Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტან ცეცხლაძე - ჟურნალისტი


29 მაისი, კვირა
დილაუთენია, 8 საათზე, ზვიად ქორიძის ზარი მაღვიძებს. მეუბნება, რომ ბაგაფში გარდაიცვალა. პატარა ნიუსს ვაქვეყნებ და ვიძინებ.

მთლად ძილი არაა. უბრალოდ, გაბრუებული ვარ. ყველაფერი მტკივა და ვერ ვდგები. უბრალოდ ვწევარ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. შიგადაშიგ კომპიუტერს ვრთავ, ნიუსებს თვალს ვავლებ ან ფეისბუკზე სტატუსებს ვათვალიერებ. ვიძინებ, ვიღვიძებ...

მზია ამაღლობელი მირეკავს ბათუმიდან. ესემესებს მიგზავნის. მთხოვს, რომ ძალები მოვიკრიბო და როგორმე დავეხმარო. ორშაბათს გაზეთი უნდა გამოვიდეს. მეუბნება, რომ ეთერი, მთავარი რედაქტორი, ავადაა. მზია ახლა მარტოა რედაქციაში. ძალიან ყოჩაღია! ამბობს, რომ გაზეთი აუცილებლად უნდა გამოვიდეს, რადგან ხალხს ინფორმაცია არა აქვს. ბათუმში „25-ე არხიც“ გაითიშა. საკაბელო ტელევიზიამ შეწყვიტა მისი მაუწყებლობა. მზია ამბობს, მერაბ მერკვილაძემ, „25-ე არხის“ დირექტორმა, დამირეკა და მითხრა, ჩვენც დაგეხმარებით გაზეთის დარიგებაშიო. აპირებენ, რომ უფასოდ დაარიგონ, ანუ არახელმომწერებსაც მიაწოდონ.

ძალიან მრცხვენია მზიასიც და ყველასი. მაგრამ არაფერი შემიძლია. ვცდილობ, ჩამოვწერო კითხვები, რომელსაც შოთა უტიაშვილს და ბურჯანაძეს დაუსვამენ. ნინო ბურჯანაძისგან მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ არ უთხრეს 26 მაისის ღამეს აქციის მონაწილეებს, თუ რას ნიშნავდა პარლამენტთან მერიის წარმომადგენლის ვიზიტი და რა მოჰყვებოდა მას. მაინტერესებს, რატომ კიდევ ერთხელ არ ჰკითხეს აქციის ორგანიზატორებმა ხალხს, იყვნენ თუ არა თანახმა, რომ ძალით დაეშალათ. მართალია, მანამდე, შუადღისას, იყო კითხვა, გადაენაცვლათ თუ არა სხვა ადგილას მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ აქციის გასამართად მათ სხვა პარკები შესთავაზა, და მომიტინგეებმა დაიძახეს - „არა!“, მაგრამ სხვა საკითხია, როცა ზუსტად გეუბნებიან: თუ არ დაიშლებით, ძალით დაგშლით და ეს რამდენიმე წუთში მოხდებაო. როცა რუსთაველის გამზირზე მერიის წარმომადგენელი მივიდა, ძალიან ვეცადე ტრიბუნასთან ავბობღებულიღავი და მომესმინა, რაზე საუბრობდნენ. ვერაფერი გავიგე. წამების შემდეგ, როცა მერიის წარმომადგენელი ადგილს ტოვებდა, ბათიაშვილის ხმა შემომესმა, „ვრჩებით და აქ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს“. სასწრაფოდ „ნეტგაზეთის“ სხვა ჟურნალისტები მოვძებნე და ჩიტაძის ასახვევთან დავდექი. ვიღაცისთვის, შეიძლება, ეს ნიუანსები სასაცილოა, მაგრამ ამ წუთისთვის, საშინლად მაინტერესებს პასუხი კითხვაზე: რატომ არ ჰკითხეს მონაწილეებს, უნდოდათ თუ არა, პოლიციას ძალით დაეშალა?

თავისუფლების დღიურები - ნესტან ცეცხლაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:32 0:00
გადმოწერა


უტიაშვილთან უფრო მეტი კითხვა მაქვს. მეც და სხვებსაც. კითხვებს ვაერთიანებ და მზიას ვუგზავნი. ვეუბნები, რომ ასევე დაბეჭდოს რადიო „თავისუფლების“ გვერდზე გამოქვეყნებული ლელა კუნჭულიას სტატია ფარული ჩანაწერების მნიშვნელობაზე. ძალიან კარგი სტატიაა უტიაშვილის გასაოცარი კომენტარებით!

მარინა ვაშაყმაძე მირეკავს რადიო „თავისუფლებიდან“ და მეკითხება, დღიურებს ხომ არ დავწერდი. არ მიყვარს ეს დღიურები. მგონია, რომ არასდროსაა გულწრფელი და შეუძლებელიცაა გულწრფელობის ის ხარისხი, რასაც დღიურებისგან მოელი ადამიანი. ვეუბნები, რომ საღამომდე მოვიფიქრებ.

მერე დღიურების საკითხს ეგოისტურად ვუდგები: იქნებ ვწერო და ასე გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? თან, იქნებ, ამ ფორმით ავუხსნა როგორმე მკითხველს, თუ რატომ ვერ ვმუშაობთ? მარინას ვეუბნები, რომ დავწერ. ფეხებზე მკიდია, გაეცინებათ თუ არა ამ დღიურებზე ადამიანებს, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ სხვა ადამიანების სიცოცხლე.

საღამოს გოგის მესიჯს ვიღებ. „თუ წამოხვალ, გამოგივლი. ხომ იცი როგორ არ მიყვარს დაძალება?“ ალბათ, ამ ბოლო ფრაზის გამო წავედი მეგობრებთან. ნათია ანდღულაძეს, ჩემს მეგობარს, რომელიც დროებით ჩემთან ცხოვრობს, საშინლად უხარია, რომ ბოლოს და ბოლოს გარეთ გასვლა და ადამიანებთან შეხვედრა გადავწყვიტე. ყველასი მეშინია.

გვიან ვბრუნდები. ვიგებ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეკა კვესიტაძის გადაცემაში, საუბარი იყო ესპანეთზეც. რატომღაც სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ კვესიტაძე ამ კვირაში გადაცემას არ წაიყვანდა. ისედაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ არ უნდა მიჰყავდეს პოლიტიკური გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ცოლს, როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს ის. თუმცა, მე ამას არავინ მეკითხება.

30 მაისი, ორშაბათი
სამსახურში მივდივარ. ვცდილობთ, ვიმუშაოთ. თაზო რადიო „უცნობში“ მიდის და მერე საავადმყოფოში, ნინო - პროკურატურაში. პარასკევს მთავარ პროკურატურაში განცხადების შეტანა ვერ მოვახერხეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების განცხადებებს მხოლოდ 17 საათამდე იღებენ. პროკურატურას განცხადებით მივმართავთ „ნეტგაზეთის“ ოთხი თანამშრომელი: მე, ნინო კახიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და კოტე სტალინსკი. ოთხივე 26 მაისის ღამეს დავზარალდით – ნინო მოიწამლა, მერე კი რატომღაც პოლიციაში წაიყვანეს; თაზოს სცემეს და კამერა წაართვეს; კოტეს რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები აქვს; მე კამერა წამართვეს. არც ერთს არ მოგვცეს შესაძლებლობა, შეგვესრულებინა ჩვენი პროფესიული მოვალეობა. პროკურატურას ვთხოვთ, დაიწყონ გამოძიება პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, დაადგინონ დამნაშავე პირები და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხისგებაში მისცენ, ხოლო წართმეული ვიდეოკამერები და გადაღებული ვიდეომასალა დაგვიბრუნონ.

მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა გამოძიების დიდი იმედი არა მაქვს. წლების მანძილზე „ბათუმელების“ არც ერთ ანალოგიურ განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია. ეს დაუცველობის განცდას გვიმძაფრებს. მით უფრო, როცა ამას ემატება საზოგადოება, სასტიკი ინტელექტუალები, რომლებიც იცინიან ჰუმანიზმზე, საუბრობენ სახელმწიფოზე და არ აინტერესებთ ადამიანების, თუნდაც ხელკეტიანი ადამიანების, უფლებები. ინტელექტუალები, რომლებიც მორალს გვიკითხავენ იმის გამო, რომ სათაური „სასტიკი დარბევა“ სტატიაში აღწერილ ამბავს თურმე არ შეესაბამება და არ აინტერესებთ, რატომ ვერ აღწერეს ჟურნალისტებმა დარბევა. ცხადია, არის გამამხნევებელი ზარებიც, მესიჯებიც, ჩათებიც. მაინც სასოწარკვეთილი ვარ. გაბრაზებული - არა.

შუადღისას ოფისში თუთა მოდის. დილაობით რადიოში მუშაობს. ვცდილობთ, რამე გავაკეთოთ. ვაქვეყნებთ ინტერვიუს, რომელიც გუშინ ჩაწერეს ბათუმიდან შოთა უტიაშვილთან. ამბობს, რომ პოლიცია ჰუმანური იყო და ჟურნალისტები არ დაზარალებულან.

ვიგებთ, რომ ბადრი ბიწაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ვაზუსტებთ მუხლს. ბიწაძეს ბრალი ედება 353-ე მუხლის მეორე ნაწილით. სისხლის სამართლის კოდექსში ვნახულობთ, რომ ეს არის ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით...

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ვცდილობთ გავარკვიოთ, რატომ ითხოვს პროკურატურა გირაოს შეფარდებას და არა წინასწარ პატიმრობას. პასუხად ვიღებთ, რომ ბიწაძეს აქვს საშუალება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კითხვაზე, გამოთქვა თუ არა ბიწაძემ მზადყოფნა თანამშრომლობაზე, პასუხი არ არის.

თუთა მუშაობს ნიკა კვინტრაძის საკითხზე. ოფიციალური ვერსიით, ის მაღაზიის სახურავზე იპოვეს. ჩვენც, ისევე როგორც სხვებს, გვაინტერესებს, იყო თუ არა იგი დაკავებულთა შორის გარდაცვალებამდე. სტუდია „GNS“-ის მასალას ვნახულობ და საიტზე ვაქვეყნებ.

თუთას ვთხოვ, მომიძებნოს „პალიტრა TV“-ის ვიდეო, სადაც გარდაცვლილი ადამიანია გადაღებული რუსთაველის გამზირზე. საშინლად მინდა, ეს კადრები იმას ასახავდეს, რაც დარბევისას ვნახე, რომ მოვისვენო. ვუყურებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე თავბრუ მეხვევა და ბრაუზერს ვხურავ. მუშაობა აღარ შემიძლია. ვგრძნობ, რომ ვძაბავ თუთას, ნინოს და საავადმყოფოდან დაბრუნებულ თაზოს. ამბობს, რომ დაჟეჟილობები აქვს და ექიმმა თქვა, სამი დღე არ უნდა იმუშაოო. მგონი, სამჯერ გაიმეორა. თუთა გაიძახის: „თაზო, პირდაპირ თქვი, რომ დასვენება გინდა!“ ვიცინით. ყველას სჭირდება დასვენება. ვერც ვისვენებთ, ვერც ვმუშაობთ. საიტი საშინლად გამოიყურება. საღამოს კოტე მოდის და ჭრილობებს რედაქციაში იხვევს. მუცელზე ჭრილობა ისევ ღიაა და გვთანხმდება, რომ ხვალ ექიმთან წავალთ.

1 ივნისი, სამშაბათი
თითქმის მთელი დღე საავადმყოფოში გავატარეთ. „კურაციოში“ საათნახევრიანი ლოდინის მერე მორიგე ექიმი გვეუბნება, რომ შესვენებაზე უნდა გავიდეს და ვერ მიიღებს პაციენტს. რეგისტრანტი გოგო გვეხმარება, რომ სხვა ექიმმა მიიღოს. ექიმი ათვალიერებს. „ყველა ტყვია შენ გესროლეს?!“ ამბობს, რომ მუცელზე და ფეხზე მიყენებულ ჭრილობებს სასწარფოდ კარგი ქირურგიული დამუშავება ესაჭიროება და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაგზავნის. რესპუბლიკურში ჯერ ერთი ქირურგი ნახულობს, მერე მას ჩირქოვანი ქირურგი მოყავს. მეორე ქირურგი ამბობს, რომ ჩირქი არაა და მიდის. პირველი შორიდან ათვალიერებს. მერე ექთანი „ზელიონკას“ უსვამს. ჭრილობას არავინ უმუშავებს. მოვდივართ. „ახლა ხვდები, რატომ არ მოვდიოდი საავადმყოფოში?“ - მეკითხება კოტე.

დღეს „რედისონში“ 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებზე სტუდია „მონიტორის“ ფილმი აჩვენეს და შეხვედრის ორგანიზატორმა კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ვანო მერაბიშვილს წერილი გაუგზავნა. შეხვედრაზე თაზო და ნინო წავიდნენ. კოტემ შუალედში მიირბინა. მე ისევ მეშინია ბევრი ხალხის ერთად დანახვის და თან იმედი არა მაქვს, რომ ადვოკატირებას რაიმე შედეგი ექნება.

საღამოს ნანა მოდის, კვაჭაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი, და ამერიკულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. გვიყვება შეხვედრაზე ამერიკელ გამომძიებელ ჟურნალისტთან, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო. მისი სახელია სანდრა პედი. წლის განმავლობაში მან ერთ თემაზე 100 სტატია გამოაქვეყნა. თავიდან ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას არ გაქცევს. ამიტომ საჭიროა, სულ წერო და მუდმივად აქვეყნო. მერე მოგაქცევენ ყურადღებასო.

ნანა მიდის და სალომე ასათიანის ბლოგს ვკითხულობ. „ძალის გადამეტება თუ ძალის პოლიტიკა“. გულზე ცოტა მეშვება.

2 ივნისი, ოთხშაბათი
სამსახურში მივდივარ. ჟურნალისტები ისევ დაბნეული არიან, რომ მიყურებენ. ისევ ვერ ვმუშაობ. ისევ მრცხვენია მათი და იმ მკითხველების, რომლებიც გვენდობიან და არ თვლიან, რომ „ბურჯანაძის ჟურნალისტები“ ვართ. მაგალითად, მრცხვენია „ჯასთ ფორ თუდეის“, ერთი ფორუმელის, რომელიც არ ვიცი ვინაა და რომელიც წერილს მიგზავნის. ცდილობს, რომ „ნამუსზე აგვაგდოს“. გული მიჩუყდება.

მრცხვენია ნინო ჟიჟილაშვილის, კავკასიის მედიის სკოლის დეკანის, და სტუდენტების, რომლებსაც ახალ მედიას ვასწავლი. მთელი წინა კვირა ლექციები გავუცდინე. ძალ-ღონეს ვიკრებ, რომ სტუდენტების საშუალედო დავალებები კიდევ ერთხელ ვნახო და ნიშნები დავუწერო. ძალიან კარგად იმუშავეს და მეც განსაკუთრებით ლიბერალი ვარ ნიშნების წერისას. ეს პროცესი მეხმარება, რომ თავიდან მოვიშორო კადრები, რომლებიც თავში მიტრიალებს, აღარ შევხედო ნიუსებს და ვერ გავიგო, რა ხდება ქვეყანაში, რომელიც შედგა.

რადიო „უცნობის“ პროდიუსერი მირეკავს და მთხოვს გადაცემაში სტუმრობას. უარს ვეუბნები და თხოვნას აგრძელებს, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. მივდივარ რადიოში და თან მეშინია, რომ ენერგიული ნათია გამცემლიძის ხმის გაგონებაზე, რაც გამაჩნია, იმ ღონესაც დავკარგავ და დავეცემი.

საღამოს ლექციაზე ვარ. სტუდენტებს ვეუბნები, რომ არ შემიძლია ლექციის სრულად ჩატარება. ძალიან საყვარლები არიან.

მერე ანა ქეშელაშვილს ვხვდები. ფლიპ-კამერას მაძლევს, რომ გამოვიყენოთ. 26 მაისსავე მომწერა, მოგცემთო. რედაქციაში ყველას გული უჩუყდება ანას ამ ჟესტზე. ვსვამთ. ბევრს ვლაპარაკობთ და ცოტა მეშვება.

ნათია სახლში აღარ მხვდება, თავის ახალ საცხოვრებელში გადავიდა. ცოტა ვმძიმდები.

ხუთშაბათი, 3 ივნისი
მთელი დღე სტუდენტებს ვიღებ რედაქციაში, საბოლოო პროექტის ამოცანებს ვუხსნი და იდეებს განვიხილავთ. ზოგი ძალიან საინტერესოა. საერთოდ, ყველა ძალიან მონდომებულია და ძალას მმატებს. დარწმუნებული ვარ, კარგ პროექტებს გააკეთებენ.

შუალედში დანიშნული მაქვს შეხვედრა ფსიქოთერაპევტებთან. მაია ცირამუამ დამირეკა - თუ მოხვალ ჩვენს ორგანიზაციაშიო? დიდი ეჭვი მაქვს, ნინია კაკაბაძემ უთხრა, რომ მჭირდება. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრია. სახელზე მეცინება და შევდივარ. „სკრინინგს“ მიკეთებენ. რაღაცებს ვუყვები. არეულად. რომ ვერ ვმუშაობ და არ ვიცი, როგორ ვიმუშაო; რომ ადამიანს, რომელსაც პატივს ვცემდი, შაბათს შევაგინე და ახლა ამის მრცხვენია, თუმცა უსამართლოდ მითხრა, ბურჯანაძე ანგელოზად გამოგყავთო; რომ ადამიანების მეშინია; რომ არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, ჟურნალისტებს რამე რომ მოსვლოდათ; რომ მუდმივად მახსენდება ადამიანები, რომლებიც ვერ გავიგე, ნამდვილად მკვდრები იყვნენ თუ არა; რომ მახსენდება ძველი, 2003-04 წლების ამბებიც აჭარაში, რაც ასეთი საშინელი არ ყოფილა. ვიტირე და მითხრეს, კარგიაო. არ მიყვარს ტირილი. „სკრინინგს“ მიკეთებენ. ვიგებ დიაგნოზს: ტრავმული სტრესი. რაც გამოწვეულია სიცოცხლის დაკარგვის საფრთხით და მოულოდნელობით. დაახლოებით ასე გავიგე. ვუთხარი, რომ საერთოდ ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რასაც ვაკეთებდით, რომ არ შემიძლია სხვა ჟურნალისტებზე პასუხისმგებლობის აღება. ფსიქოთერაპევტი ქეთი მეუბნება, ჯობია, გადაწყვეტილება მერე მიიღო, როცა კარგად გახდებიო. კიდევ უნდა მოხვიდეო.

საღამოს ანუკისთან მივდივარ ლესელიძეზე. სანამ ბავშვს დააძინებს, აივანზე მუსიკას ვუსმენ და ისევ ვტირი. საშინელებაა ამდენი ტირილი! ჩაის ვსვამთ და ვლაპარაკობთ. ანუკისა არ მეშინია და მიხარია. მზია რეკავს ბათუმიდან. ძალიან ცუდადაა. ჩვენზეც ნერვიულობს და, საერთოდ, ყველაფერზე. თუმცა, აქამდე ასე არ იმჩნევს. დონორი, რომელმაც „ბათუმელებს“ გრანტი დაუმტკიცა ცოტა ხნის წინ, ამბობს, რომ ბიუჯეტი უნდა შევამციროთ. მზია იმაზე წუხს, რომ ადამიანებს კარგად ვერ ვაგებინებთ, რა მდგომარეობაში ვართ. გაზეთს გრანტი დიდი ხანია არ ჰქონია, „ნეტგაზეთს“ კი - დეკემბრის მერე. თვის ბოლოს ყოველი დღე ჯოჯოხეთია. როცა გრცხვენია ადამიანების, რომლებიც მთელი თვე მუშაობენ და მინიმალურ ხელფასსაც ვერ აძლევ. მიტინგების დროს 50 თეთრი არ გვქონდა რედაქციაში, რომ კახიშვილი მასალის მოსატანად გაგვეშვა, და ფული ზვიად ქორიძეს ვთხოვეთ. უცებ ეთერი გამახსენდა, „ბათუმელების“ რედაქტორი, რომელიც ავადაა. არ ვიცით, რა სჭირს, რადგან საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ორი თვეა, ხელფასი არ აუღია. ძალიან გავმწარდი ყველაფერზე. თან ანუკის ვუყვები. და უცებ მივხდი, რომ ასე მუშაობას აზრი არა აქვს და გაზეთიც და საიტიც უნდა დავხუროთ. მზიას ესემესი გავუგზავნე. შენ და ეთერიმ დაილაპარაკეთო, მომწერა. ანუკიც ამბობს, რომ არ უნდა დავხუროთ. მე არა მაქვს პასუხი კითხვაზე, სად ჯანდაბაში უნდა ვნახოთ ძალები...

პარასკევი, 4 ივნისი
ეთერის ველაპარაკები სკაიპით. ვეუბნები, რომ ასე დაუცველად აღარ ღირს მუშაობა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მწერს: „ღირს, ღირს, სხვა გზა არ გვაქვს. მე არ შემიძლია ამ ყველაფრის ასე მიგდება და წასვლა. მართლა. მირჩევნია მომკლან, ვიდრე გავიქცე.“ მაგარია, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც არ გარბიან და შენც გაიძულებენ, არ გაიქცე.

ისევ არაფერი შემიძლია. რედაქციაში სკამებს ვატყუპებ და ვწვები. სამი სკამი მჭირდება. არადა, გვხარიამ უფრო დაპატარავდიო, მითხრა.

საღამოს მზიას ესემესს ვიღებ. რეკლამის თანხა ჩაირიცხა და შეგვიძლია ხელფასების ნაწილი დავფაროთ. მაგარია!

შაბათი, 5 ივნისი
შაბათი საზოგადოებრივ მაუწყებელზე „წითელი ზონის“ ყურებით თენდება. ჩაუშესკუზეა. 15 წუთის შემდეგ მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად უყურებს, ფეხზე დგება და კითხულობს: „ეეე, ეს რას ნიშნავს, გვახარიამ უკვე გამოაცხადა სააკაშვილი დიქტატორად?“ ვეუბნები, რომ გადაცემა რამდენიმე კვირის წინ გადაიღეს. არადა, ყველაფერი, რასაც გოგი ჰყვება რუმინეთსა და ჩაუშესკუზე, ძალიან ჰგავს ქვეყანას, რომელზეც ამბობენ, რომ სახელმწიფოდ შედგა.
XS
SM
MD
LG