რუსეთი საქართველოს ღვინის ექსპორტში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მეორე ადგილზე უკვე ახალი - ჩინური - ბაზარია, სადაც ბოლო წლის მანძილზე მუდმივად იზრდება ღვინის ექსპორტი და არსებობს მოლოდინი, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ამ მონაცემს კიდევ უფრო გაზრდის. ასეთია სტატისტიკა, რომელიც ამ დღეებში საქართველოს ღვინის სააგენტომ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 32, 4 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 35 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში 74,6 მილიონამდე დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებულია, რაც 12 %-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერი რუსეთია (17 მილიონი ბოთლი), ხუთეულში ასევე არიან ჩინეთი (3,8 მილიონი ბოთლი), უკრაინა (3,4 მილიონი ბოთლი), ყაზახეთი (2,5 მილიონი ბოთლი) და პოლონეთი (1,6 მილიონი ბოთლი).
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 154 % (3,8 მილიონი), უკრაინა - 61 % (3,4 მილიონი), დიდი ბრიტანეთი - 60 % (67 522), ბელორუსი - 51 % (789 876), პოლონეთი - 47 % (1, 6 მილიონი), ესტონეთი - 43 % (485 688), ყირგიზეთი - 39 % (163 966 ), რუსეთი - 36 % (17 მილინი), გერმანია - 18 % (223 862), იაპონია - 20 % (134 808), აშშ - 5% (191 086), ლატვია 1 % (841 098) და სხვა. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მილიონზე მეტი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15 %-ს აღწევს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მილიონ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მილიონი დოლარი იყო - ზრდამ კი 26,5 % შეადგინა.
ცხადია, ზრდადი ექსპორტის პირობებში, წესით, ყურძენზეც უნდა იზრდებოდეს მოთხოვნა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ეს სფერო საქართველოში სუბსიდირდება და, წინასწარი ეკონომიკური პროგნოზებით, კიდევ არა ერთი წელი იქნება დამოკიდებული სუბსიდიებზე.
5 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 110 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 63,5 ათასი ტონა - რქაწითელი, 40,4 ათასი ტონა - საფერავი, 2,9 ათასი ტონა - კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. სულ ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 17 ათასზე მეტმა მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 95,6 მლნ ლარი მიიღეს.
5 ოქტომბრის მონაცემებით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 30 ღვინის კომპანია, მათ შორის, 3 - სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
საქართველოში სუბსიდირების შემდეგი სქემა მუშაობს: ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, 1 კგ-ზე, - 0,45 ლარი; საფერავზე, 1 კგ-ზე, - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე, 1 კგ-ზე, - 2 ლარი.