Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორები: მლადიჩი დამნაშავეა


ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალის პროკურორების განცხადებით, საკმარისი მტკიცებულება არსებობს საიმისოდ, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერი, რატკო მლადიჩი, დამნაშავედ იქნეს ცნობილი 1992-1995 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის დროს მუსულმანების, ხორვატების და სხვა არა-სერბი მოსახლეობის განადგურების მიზნით კამპანიის წარმოებაში. ამ განცხადებით პროკურორები ოთხშაბათს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე გამოვიდნენ - სადაც მიმდინარეობს მლადიჩის პროცესი. პროკურორმა დერმოტ გრომემ თავისი გამოსვლა ასე გახსნა:
„[ამ დანაშაულებს] აერთიანებენ ინდივიდები, რომლებიც მათში მონაწილეობდნენ - და საერთო მიზანი, რომელიც მათ ამ დანაშაულთა ჩადენისას ამოძრავებდათ. მათ ის ფაქტი აერთიანებს, რომ მათი ნაწილი გენერალ რატკო მლადიჩის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ბრალდების მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლებიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ ამ დანაშაულებში ნამდვილად ურევია ბატონი მლადიჩის ხელი“. 70 წლის მლადიჩისთვის წაყენებული 11 ბრალდება მოიცავს გენოციდს, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მლადიჩს ბრალად ედება 1995 წელს სრებრენიცაში 8,000-მდე მუსულმანი კაცის და ბიჭის დახოცვის ბრძანების გაცემა და სარაევოს გარშემო ბოსნიელი სერბების მიერ შემორტყმული ალყის ორგანიზება, რომელიც 44 თვის განმავლობაში გაგრძელდა. თავად ბრალდებული დანაშაულთა ჩადენას არ აღიარებს. ომს, გავრცელებული შეფასებით, 100,000-მდე ადამიანი შეეწირა. 2,2 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.
XS
SM
MD
LG