Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში გრძელდება ოპერაცია მძევლების გათავისუფლების მიზნით


ალჟირში ჯერაც არ მოგვარებულა კრიზისი, რომელიც უკავშირდება ექსტრემისტების მიერ გაზის მომპოვებელი საწარმოს თანამშრომლების მძევლად აყვანას. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, ალჟირელი სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ ოპერაციას ექსტრემისტების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელთა ტყვეობაში, შესაძლოა, ჯერ კიდევ რჩებოდნენ მძევლები. გუშინ ალჟირის უშიშროების ძალებმა დაიწყეს ოპერაცია რამდენიმე ათეული მძევლად აყვანილი ადგილობრივი და უცხოელი მოქალაქის გათავისუფლების მიზნით. ოპერაციის მსვლელობაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ალჟირის მედიის ცნობით, დაიღუპა ოთხი უცხოელი და რამდენიმე ექსტრემისტი. სხვა ცნობებით, ოპერაციის მსვლელობაში დაღუპულთა რიცხვი 50-ს აღწევს. ოთხშაბათს აღმოსავლეთ ალჟირში, ლიბიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე გაზის საწარმოს თავს დაესხნენ „ალ ყაიდასთან“ დაკავშირებული ექსტრემისტები, რომლებმაც მძევლად აიყვანეს რამდენიმე ათეული ადგილობრივი და უცხოელი მოქალაქე. თავდამსხმელების მოთხოვნა იყო მალიში საფრანგეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, ალჟირში მომხდარი ნათლად ადასტურებს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება, მალიში ისლამისტებთან დასაპირისპირებლად გაეგზავნა თავისი ჯარი, გამართლებული იყო.
XS
SM
MD
LG