Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციისა და პარტიული გადაჯგუფებების კვირა


ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩატარებული პირველი პრესკონფერენცია იყო ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. პრესკონფერენცია, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერით გადაიცა, მთელი კვირის განმავლობაში იყო მსჯელობის საგანი. განიხილავდნენ როგორც ბიძინა ივანიშვილის პასუხებს, ასევე თავად შეკითხვებს, რომლებსაც ჟურნალისტები სვამდნენ, და ტონს, რომლითაც შეკითხვები ისმებოდა. ბევრი კომენტატორის აზრით, ჟურნალისტები მეტისმეტად აგრესიულები იყვნენ, მათ კითხვების დასმა უფრო აინტერესებდათ, ვიდრე პასუხების მოსმენა და, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არამხოლოდ პოლიტიკოსების აზრით, ჩანდა, რომ ბევრი მათგანი ხელისუფლების დავალებას ასრულებდა.

პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით მოსვლის შემდეგ ის განაგრძობს ურთიერთობათა გაღრმავებას აშშ-სა და ევროპასთან, დაალაგებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და ეცდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ ივანიშვილის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ დაისვა. ბიზნესმენმა თქვა, რომ მას რუსეთთან ურთიერთობის დალაგების განსაკუთრებული ფორმულები არ გააჩნია, - მით უმეტეს, 2008 წლის ომის შემდეგ, - თუმცა იმედი აქვს ინტერესთა თანხვედრის, რაც შესაძლოა გახდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა.

ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეპლიკა აგვისტოს ომის თემას ეხებოდა. მან თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

შუა კვირას გავრცელდა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას "ქართულ ოცნებას" აფუძნებს. ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას ბიზნესმენი 25 ნოემბერს გეგმავს თბილისის ფილარმონიაში. ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, წევრების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

ისე კი, გასულ კვირას გაგრძელდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე არსებულ პოლიტიკურ სიბრტყეში. მაგალითად, "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა დავით საგანელიძემ. მართალია, გადაწყვეტილების მიზეზად საგანელიძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ზოგიერთი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის მთავარ კომიტეტთან აზრთა სხვადასხვაობა დაუსახელა და არ დაუკონკრეტებია, თუ რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე იყო საუბარი, მაგრამ გავრცელდა ხმები, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორედ ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა. ახალი მემარჯვენეები ამბობენ, რომ ბიზნესმენთან არ ითანამშრომლებენ, საგანელიძემ კი თანამშრომლობის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

პარალელურად, გაგრძელდა ახალი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესიც. 3 ნოემბერს ფილარმონიაში ახალი პარტიის - ”განახლებული საქართველოს” - დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. პარტიას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას და, ნანა გულუა უხელმძღვანელებს. ახლად შექმნილი პარტიის მიზანი, როგორც 3 ნოემბერს ჩატარებულ ყრილობაზე გაცხადდა, შემდეგია: კანონმდებლობის გამოყენებით საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება. თუმცა კომენტატორების უმეტესობა ახალი პარტიის შექმნას რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს უკავშირებს - საქართველოს ევროინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭყოიძემ თქვა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მატერიალური შესაძლებლობები ახალი ინექცია იქნება საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მსურველი დაინტერესებული ძალებისათვის.

კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა განაგრძობდა მსჯელობას სტრატეგიული განვითარების ”ათპუნქტიან გეგმაზე”, რომელიც 2011-2015 წლებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს წინსვლას მოდერნიზაციისა და დასაქმების მიმართულებებით. ეს 10 პუნქტია, შეგახსენებთ: 1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება; 3. საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა/შენარჩუნება; 4. რეგიონალურ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება; 5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; 6. სოფლის მეურნეობის განვითარება; 7. განათლების სისტემის გაუმჯობესება; 8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა; 9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება; 10. ურბანული და რეგიონალური განვითარება. მთავრობა ამბობს, რომ დოკუმენტში გავრცობილია თითოეულ პუნქტთან დაკავშირებული ტაქტიკური ხედვა. თუმცა ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ათპუნქტიან გეგმაში რეალურად ახალი არაფერია ნათქვამი. ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ნარმანიამ ამ გეგმას ჩვეულებრივი პიარსვლა უწოდა.

კვირის ბოლოსაკენ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმა საქართველოს მიერ მოწონებულ წინადადებაზე, რომელიც გზას უხსნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოჰყვა შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას. წინადადების მიზანია კომპრომისის მიღწევა რუსეთისა და მის მიერ საქართველოში ოკუპირებული ორი რეგიონის საზღვრებზე მდებარე განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის საბაჟო-საკონტროლო პუნქტებთან დაკავშირებით. მაქსიმ მედვედკოვის თქმით, მოსკოვი დაჰყაბულდა საბაჟო-საკონტროლო პუნქტების შემოწმებას მესამე მხარის მიერ. საქართველო გასულ კვირაში დათანხმდა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებაზე.

დაბოლოს, სპორტზეც რომ ვთქვათ, საქართველოს რაგბისტთა 19-წლამდელთა ნაკრები ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 20:12 დაამარცხა. ამით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობის გარდა მოიპოვა საგზურიც მომავალ წელს იაპონიაში გასამართი "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისა", რომელიც, თავის მხრივ, 2013 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG