Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვისა და ლითონის თბილისელები


ვორონცოვის ძეგლი
ვორონცოვის ძეგლი

თბილისის ცენტრალურ უბნებში ვერ ნახავთ ქუჩას, მოედანს ან სკვერს, რომელსაც არ ამშვენებდეს (ან აუშნოებდეს) ამა თუ იმ საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსის ან მწერლის ძეგლი თუ ბიუსტი, თუმცა სულ რაღაც ასი წლის წინ ქვისა და ლითონის თბილისელების დასათვლელად ხელის თითებიც კი საკმარისი იყო. საქმე ისაა, რომ თბილისსა და, შესაბამისად, საქართველოში პირველი მრგვალი ქანდაკება დაიდგა სულ რაღაც 150 წლის წინ, 1922 წელს კი საქართველოს დედაქალაქი სამად სამ ქანდაკებას ითვლიდა.

თბილისში პირველი ძეგლი - ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკება - დაიდგა 1867 წლის 25 მარტს ვორონცოვის მოედანზე, მეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის ტფილისში ჩამოსვლის ოცდაორი წლისთავზე. როგორც მხატვარი გიორგი ქართველიშვილი ამბობს, ალგეთის ქვისგან აგებულ კვარცხლბეკზე იდგა მიხეილ ვორონცოვის ბრინჯაოს ორმეტრიანი ქანდაკება.

ქვისა და ლითონის თბილისელები
please wait

No media source currently available

0:00 0:13:55 0:00
გადმოწერა

„ძეგლი ჩემოისხა პეტერბურგში, ავტორი გახლდათ პიმენოვი, თუმცა ის თავად ვერ მოესწრო ძეგლის დადგმას, მან მხოლოდ მაკეტი შექმნა. ძეგლი დაამთავრა მხატვარმა კრეიგანმა. არქიტექტორი გახლდათ ოტო სიმენსონი, რომელიც გახლდათ თბილისში განხორციელებული ბევრი პროექტის ავტორი. ეს იყო პირველი ძეგლი თბილისში და დიდი პატივი იყო იმ დროს ევროპული ტიპის მონუმენტის ქონა ქალაქში“, უთხრა რადიო თავისუფლებას გოგა ქართველიშვილმა, რომლის თქმით, მიხეილ ვორონცოვისთვის ძეგლის დადგმა მოითხოვა ადგილობრივმა საზოგადოებამ, რომლის შეწირულმა თანხამ 26 104 რუბლი შეადგინა, რასაც დაემატა იმპერატორისა და ტახტის მემკვიდრის სახელზე გამოყოფილი 5 ათასი რუბლი. მიხეილ ვორონცოვის ღვაწლზე მაღალი აზრისა იყო საქართველოს მაშინდელი საზოგადოების დიდი ნაწილი. როდესაც 1854 წელს მეფისნაცვალმა კავკასია დატოვა, გრიგოლ ორბელიანმა მას შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა:

„გადაწყდა ბედი საქართველოსი: აღარ უბრუნდებით, თქვენო უგანათლებულესობავ, ქვეყანას, რომელიც მუდამჟამს კურთხევით გიგონებსთ და რომელიც მხოლოდ თქვენის მზრუნველობით აღსავსე ბრწყინვალე მართვა-გამგეობის დროს ეღირსა აჰყვავებასა და ადამიანურს ცხოვრებასა!“

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი
ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი

ამ წერილის დაწერიდან ზუსტად 13 წლის შემდეგ (1867 წელს), როდესაც ძეგლს დაუდგამენ გრაფ ვორონცოვს, გრიგოლ ორბელიანი იტყვის, „არის კიდევ სხვა ძეგლი ვარანცოვისა... ეს ძეგლი დიდი ხანია, რაც აღმართულია ჩვენს გულშიო“, თუმცა ის ძეგლი, რომელიც თბილისში დაიდგა, გრიგოლ ორბელიანის გულზე ბევრად დიდი იყო: ვორონცოვი იდგა უქუდოდ, გვერდზე მოგდებული შინელით, ხელში ქუდით და კვერთხით. კვარცხლბეკზე იკითხებოდა წარწერა: „Князю Михаилу Семёновичу Воронцову 1845-1854“. ვორონცოვის ძეგლი კარგად აქვს აღწერილი გალაკტიონ ტაბიძეს უბის წიგნაკში გაკეთებულ ერთ-ერთ ჩანაწერში:

„ვორონცოვი სდგას წინ ნაბიჯ-წადგმული. ორივე ხელით იმაგრებს "პლაშჩს". ხელში უჭირავს მოხვეული ქაღალდი: იგულისხმება საქმე, გეგმა. მოსჩანს რაღაც წარწერა ძეგლზე. ძეგლი ორსართულიან სახლზე მაღალია. გარსშემოვლებულია ჯაჭვით. მიმაგრებული ზარბაზნის ლულის მსგავს ოთხ დაბალ სვეტზე: შესაძლებელია, ეს მართლაც ზარბაზნის ლულები იყო? პოსტამენტს აქვს სამი ქვის კიბე აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრითაც. ამ ძეგლზე პოემა ჰქონდა დაწერილი აკაკი წერეთელს. სიუჟეტით აკაკის ვორონცოვი გამოჰყავს გმირად (იმ კაცს ეძახდნენ ვორონცოვს, ის იყო გმირთა-გმირიო; მის დროს ვიგონებ მოხუცი და, შვილო, მიტომ ვსტირიო). დიდი ხნის, რევოლიუციის, შემდეგ - ეს ძეგლი მე ვნახე ისტორიული მუზეუმის ეზოში. ფოლადის ფეხები გადახერხილი ჰქონდა“.

მიხეილ ვორონცოვის ძეგლმა გაუძლო მენშევიკების მთავრობას და, სავარაუდოდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს აიღეს. უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, თბილისში ვორონცოვის ძეგლს მოესწრო აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, რომელიც 1914 წელსაა დაბადებული. ბრინჯაოს ძეგლი, როგორც ჩანს, გადაადნეს. შემონახულია ძეგლის ფოტოები, თუმცა, როგორც გოგა ქართველიშვილი ამბობს, ძეგლის ზუსტი ასლის ნახვა შესაძლებელია ოდესაში:

„მეგეხსენებათ, ვორონცოვი იქაც მოღვაწეობდა და ოდესაზეც განსაკუთრებული ღვაწლი აქვს. ოდესაში ორი თუ სამი წლით ადრე დაიდგა ზუსტად ისეთივე ძეგლი, როგორიც თბილისში იდგა. ეს ძეგლი გადაურჩა საბჭოთა პერიოდს და დღემდე დგას. ოდესის მუზეუმში კი ინახება იმ ძეგლის მაკეტი, რომელიც თბილისში იდგა“.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტიპიური ქართული მოვლენა. იგივე გერმანია რომ ავიღოთ, ქალაქი არ არის, სადაც შილერის ძეგლი არ დგას. გოეთეც ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელებისთვის. მიუხედავად იმისა, რამე კავშირი ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს ამა თუ იმ ქალაქთან, მათი ძეგლები, როგორც სერთო გერმანული სულის გამომხატველებისა, ყველაგან დგას...
ლაშა ბაქრაძე

ვორონცოვის მმართველობის წლებში (1845-54 წწ) გაფართოვდა თბილისი და შემუშავდა ქალაქის მშენებლობის მრავალწლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყო თბილისის ევროპეიზაცია. თუმცა მიხეილ ვორონცოვის პოლიტიკას ყველა როდი იწონებდა. უკმაყოფილოთა შორის იყო ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელსაც სწამდა, რომ მეფის ამ ბობოლა მოხელეს „ცბიერად სურდა ჩვენი წახდენა“:

„თუ ჩვენ ვორონცოვის მმართველობას გავყვებით, ისეთ მდგომარეობამდე მივალთ, რომ ბოლოს იტყვიან: ერთ დროს აქ, ამ ქვეყანაში ქართველები ცხოვრობდნენო“.

თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, პირველი ძეგლი თბილისში ვორონცოვს დაუდგეს, მეორე 1892 წელს - ალექსანდრე პუშკინს, მესამე კი 1903 წელს - ნიკოლაი გოგოლს (ორივე ძეგლის ავტორია მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩი). ქართველთაგან კი პირველობა ერგო აკაკი წერეთელს, რომლის ბიუსტი (ავტ. იაკობ ნიკოლაძე) 1922 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში დაიდგა. წესით, უფრო ადრე უნდა დადგმულიყო ეგნატე ნინოშვილის ძეგლი (ავტ. ასევე იაკობ ნიკოლაძე), რომელიც ჯერ კიდევ 1911 წელს ჩამოისხა პარიზში, თუმცა დადგმით მხოლოდ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს, დაიდგა კომუნარების ბაღში. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ პირველი ძეგლები მწერლებს დაუდგეს, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილის იყო მწერლების ერთგვარი კულტი.

„ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტიპიური ქართული მოვლენა. იგივე გერმანია რომ ავიღოთ, ქალაქი არ არის, სადაც შილერის ძეგლი არ დგას. გოეთეც ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელებისთვის. მიუხედავად იმისა, რამე კავშირი ჰქონდა თუ არა რომელიმე მათგანს ამა თუ იმ ქალაქთან, მათი ძეგლები, როგორც სერთო გერმანული სულის გამომხატველებისა, ყველაგან დგას. მოგვიანებით მწერლების ამგვარი კულტი ჩვენთანაც შემოვიდა. ამას ხელი შეუწყო იგივე პუშკინის იუბილემ რუსეთში. ასე რომ, ეს არ არის ტიპიურად ქართული, თუმცა შემდგომში, საბჭოთა პერიოდში, შეიძლება ნაწილობრივ იმით აიხსნას, რომ მწერლებისათვის ძეგლების დადგმით ვამბობდით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი კულტურა და რომ ამ კულტურას მწერლები განასახიერებენ. დასავლეთში დღეს აღარ არის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ არის“, უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

რუსთაველის ძეგლი
რუსთაველის ძეგლი

და, მართლაც, 1991 წელს გამოცემული „ლიტერატურული თბილისის მეგზურის“ მიხედვით, თბილისში ოცზე მეტი მწერლის ძეგლი თუ ბიუსტი იდგა. თუ პოეტ-აკადემიკოს იოსებ გრიშაშვილს ვერწმუნებით, პირველობა უნდა რგებოდა შოთა რუსთაველს. 1939 წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში („პუშკინის ძეგლი თბილისში“) იოსებ გრიშაშვილი წერდა, პუშკინის ძეგლის აგებამ მოაგონა ქართველ მოღვაწეებს თავისი სიამაყე, შოთა რუსთაველიო. და, მართლაც, 1893 წლის 133-ე ნომერში „ივერია“ წერდა: „შარშან ზაფხულში ძეგლი დაუდგეს რუსეთის გამოჩენილ პოეტს პუშკინს, ახლა კი საჭიროა ქართველმა საზოგადოებამ იფიქროს შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად“. თუმცა რუსთაველის ძეგლი (ავტ. კოტე მერაბიშვილი), გამოქანდაკებული გოდონის ქვისგან, დადგეს მხოლოდ 1942 წელს. ის 1990 წელს შეცვალა ბრინჯაოსგან ჩამოსხმულმა ნაკეთობამ, პირველი კი წაიღეს რუსთავში, სადაც დღემდე დგას შარტავასა და მესხიშვილის ქუჩების შემაერთებელ მოედანზე. ასევე ქვისგანაა გამოთლილი 1922 წელს დადგმული აკაკი წერეთლის ბიუსტი, რომელსაც ბევრი კრიტიკა შეხვდა მგოსნის გაშიშვლებული მკერდის გამო, თუმცა ჯერ კიდევ 1946 წელს გერონტი ქიქოძე, „ეტიუდებსა და პორტრეტებში“ წერდა, რომ აკაკის ბიუსტი არის იაკობ ნიკოლაძის ხელოვნების საუკეთესო მიღწევა:

აკაკი წერეთლის ბიუსტი
აკაკი წერეთლის ბიუსტი

„ვისაც მოხუცი აკაკი წერეთელი სიცოცხლეში უნახავს, დამეთანხმება, რომ მის ბიუსტში დიდი ოსტატობითაა გადმოცემული არა მარტო სახის ნაკვთები, არამედ ის მიუწვდომელი რაღაცა, რასაც სახის იერი ეწოდება. ეს ჭოგნარის ქვა ჭეშმარიტად სულჩადგმულია. დასანანებელია მხოლოდ, რომ ეს ძეგლი უფრო მკვიდრ და კეთილშობილ მასალაში არ არის შესრულებული, რომ ატმოსფეროს ცვალებადობა და მტვერი მას ზიანს აყენებს. ძნელია ვინმე მოქანდაკეს იმის გამო შეედავოს, რომ აკაკი წერეთლის მკერდი გატიტვლებულია ჰომეროსის დროინდელ რაფსოდივით: ამით თითქო ხაზგასმულია ის, რაც ზეისტორიული იყო ქართველ პოეტში“.

თუმცა, ცხადია, თბილისში მხოლოდ პოეტებს არ უდგამდნენ ძეგლებს. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, გასაბჭოების შემდეგ პოეტებსა და მწერლებთან ერთად გაჩნდნენ ქვასა და ლითონში გაცოცხლებული რევოლუციონერები და პარტიული მოღვაწეები:

„რასაკვირველია, რევოლუციონერებსაც უდგამდნენ ძეგლებს, მათ შორის არა მხოლოდ ლენინს, სტალინს, არამედ ორჯონიკიძესაც, კამოსაც, რომლის ძეგლიც პუშკინის ბიუსტის ახლოს იდგა თავისუფლების მოედანზე და როგორც ამბობენ, კი არ გადააგდეს ძეგლი, როდესაც აღარ უნდოდათ კამო, არამედ იქვე გათხარეს მიწა და დამარხეს. ასე რომ, ახლაც სადმე იქვე, ქვემოთ უნდა იდოს კამოს საკმაოდ საინტერესო ძეგლი“.

როგორ მოხდა, რომ, მდიდარი ისტორიული და კულტურული წარსულის მიუხედავად, საქართველოში მეოცე საუკუნემდე ქანდაკებაში არავის უმუშავია? მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი 1960 წელს დაწერილ ესეში „რატომ არ ჰქონდა ქართველს მრგვალი ქანდაკება“, ამ კითხვას ასე უპასუხებს:

„ქანდაკების ნამდვილი მშვენიერება იწყება იქ, სადაც მიწიერი სიუხეშე სცილდება სხეულს და სადაც ადამიანი ილტვის ბუნების საწინააღმდეგოდ არსებულ კანონზე დამყარებული სილამაზისკენ, რაც უცხოა ქართველისათვის, უკეთუ ქართველს სიცოცხლე ისე უყვარს, არ დაბადებია სურვილი მყარ და ცივ მასალაში, ქვაში ეძებოს სილამაზე. თვით სიცოცხლის არსში ისეთ რამეს ეძებდა ქართველი, რომელიც ანიჭებდა სიამოვნებას. ხასიათისა და თვისების გამო ქვასთან ჭიდილს ერჩივნა მტერთან შებმა“.

გია ბუღაძე
გია ბუღაძე

თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ქანდაკებაში საქართველოს ჩამორჩენილობის მიზეზი იყო მართლმადიდებლური ტრადიცია, რომელიც კრძალავდა მრგვალი, სივრცობრივი ქანდაკების შექმნას.

„დაუშვებელი იყო, რადგანაც კერპად განიხილებოდა. ბუნებრივია, მხოლოდ ორი განზომილება უნდა ყოფილიყო. მრგვალი ქანდაკების ტრადიცია ჩვენთან არ არსებობდა. ცნობილია, რომ შემოვიდა რუსეთიდან. ვორონცოვის ძეგლი სწორედ ამის გამოხატულება იყო, რასაც მოჰყვა ჩვენი საკუთარი სკოლის ჩამოყალიბება. ერთი გზა იყო სწორედ ეს რუსული გზა. იყო მატვეევის სკოლა, რომლის არაჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო ნიკოლოზ კანდელაკი, ხოლო მეორე გზა იყო ფრანგული გზა, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდენის სკოლა, რომლის წარმომადგენელი იყო იაკობ ნიკოლაძე“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ბუღაძემ, რომლის თქმით, კომუნისტებამდე საქართველოში ძეგლები იდგმებოდა დამსახურებისთვის და პატივისცემის ნიშნად, თუმცა ყველაფერი შეიცვალა გასაბჭოების შემდეგ, როცა კომუნისტებმა ქანდაკებას იდეოლოგიური დატვირთვა მისცეს. თვალსაჩინო ნიმუშად გამოდგება ლენინის ბიუსტი დღევანდელ თავისუფლების მოედანზე და ივან შადრის ლენინისვე ძეგლის, ერთგვარი კერპის, აღმართვა ზაჰესთან. გია ბუღაძის თქმით, საეტაპო გამოდგა 1942 წელი, როცა თბილისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა:

გაივსო ქალაქი ნაგვით! ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თბილისში დგას ცუდი, ძალიან ცუდი და კოშმარული ძეგლები!..
გოგი ხოშტარია

„ამ ძეგლში სოციალიზმიც ხაზგასმული იყო, მაგრამ დამატებული ჰქონდა ერთი ფაქტორი - ეროვნული, ნაციონალური. მოგეხსენებათ, სოციალიზმის იდეოლოგია გულისხმობდა შინაარსით სოციალისტურს და ფორმით ნაციონალურს. ასე ჩამოაყალიბა მაქსიმ გორკიმ 1932 წელს თავის სოცრეალიზმის მანიფესტში ეს თეორია. იყო ნატურალისტური ტიპის ქანდაკებების ბუმი, თუ შეიძლება ასე ითქვას“.

ასეთი ვითარება გაგრძელდა ე.წ. „ოტწეპელამდე“, როცა თბილისში დაიდგა ელგუჯა ამაშუკელის „ქართვლის დედა“ და ვახტანგ გორგასალი, მერაბ ბერძენიშვილის დავით გურამიშვილი, რომლებსაც მოჰყვა დეკორატიული ტიპის ისეთი ქანდაკებები, როგორიცაა, მაგალითად, „მუზა“ ფილარმონიის წინ. კიდევ რამდენიმე წელი და საბჭოთა ოდეოლოგიამ ამოწურა თავი. თითქოს დასრულდა ტოტალიტარული ტიპის მონუმენტალიზმი. წინ წამოვიდა პლასტიკური აზროვნების ელემენტები, რომელიც შემოიფარგლება დიზაინით, თამაშის ელემენტებით და ირონიული ეფექტით, მაგრამ, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, თბილისში კვლავაც იდგმება იდეოლოგიით დატვირთული ძეგლები.

ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე

„ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ დონეს, როგორიც არის დასავლეთში, როცა ძეგლს დამოუკიდებელი ესთეტიკური ფუნქცია აქვს და არა, ვთქვათ, პროპაგანდისა და ვიღაცის განდიდების ფუნქცია. ჩვენ ყველა ვხედავთ თავისუფლების მოედანზე დადგმულ წმინდა გიორგის ძეგლს თუ სვეტს, რომლის დადგმა ცხადი ნიშანი იყო იმისა, რომ ძეგლისადმი ესთეტიკურ დამოკიდებულებაში დიდად არაფერი არ შეცვლილა და რომ ძალიან ძველმოდური დამოკიდებულება არის ჩვენთან ძეგლების მიმართ. რასაკვირველია, ასევე სახეზეა რაღაც მცირედი მცდელობები პატარ-პატარა ფიგურების დადგმისა, მაგრამ თუკი საერთო სურათზე ვისაუბრებთ, ეს არის კვლავ რაღაც გმირების და ამა თუ იმ ადამიანის თვალში მნიშვნელოვანი ფიგურების ძეგლების, ბიუსტებისა და თავების დადგმა იგივე საბჭოთა ესთეტიკით გაკეთებული, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით საბჭოთა გამოცდილებიდან“, უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თავისუფლების მოედანზე დადგმულ მონუმენტსა და მისი სტილის სხვა ქმნილებებს უწოდებს ბიჟუტერიას, რომლებიც აფუჭებენ სივრცეებს:

„გაივსო ქალაქი ნაგვით! ერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თბილისში დგას ცუდი, ძალიან ცუდი და კოშმარული ძეგლები!“

პუშკინის ბიუსტი
პუშკინის ბიუსტი

ხელოვნების ისტორიიდან ცნობილია, რომ პირველი მრგვალი ქანდაკებები ეგვიპტეში ძველი წელთაღრიცხვის 2 500 წლით თარიღდება. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ მეფის უკვდავებისთვის აუცილებელი იყო როგორც სხეულის დაუზიანებლად შენახვა, ასევე სახის დაცვაც. სხეულისათვის ბალზამირებას იყენებდნენ, სახეს კი მდგრადი გრანიტისგან კვეთდნენ. მოქანდაკის აღმნიშვნელი ერთი ეგვიპტური სიტყვა შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ის, ვინც სიცოცხლეს უნარჩუნებს“. გოგი ხოშტარიას თქმით, ძეგლი დიდი ხნით იდგმება, ამიტომ აჩქარებით საქმე მხოლოდ გაფუჭდება:

„საფრანგეთში, მაგალითად, არის ძეგლებზე გამოცხადებული კონკურსები, რომლის გამარჯვებულსაც ათი და ოცი წელი ელოდებიან, რათა საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ. ქანდაკებას ხომ არ დგამ ათი, ოცი ან ასი წლით? ის ძალიან დიდი ხნით უნდა იდგეს, თუ სამუდამოდ არა. ამიტომ საჭიროა ხარისხისთვის მეტი ყურადღების მიქცევა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG