Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კშიშტოფ ლიზეკმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ თბილისში ისაუბრა


კშიშტოფ ლიზეკი
კშიშტოფ ლიზეკი
თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კშიშტოფ ლიზეკი. სწორედ მისი ანგარიში დაედო საფუძვლად საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც 17 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ხმათა 90 პროცენტით მიიღეს. კშიშტოფ ლიზეკმა იმ მთავარ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში მოხვდა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპარლამენტარების მიერ სიტყვა ”ოკუპაციის” მხარდაჭერა და საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის აღიარებაა. კშიშტოფ ლიზეკის სიტყვა დღეს საქართველოს პარლამენტში მოისმინეს.

გადავწყვიტეთ, რომ წელს ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში საქართველოც მივიღოთ...
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, პოლონელი დეპუტატი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წარმომადგენელი, ევროპის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი კშიშტოფ ლიზეკი ეწვია. მისი ანგარიში, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციას დაედო საფუძვლად, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა. რეზოლუციის მთავარი აქცენტები და გამორჩეული მითითებები მან პირადად წარუდგინა საქართველოს პარლამენტში - ილია ჭავჭავაძის დარბაზში - შეკრებილ დეპუტატებსა და ჟურნალისტებს.

მე დიდი სიამოვნებით მივიღე მოწვევა საქართველოდან, რადგან კარგი ამბები ჩამოგიტანეთ, - ასე დაიწყო საუბარი კშიშტოფ ლიზეკმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და აღნიშნა, რომ მართალია, რეზოლიციას, რომელსაც 17 ნოემბერს ევროპარლამენტართა 90 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, არ შეუძლია საბოლოოდ გადაწყვიტოს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც საქართველოს წინაშე დგას, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, ევროპარლამენტარები, მივიჩნევთ, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა და, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია სწორედ ევროკავშირს დაუკავშიროს საკუთარი მომავალიო, თქვა კშიშტოფ ლიზეკმა.

”ჩვენ გუშინ გადავწყვიტეთ, რომ წელს ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში საქართველოც მივიღოთ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი არ არის დახურული კლუბი. ჩვენ ღია ვართ ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს სცემს პატივს და ვფიქრობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მათგანია”, - ამბობს კშიშტოფ ლიზეკი.

ათგვერდიანი რეზოლუციის მნიშვნელოვან გზავნილებზე საუბარს ქშიშტოფ ლიზეკმა ზუსტად ათი წუთი მოანდომა. თავდაპირველად მან თქვა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მოიაზრებს ევროპულ ქვეყნად, რომელიც იზიარებს ევროპულ პრინციპებსა და ღირებულებებს და ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყანაში დემოკრატია, სასამართლო სისტემა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.
ბევრი ადამიანი ელოდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც პარლამენტართა 90 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, სამჯერ არის ნახსენები სიტყვა „ოკუპაცია“...

”ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ პრობლემებს ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორიც არის დემოკრატია, სასამართლო სისტემა და ადამიანის უფლებები საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი პრობლემები, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ თქვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას. საქართველო ექვს ქვეყანას შორის სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საუკეთესოდ ასრულებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს”, - მიუთითებს კშიშტოფ ლიზეკი.

”აღიარებულ იქნეს საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად” - ეს რეზოლუციის ის მონაკვეთია, რომელსაც კშიშტოფ ლიზეკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მოვიდა დრო ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ, - ასე ახასიათებს რეზოლუციის ამ ამონარიდს კშიშტოფ ლიზეკი:

”ბევრი ადამიანი ელოდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში, რომელსაც პარლამენტართა 90 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, სამჯერ არის ნახსენები სიტყვა „ოკუპაცია“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვიდა დრო ყველაფერს საკუთარი სახელი დავარქვათ. დრო მოვიდა შეწყდეს საქართველოში რუსეთის ჯარების არსებობა, ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები და, რაც შეიძლება, მალე.”

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რეზოლუცია აღნიშნულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, კშიშტოფ ლიზეკი მიიჩნევს, რომ რეზოლუცია წარმოადგენს მკაფიო განცხადებას და ის მოუწოდებს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტსა და განსაკუთრებით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს, რათა გაააქტიუროს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან 2008 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის თაობაზე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდასა და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც კშიშტოფ ლიზეკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, სავიზო რეჟიმის გამარტივება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების გაძლიერებაა.

ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი დეოკუპაციის პროცესისათვის დიპლომატიურ ბრძოლაში, - ასე აფასებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის ევროკავშირში მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენლის, დეპუტატ გია თორთლაძის აზრით კი, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო, არის გზა, რომელიც საქართველოს მიიყვანს ევროკავშირამდე და ნატომდე.
ეს რეზოლუცია თანდათანობით აუცილებლად იმოქმედებს ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე ძალიან გამკაცრდა ენა რუსეთის მიმართ...

საქართველოს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას რამდენიმე ასპექტით ხსნის. მისი თქმით, პირველი ფაქტორი, რითაც რეზოლუციის მნიშვნელობა განისაზღვრება არის ის, რომ ევროპული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მხარს უჭერს რეზოლუციაში გამოთქმულ გზავნილებს.

”დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პარტიებს რამხელა გავლენა აქვთ აღმასრულებელ ხელისუფლებებსა და მთლიანად განხორციელებულ პოლიტიკაზე, ალბათ, გვესმის. მათი ერთობლივი პოზიცია გადამწყვეტი იქნება შემდგომ უკვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასე რომ, ეს რეზოლუცია თანდათანობით აუცილებლად იმოქმედებს ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასევე ძალიან გამკაცრდა ენა რუსეთის მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ევროპული ინსტიტუტები და წევრი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა იხელმძღვანელებენ ამ ვორდინგით”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას იძულებით გადაადგილებულ პირთა და უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტის წევრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას შექმნას სრული და ეფექტური ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ შორის, სექსუალურ ორიენტაციასა და სქესობრივ იდენტიფიცირებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს სასამართლო რეფორმას, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტს, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ და უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობის სრული განვითარება. ერთ-ერთი რეკომენდაცია მედიის თავისუფლებასაც ეხება და ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებას და მედიაპლურალიზმს. საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოეთხოვება უფრო აქტიური და კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან და უზრუნველყოს თანაბარი დემოკრატიული გარემო.

მართალია, თბილისში მყოფ კშიშტოფ ლიზეკს არაფერი უთქვამს რეზოლუციიდან ამოღებული ერთ-ერთი თავის შესახებ, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხებოდა, მაგრამ, დავით დარჩიაშვილის განმარტებით, როგორც აღნიშნული შესწორების ავტორმა თქვა, საკითხი ზედმეტად იყო პოლიტიზებული და სწორედ ამის გამო ამოიღეს ის რეზოლუციის საბოლოო ვარიანტიდან.

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ვერ მოხვდა კიდევ ერთი მითითება, რომელიც საქართველოში პოლიციელთა მიერ ადვოკატების ცემის ფაქტებს ეხებოდა. რეზოლუციის პირველადი ვერსიის თანახმად, ევროპარლამენტარები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები და აღკვეთოს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნა.
XS
SM
MD
LG