Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში


საქართველოს პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას აპირებს. უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ საგნების ჩამონათვალი, რომელთა ქონაც ეკრძალებათ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს. გარდა ამისა, მკაცრდება ადგილის შერჩევისა და აქციის მონაწილეთა ქცევის წესები, კვლავ შემოდის ეგრეთ წოდებული 20-მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებთან აქციების გამართვისას უნდა იქნეს დაცული. კანონპროექტში ასევე ლაპარაკია „პროპორციულ შეზღუდვაზე“, რომლის მიხედვითაც შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ მკაცრად განსაზვრულ შემთხვევებში და სათანადო პროპორციით.
ამ კანონით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში...

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს ოთხი ავტორი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი, მიიჩნევს, რომ ცვლილებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონში ახალი ცნების - „პროპორციული შეზღუდვის“ - ჩაწერა:

„კანონში შემოდის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კეთდება ზოგადი ნორმა: ამ კანონით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში (გაკეთებულია ჩამონათვალი). ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ, ერთი მხრივ, პროპორციული უნდა იყოს შეზღუდვა, ანუ მინიმალური შეზღუდვა უნდა იყოს გამოყენებული და, მეორე მხრივ, შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.“

გარდა ამისა, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა ჩამონათვალი იმ დაწესებულებებისა, სადაც ძალაში დარჩება 20-მეტრიანი შეზღუდვა. ეს ვრცელდება სამართალდამცავ ორგანოებზე, ხოლო ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურის შენობასთან აქციების გასამართ დისტანციას დაადგენს სტრუქტურის ადმინისტრაცია, თუმცა შეზღუდვა არ უნდა აღემატებოდეს 20 მეტრს. ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებას, რომ ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მომზადდა, ცინიზმად მიიჩნევს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იზორია:
ლევან იზორია

„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა: თუ 20 მეტრის რადიუსში ტარდება მიტინგი, დემონსტრაცია, მაგრამ უშუალოდ საფრთხე არ ემუქრება ამ დაწესებულებების ფუნქციონირებას, მაშინ არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ამ დემონსტრაციის აკრძალვისა. ეს ცვლილებები ითვალისწინებს არა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონმდებლობაში ასახვას, არამედ, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შინაარსის უარყოფას და ამბობს იმას, რომ ამ ქვეყანაში განმსაზღვრელი ძალა არის უმრავლესობის პოლიტიკური ნება.“

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოხატვის თავისუფლებაზე მიტანილ იერიშად მიიჩნევენ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელი, მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში თბილისში მანიმფესტაციების გამართვა შეუძლებელი იქნება.
რთადერთი ადგილი, რომელსაც თქვენ სახელმწიფო დაწესებულება შემოგთავაზებთ შეკრებისა და მანიფესტაციის გასამართად, შეიძლება იყოს დავით გარეჯის უდაბნო...

„რატომ არის აქციის გამართვა შეუძლებელი? თქვენ თუ მიმართავთ თბილისის მერიას და შეატყობინებთ, რომ აპირებთ 50-კაციანი აქციის გამართვას უზენაეს სასამართლოსთან, ამაზე მერია, ამ კანონის მიხედვით, სრულიად კანონიერად გეტყვით უარს, იმიტომ რომ 50 კაცით აუცილებლად მოგიწევთ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა: ტროტუარზე ვერ დადგებით იმის გამო, რომ 20-მეტრიან რადიუსს დაარღვევთ, ხოლო 50 კაცი არ ითვლება გზის გადაკეტვისათვის საჭირო შესაბამის რაოდენობად. ამ ცვლილებების მიხედვით, ერთადერთი ადგილი, რომელსაც თქვენ სახელმწიფო დაწესებულება შემოგთავაზებთ შეკრებისა და მანიფესტაციის გასამართად, შეიძლება იყოს დავით გარეჯის უდაბნო“, - უთხრა თინათინ ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

ცვლილებების მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დამატებით ეკრძალებათ იქონიონ ნებისმიერი ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. იურისტ მანანა კობახიძის თქმით, კანონის ეს მუხლი ბუნდოვანია და ამის გამო შეცვლას საჭიროებს:

„შეიძლება ქოლგა გეჭიროს ხელში და ესეც ჩათვალონ უკანონო ნივთად. კანონი უნდა იყოს მკაფიო, განჭვრეტადი და ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს ზუსტად, რა მოეთხოვება და რისი ფლობა არის აკრძალული.“

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებენ ახალგაზრდა იურისტებიც. სოფო ვერძეულის თქმით, ცვლილელების დამტკიცების შემთხვევაში, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ამ კანონს, მით უფრო უკეთესი იქნება, რადგანაც ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად...

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასათან. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ცვლილებები საშუალებას იძლევა მინიმალური შეზღუდვით მიღებულ იქნეს მაქსიმალურად დადებითი ეფექტი. კერძოდ:

„აღდგეს წესრიგი, არ დაზიანდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, არ მოხდეს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესორგანიზაციების ინტერესების შელახვა, არ დაზიანდეს შენობების ფასადები და ამისათვის მხოლოდ მინიმალური ჩარევა უნდა იყოს გამოყენებული. ამ სიახლეების გათვალისწინებით, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ ამ კანონს, მით უფრო უკეთესი იქნება, რადგანაც ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, - უთხრა ჩაიორა თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG