საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის აზრით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონო არ ყოფილა. ლე პენმა, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერია, 3 იანვარს საფრანგეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში მხარდაჭერა დაუდასტურა კრემლს. მარინ ლე პენი, მისივე თქმით, არ იზიარებს შეფასებას, რომ ყირიმის ანექსია უკანონობა იყო: ჩატარდა რეფერენდუმი და ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან კვლავ მიერთება აირჩიაო, თქვა მან. რუსეთის ჯარები 2014 წლის თებერვალში შეიჭრნენ ყირიმში, ხოლო მარტში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეთა 95%-ზე მეტი მიემხრო რუსეთთან ნახევარკუნძულის მიერთებას. აშშ და ევროკავშირი რეფერენდუმს „ფარსად“ მიიჩნევენ, ხოლო ყირიმის ანექსიას - უკანონობად. საფრანგეთში წელს 17 აპრილს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. მარინ ლე პენის პოლიტიკურ მიზნებს შორის არის რუსეთთან საფრანგეთის ურთიერთობის გაუმჯობესება.
ყველაზე პოპულარული
1