წაკითხვა არსებობს. ჩვენს დროში ჩვენს თანამემამულეებს შორის ყველაზე სერიოზულად, რა თქმა უნდა, რეზო ყარალაშვილი იყო დაკავებული ჰესეს წაკითხვებით. მის ინტერპრეტაციებში ბევრ რამეს ნახავთ, საკუთარ მიგნებებს, თანამედროვე დასავლური ლიტერატურათმცოდნეობის მიღწევებს, იუნგის ფსიქოლოგიას და სხვ. იგი წერდა იმის შესახებ, რომ ჰესე და, შესაბამისად, მისი გმირი უუნაროა "ერთმანეთთან შეარიგოს საკუთარი არსის ორი მხარე - ადამიანი და მგელი, კულტურისა და აზრის ნათელი სამყარო, დამორჩილებული ბუნება და, მეორე მხრივ, უხეში და ულმობელი ინსტინქტების სამყარო, ანიმალური ბუნება" (რეზო ყარალაშვილი). იგი ვირტუოზულად განმარტავდა ამა თუ იმ ბუნდოვან სცენას და, რაც მთავარია, მიგიძღვებოდა ჰესესა და მისი წინამორბედების სამყაროში. თავად წიგნშიც ხომ არაერთხელ გაიელვებენ კლაისტისა და ბეთჰოვენის, ჰოლდერლინისა და ნოვალისის, ნიცშეს აჩრდილები და, რაც მთავარია, ორი ვოლფგანგი, გერმანული კულტურის ორი მგელი (Wolf) - იოჰან ვოლფგანგ გოეთე და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. გახსოვთ, ალბათ, რომ გოეთეს სახე რომანში განსაკუთრებულად დიდ როლს ასრულებს.

"ჰესე არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი საყრდენი. თუკი XX საუკუნის ლიტერატურა დგას რაღაცებზე, - იმედია, პათეტიკად არ ჩამომართმევთ, - რაღაც კოლონებზე, ერთ-ერთი ასეთი არის ჰესე. მე, მაგალითად, არ მიყვარს "თამაში რიოში მარგალიტებით", როგორც ითვლება, რომ ის ინტელექტუალების საყვარელი წიგნია. მაგრამ მე მიყვარს "ტრამალის მგელი", მე ძალიან მიყვარს ჰესეს "სიდჰარდჰა", ეს ის ტექსტებია, რომლებსაც მე გამოვარჩევ ძალიან დიდი სიყვარულით. ასევე მისი ნოველები, რომლებიც ასევე საოცარი პოეტურობით გამოირჩევიან. ერთი პატარა ნოველა გამახსენდა, "პოეტი", დაახლოებით ორგვერდიანი, სადაც ძალიან ბევრი თემაა. ბუნებრივია, ბევრი თვლის, რომ ეს არის აღმოსავლური კულტურის ინპლანტაცია გერმანულ ცნობიერებაში, მაგრამ ჰესე ნამდვილად გერმანელი მწერალია და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მის „ტრამალის მგელში“ და ის, ბუნებრივია, როგორც ყველა ჭეშმარიტი და ნამდვილი კარგი გერმანელი, არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისი კულტურული არეალებით."

ბოლოს არ შეიძლება ორი სიტყვა არ ვთქვა "ტრამალის მგლის" ადგილზე პოპულარულ კულტურაშიც. სანიმუშოდ მარტო 60-იანი წლების ცნობილი როკ-ჯგუფის, Steppenwolf-ის გახსენება კმარა და მათი სახელოვანი ჰიტი, Born to be wild, რომელიც მათ შემდეგ ძალიან ბევრმა შემსრულებელმა იმღერა. გარდა ამისა, რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს 70-იან წლებში, სადაც ჰარი ჰალერის როლს შესანიშნავი მსახიობი მაქს ფონ სიუდოვი თამაშობდა. სხვათა შორის, ფილმში ძალიან საინტერესო ანიმაციური მონაკვეთია შესული, რომლის ავტორიც ერთი ჩეხი მხატვარია. იუთუბზეც შეგიძლიათ ნახოთ, საკმარისია Steppenwolf Animation აკრიფოთ.
XS
SM
MD
LG