Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში სერბიის და კოსოვოს პრეზიდენტების პირველი შეხვედრა იმართება


ბრიუსელში იმართება სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კოსოვოს პრეზიდენტს, ატიფეტე იაჰიაგას და მის სერბ კოლეგას, ტომისლავ ნიკოლიჩს შორის შეხვედრა, გავრცელებული ცნობებით, ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, ევროკავშირის შუამავლობით. რადიო თავისუფლებისთვის შეხვედრამდე მიცემულ ინტერვიუში იაჰიაგამ გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრა სერბებს და კოსოვოელებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სერბია - რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებს - კვლავ უარს აცხადებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თუმცა ბელგრადი დათანხმდა ევროკავშირის შუამავლობით დიალოგის გამართვას კოსოვოს ეთნიკურ ალბანელ ლიდერებთან, რათა სერბიამ წინ წაიწიოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის წევრების უმეტესობა იმ 100-მდე ქვეყანას შორისაა, რომლებსაც აღიარებული აქვთ კოსოვოს დამოუკიდებლობა. სერბიამ კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს, ნატოს საჰაერო ომის დროს დაკარგა.
XS
SM
MD
LG