ნობელის პრემიის ლაურეატი ირანიდან, შირინ ებადი ითხოვს, ირანის სასამართლოს ხელმძღვანელმა სადეღ ლარიჯანიმ დატოვოს თანამდებობა. ებადის თქმით, ლარიჯანი პასუხისმგებელია ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებული „უსამართლობის, კორუფციისა და დაუცველობის“ გამო. შირინ ებადი, რომელიც არის ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, მოუწოდებს ადგილობრივ უფლებადამცველ აქტივისტებს, რომ „უთხრან არა“სასამრთლოს ხელმძღვანელს და მოითხოვონ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ 5 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, სასამართლო ლარიჯანის ხელმძღვანელობის დროს, მიმართავდა „სამართლებრივ დარღვევებს“ და ამას ამართლებდა „რელიგიური ან ეროვნული უსაფრთხოების“ სახელით. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში შირინ ებადი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნების ნაცვლად, ირანის სასამართლო გადაიქცა დაზვერვის სამინისტროს ერთ-ერთ დაქვემდებარებულ უწყებად: „სამოქალაქო და სოციალური სფეროს აქტივისტებს, მკვლევრებს, მოაზროვნეებს, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ განწყობილი, დამნაშავეებად ცნობენ და ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან, აწამებენ და მათზე ძალადობენ. მაშინ, როდესაც ბოროტმოქმედები, სერიული მკვლელები და თაღლითობაში გარეული პირები ნებივრობენ კორუფციული სასამართლო სისტემის ჩრდილქვეშ“ - განაცხადა ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შირინ ებადიმ.
შირინ ებადი ითხოვს, ირანის სასამართლოს ხელმძღვანელმა სადეღ ლარიჯანიმ დატოვოს თანამდებობა
ყველაზე პოპულარული
1