ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის გამო სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ მოქალაქეობის საქმის განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს პრეზიდენტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატებს გასულ საღამოს აცნობა, რომ მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამასთან, სასამართლოს პირველ ინსტანციას ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია მიიღებს, თუ არა წარმოებაში სარჩელს, რომელიც ივანიშვილის და მისი მეუღლის სახელით ადვოკატებმა 21 ოქტომბერს წარადგინეს. მომჩივანი ითხოვს ბათილად ცნობას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და პრეზიდენტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტებისა, რომელთა თანახმად, ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. ადვოკატების განმარტებით, ბიზნესმენის მეუღლის შემთხვევა განსხვავებულია, რადგან ეკატერინე ხვედელიძე უკვე საფრანგეთის მოქალაქე იყო, როდესაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერისთვის დღევანდელ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არანაირ განცხადებას არ აკეთებს."
ყველაზე პოპულარული
1